სომხეთის ამბიციები დააკავშიროს ირანი ევრაზიის კავშირთან - შესაძლებელია თუ არა? დეტალები
სომხეთს შეუძლია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ირანს შორის ელექროენერგეტიკულ კორიდორად იქცეს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ „ევრაზიის კონტინენტის ტრანზიტული პოტენიციალის“ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ გარკვეული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების დაჩქარებით გახდება შესაძლებელი. საუბარია, პირველ რიგში, ელექროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე, რომელიც ირანს, სომხეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გადაიჭიმოს.
პრემიერის ამბიციური განცხადება 30 სექტემბერს ერევანში გამართულ „ევრაზიის კონტინენტის ტრანზიტული პოტენიციალის“ საერთაშორისო ფორუმზე გაისმა.მასში რუსეთის ლიდერობით მოქმედი ამ ეკონომიკური კავშირის წევრი-ქვეყნების ვიცე-პრემიერები მონაწილეობდნენ. ფორუმი კავშირის მთელ სივრცეში სავაჭრო სქემებისა და ტრანსპორტირების მექანიზმების გამყარებისკენ იყო მიმართული.
ის წინ უსწრებდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უზენაეს სხდომას, რომელიც 1 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ თავად სახელმწიფოების მეთაურები, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
როგორ შეიძლება სომხეთმა ირანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან დააკავშიროს
ფორუმზე თავისი გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, გამოიყენოს თავისი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა და ევრაზიის ეკონომიკური კვშირის ახალ ბაზრებთან წვდომა უზრუნველყოს.
ამისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ამ ეკონომიკური სტრუქტურის შიგნით საქონელბრუნვის ზრდას უზრუნველყოფს და შიდა ბაზრებზე საქონლის ექსპორტს გაზრდის.
„ისტორიულად ევრაზიის კონტინენტი სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული პროცესების მოზაიკას წარმოადგენს, სადაც არცთუ უმნიშვნელო როლს ასრულებდა სომხეთი, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე, აბრეშუმის დიდ გზაზე მდებარეობს“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
ფაშინიანის აზრით, სომხეთი, შესაძლოა, იქცეს რეგიონის ელექტროენერგეტიკულ კვანძად, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საერთო ბაზარსა და ირანის ენერგოსისტემას გააერთიანებს. ამას, შესაძლოა, ხელი შეუწყოს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შეთანხმებამ, რომელსაც ირანმა და კავშირის ქვეყნებმა უკვე ხელი მოაწერეს და რატიფიცირება მოახდინეს:
„ირანთან, ვიეტნამთან, ჩინეთთან, სინგაპურთან [ამ ქვეყნებთან ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა ან ხელი უკვე მოაწერა, ანდა უახლოეს ხანში მოაწერს ხელს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებას], ასევე სერბეთთან, ეგვიპტესთან და ინდოეთთან შესაბამისი შეთანხმებების მოსალოდნელი ხელმოწერა არამხოლოდ გაამყარებს კავშირის ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ ევრაზიის კონტინენტის ინტეგრაციასაც გააძლიერებს.
რას ფიქრობენ ექსპერტები
სომხეთს შეუძლია ირანსა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის დანარჩენ წევრებს შორის ელექროენერგეტიკულ კორიდორად იქცეს, თუმცა ამისთვის აუცილებელია არსებული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების დაჩქარება. ამის შესახებ JAMnews-სთან ინტერვიუში ენერგეტიკული უსაფრთხოების სპეციალისტმა ვაგე დავიტიანმა განაცხადა. ექსპერტი აღნიშნავს, რომ საუბარია, პირველ რიგში, უკვე მესამე ელექროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე, რომელიც ირანსა და სომხეთს შორის უნდა გადაიჭიმოს,შემდეგ კი საქართველოსა და რუსეთს დაუკავშირდეს:
„ირანსა და სომხეთს შორის ელექროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ზამთარში უნდა დასრულებულიყო. შემდეგ მხარეებმა 2020 წლის სექტემბრის თაობაზე განაცხადეს. დღეს, როგორც ვხვდებით, სამუშაოების დასრულება კიდევ ერთი წლით გადაიდება. რატომ არის ეს სარისკო? საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანი, საკუთარი ენერგეტიკული სტრუქტურების საშუალებით, ირანისა და რუსეთის ელექტროენერგეტიკული სისტემების სინქრონიზაციის მხრივ საკმაოდ ინტენსიურ სამუშაოებს ეწევა. ეს სინქრონიზაცია იმისკენ არის მიმართული, რომ შეიქმნას „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ენერგეტიკული კორიდორი, რომელიც სომხეთის ალტერნატივა იქნება“.
ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ სომხეთს მოცემულ მომენტში არ გააჩნია გაზის ტრანსპორტირების სისტემის სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, რაც ირანსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს შორის გაზის პირდაპირი ტრანსპორტირების კომუნიკაციებს უზრუნველყოფდა:
„აქ აუცილებელია, ვილაპარაკოთ ჩანაცვლების მოდელებზე, რომლებიც დღის წესრიგში პერიოდულად ჩნდება, თუმცა გამოყენებით ასახვას არ ჰპოვებს“.
ვინ ჩადის უზენაესი საბჭოს სხდომაზე
სხდომაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებები გამართა სინგაპურის პრეზიდენტმა ლი სიანლუნმა. სინგაპურსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას სწორედ ერევანში მოეწერება ხელი.
სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის მეთაურები. იგეგმება ასევე იმ ქვეყნების ლიდერების დასწრება, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის წევრები არ არიან – ტაჯიკეთის, მოლდოვისა და ირანის.
ღონისძიების წინ ყველაზე მეტად სამსჯელო თემა მასში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მონაწილეობა იყო. მანამდე სომხეთის მედია წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი სომხეთში არ ჩავიდოდა. თუმცა, სხდომამდე ერთი კვირით ადრე რუსულმა მხარემ მისი მონაწილეობა მაინც დაადასტურა. ეს სომხეთში პუტინის – უკვე მეშვიდე, „ხავედროვანი რევოლუციის“ შემდეგ კი – პირველი ვიზიტია.