უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, სომეხი ძიუდოისტები ბაქოში არ ჩავიდნენ
ინფორმაცია ბაქოდან
სომხეთის ნაკრებმა მაინც გადაწყვიტა, რომ ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატზე არ ჩასულიყო. მხარეები სომეხი სპორტსმენების უსაფრთხოების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულმა დიდი ხნის წინანდელმა კონფლიქტმა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთერთობა შეუძლებელი გახადა. ორი ქვეყნის საზოგადოება უმეტესწილად ასევე მტრულად არის ერთმანეთის მიმართ განწყობილი.
აზერბაიჯანში სომხების თითოეული ჩასვლა, იქნებიან ეს სპორტსმენები, კულტურის მოღვაწეები ან კიდევ სხვები, ბევრის მხრიდან მტრულად აღიქმება. ძიუდოისტების შემთხვევაში, საკითხი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორისაც კი არ წყდებოდა, არამედ – აზერბაიჯანსა და ძიუდოს ევროპულ ფედერაციას შორის. კერძოდ, საუბარი იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელის არმენ ნაზარიანისა და ყველაზე ძლიერი ძიუდოისტის, ფერდინანდ კარაპეტიანის უსაფრთხოებაზე.
„ეს სომხური მხარის მორიგი სიცრუეა. აზერბაიჯანი ყოველთვის სახელმწიფოებრივ დონეზე წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტიებს. ასე იყო როგორც პირველი ევროპული თამაშების დროს, ისე სხვა საერთაშორისო სტარტებზე. მეტიც, ჩვენ მინისტრის ოფიციალური წერილი წარვადგინეთ, სადაც ასევე დასტურდება, რომ აზერბაიჯანი სახელმწიფოებრივ დონეზე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ყველა მონაწილისთვის“, – უთხრეს სააგენტო 1news.az-ს აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაციაში.
ინფორმაცია ერევნიდან
ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის არმენ ნაზარიანის თქმით, