გენოციდის ხსენების აკრძალვიდან, მემორიალის აგებამდე - რა გზა გაიარა სომხეთმა ოსმალეთის იმპერიაში
ყოველ წელს, 24 აპრილს მთელ სომხეთს გლოვა მოიცავს ხოლმე. ამ დღეს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით ათასი სომეხი ჩადის და სამგლოვიარო ღონისძიებებში მთლიანობაში, როგორც წესი, რამდენიმე მილიონი ადამიანი მონაწილეობს. მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო.
24 აპრილი სომხეთში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ოფიციალური დღეა. სომხების გენოციდი – 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი მასობრივი ჟლეტაა. მანამდე ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე დაახლოებით ორმილიონ ნახევარი სომეხი ცხოვრობდა.
მკვლელობების და მასობრივი დეპორტაციის შედეგად მათი ნახევარზე მეტი დაიღუპა. სომხები, რამდენიმე დასავლური ქვეყანა და ორგანიზაცია იმ მოვლენებს ოფიციალურად გენოციდად აღიარებენ. თურქეთი ამგვარ ფორმულირებას კატეგორიულად არ იზიარებს.
საბჭოთა კავშირში სომხების გენოციდზე საუბარი იკრძალებოდა
მეტიც, ეს იყო ტაბუ, რომლის დარღვევაც საკუთრივ გენოციდის ფარდ სასჯელს (დაპატიმრებას, დევნას, გადასახლებას ან დახვრეტას) ითვალისწინებდა.
მასობრივი რეპრესიები განხორციელდა სტალინის ეპოქაში, როდესაც ის სომხები, რომლებიც თურქეთში მოწყობილ დარბევებს გადაურჩნენ, დევნის განსაკუთრებულ ობიექტებად იქცნენ მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა სახელმწიფოებიდან ჩამოვიდნენ.
საბჭოთა სომხეთში გენოციდის ფაქტზე ჩურჩულით ლაპარაკობდნენ. ყველაფერი გადარჩენილების მოგონებებისა და ოჯახური ისტორიების გახსენებით შემოიფარგლებოდა. საჯარო სივრცესა და მედიაში ამ საკითხზე არ საუბრობდნენ – გენოციდის გახსენებაც კი იკრძალებოდა. თითქოს საერთოდ არასდროს მომხდარა.
საერთოდ, საბჭოთა ეპოქაში ყველა ეთნიკური საკითხი ფეთქებადსაშიში იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირმა უარი თქვა იმ ტერიტორიულ პრეტენზიებზე, რომელიც მას თურქეთთან ჰქონდა.
სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა 1965 წელს, როდესაც სომხების გენოციდის 50-ე წლისთავთან დაკავშირებით ერევანში მასობრივი აქციები გაიმართა. დემონსტრაციები სპონტანურად დაიწყო და წარმატებით დასრულდა (რაც საბჭოთა კავშირში ყოვლად წარმოუდგენელი იყო).
მოხდა საზოგადოების ერთ მუშტად შეკვრის კულტურის ფორმირება
1965 წლის 24 აპრილის დილას ლენინის მოედანზე (ამჟამად ამ ადგილს „რესპუბლიკის მოედანი“ ჰქვია) ათასობით ახალგაზრდა შეიკრიბა. ისინი მილიციის ბრძანებებს არ დაემორჩილნენ და ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. ისინი პანთეონამდე მივიდნენ, კომპოზიტორ კომიტასის (გენოციდის თვითმხილველის და სომხების მიერ პატივდებული მოღვაწის) მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მოედანზე დაბრუნდნენ. ამას გარდა, გაჩნდა პლაკატები წარწერებით „ჩვენი მიწები“, “დაგვიბრუნეთ ჩვენი მიწები“ და „ვაღიარებთ გენოციდს“.
იმავდროულად ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში ოფიციალური პარტიული სხდომა იმართებოდა. დემონსტრანტებმა ოპერის თეატრის შენობის გვერდით ჩაიარეს. სწორედ თეატრთან მოხდა შეტაკება აქციის მონაწილეებსა და მილიციას შორის.
ქვების სროლის შედეგად თეატრის ფანჯრების მინები ჩაიმსხვრა. რამდენიმე ადამიანმა (მათ შორის გაზეთ „საღამოს ერევნის“ რედაქტორმა, ჟურნალისტმა ვრუირ სარგსიანმა) სხეულის დაზიანებები მიიღო. აქციის დასარბევად წყალმფრქვევები გამოიყენეს. დემონსტრანტებს ცივი წყალი გადაასხეს. მაგრამ მანიფესტაცია მაინც არ შეწყდა. პარტიული მუშაკების სხდომა კი ჩაიშალა.
სომხეთის ხელმძღვანელობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. არსებობდა იმის საფრთხე, რომ საქმეში მოსკოვი ჩაერეოდა. ასეთ შემთხვევაში ქალაქში ჯარს შემოიყვანდნენ და ამბოხებას სისხლში ჩაახშობდნენ.
მოსკოვმა ათასობით მოქალაქის გასამართლება და საჩვენებელი სასამართლო პროცესების ორგანიზება მოითხოვა, მაგრამ სომხეთის ხელისუფლებამ ეს მოთხოვნები არ გაითვალისწინა.
ფაქიზი პოლიტიკური თამაშები
25 აპრილს მოსკოვიდან სპეციალური დელეგაცია ჩამოვიდა, მაგრამ იმ მომენტისთვის ერევანში სიმშვიდე სუფევდა. დელეგატებს ოპერის შენობის ფანჯრების მინებიც კი შეცვლილი დახვდათ. საბოლოოდ ფიქტიური სასჯელებით დაკმაყოფილდნენ. მაგალითად, პასუხისმგებელ პირებს საყვედური გამოუცხადეს იმის გამო, რომ სათანადოდ არ იყო უზრუნველყოფილი თეატრის უსაფრთხოება.
ჯერ კიდევ 1964 წელს სომხეთის ხელისუფლებამ (რომელსაც კომპარტიის პირველი თავმჯდომარე, იაკოვ ზარობიანი ხელმძღვანელობდა) მოსკოვს წერილობით მიმართა და კრემლს „სომხების მასობრივი რბევის 50-ე წლისთავთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება“ შესთავაზა. სომხურ მხარეს გენოციდის შესახებ დაწერილი წიგნებისა და სტატიების გამოქვეყნება, რადიოგადაცემებისა და ფილმების მომზადება და მემორიალური კომპლექსის გახსნა სურდა.
რამდენიმე წლის შემდეგ თითქმის ყველა ეს პუნქტი შესრულდა. გენოციდის მსხვერპლთათვის პატივის მიგების მტკიცე სურვილი ეროვნული აღორძინების ერთ-ერთ ეპიზოდად იქცა. იაკოვ ზარობიანი კი ისტორიაში შევიდა როგორც ადამიანი, რომელმაც ძირითადი დარტყმა საკუთარ თავზე აიღო და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჯარი არ გამოიყვანა.
მეტიც, ტერიტორიების დაბრუნების მოთხოვნები მან მოსკოვზე ზეწოლისა და დიპლომატიური მანევრებისთვის გამოიყენა.
შედეგად, სახალხო ამბოხება ერთგვარ სტიმულად იქცა მემორიალური კომპლექსის მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის
საბჭოთა იდეოლოგიის „აზრობრივი ღრიჭოები“
ერევანში, ციცერნაკარბერდის გორაკზე აგებულ მონუმენტს საინტერესო წინაისტორია აქვს. შეიძლება ითქვას, რომ იდეისა და ფორმის მიხედვით, ეს ძეგლი მოდერნისტული და რევოლუციურიც კია, თუმცა, ამის მიუხედავად, ის მაინც საბჭოთა იდეოლოგიას უკავშირდება.
რა თქმა უნდა, დღეს აღარავის ახსოვს, რომ ამ ძეგლს ასეთი იდეური საფუძველი აქვს. თუმცა, იმ პერიოდში ეს უბრალოდ აუცილებელი იყო. სომხეთის ხელისუფლებამ საბჭოთა იდეოლოგიის „აზრობრივი ღრიჭოების“ გამოყენება შეძლო.
მემორიალის გახსნის საზეიმო ცერემონიალი 1967 წლის 29 ნოემბერს, საბჭოთა რეჟიმის დამყარების 47-ე წლისთავზე გაიმართა.
ფუნქციონერებმა გადაწყვიტეს აქცენტი არა წარსულზე, არამედ მომავალზე გაეკეთებინათ და კომპლექსის სახელად „აღორძინება შეარჩიეს (ბუნებრივია, ამ აღორძინებას საბჭოთა კავშირს უკავშირებდნენ). მემორიალის შემადგენელ ნაწილებს (ხსოვნის დარბაზსა და აღორძინების ობელისკს) საერთო სახელი უწოდეს. მემორიალს „აღორძინება“ დაერქვა.
საერთოდ, კალენდრის დღეების დამთხვევა ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ ამ გზით მოვლენას დამატებითი მნიშვნელობა ენიჭება და ხშირად უკვე არსებული ოფიციალური დღესასწაული ახალ „ჟღერადობას“ იღებს. ორი ისტორიული მოვლენა, სომხეთის ორი სიმბოლო ერთმანეთს დაუკავშირდა. რომ ოდესღაც ტანჯული, დამარცხებული, გენოციდგამოვლილი ხალხი ამჟამად დაცული, აყვავებული და ბედნიერია. გადარჩენილი
მარტივი ფორმის, მაღლა მიმართულ მონუმენტზე მარადიული ცეცხლი ანთია. ეს ძეგლი სომხეთის უმნიშვნელოვანეს სიწმინდედ იქცა.
„დათბობის“ ქვეტექსტი
ციცერნაკაბერდის მემორიალური კომპლექსი რეალობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ ძეგლმა საკავშირო მნიშვნელობა შეიძინა და პრესაში შუქდებოდა. სწორედ პრესის საშუალებით ჩანს, თუ რა ორიგინალურად ცდილობდნენ ეროვნული საკითხის ინტერნაციონალურ კონტექსტში ჩასმას.
საბჭოთა სომხეთის გაზეთების მაღალფარდოვან და პათეტიკურ სტატიებში წერდნენ, რომ „დაუმარხავი წამებულების უკვდავსაყოფად მარად ცოცხალი ძეგლი“ შეიქმნა და ჩვენი ქვეყანა „მოძმე ხალხების მეგობრულ ოჯახში“ ყვაოდა.
რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი „დათბობის“ ეპოქაში ხდებოდა, მაგრამ მაინც მოქმედი ბრძენი ხელისუფლებისა და პროლეტარების ბრძოლის ქება-დიდება და… მრავალი მოვლენისა და გარემოების – მაგალითად, აბსტრაქტული ბოროტების – ძაგება იყო საჭირო.
გაზეთი „საბჭოთა სომხეთი“ წერდა: «ყველა, ვინც ამ ძეგლს ხედავს, უკიდურეს სიძულვილს გრძნობს ბოროტების, ომისა და გენოციდის მიმართ და უსაზღვრო მადლიერებით ივსება იმ წყობილებისა და პარტიის მიმართ, რომელმაც ჩვენი ერი კატასტროფისგან იხსნა».
იმავე გაზეთმა თავის სტატიებში საერთაშორისო აქცენტებიც არ დაივიწყა: «ეს ძეგლი წარსული და თანამედროვე იმპერიალისტური პოლიტიკის მიმართ პროტესტის ერთგვარი სიმბოლოა და გენოციდის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგაა მიმართული».
ასეთი მოდერნისტული, მრავალშრიანი და მრავალმნიშვნელოვანი ქვეტექსტების მქონე გზავნილებით გაიხსნა სომხების გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი.
დუმილი დაირღვა და გენოციდის თემა დღის წესრიგის ნაწილად იქცა. დაიწყო ამ საკითხის სამეცნიერო კვლევა და წიგნებისა და დოკუმენტების ბეჭდვა. გენოციდის მსხვერპლთა მემორიალური კომპლექსი მუზეუმ-ინსტიტუტად იქცა, სადაც სხვადასხვა ქვეყნების საარქივო მასალებს სწავლობენ.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო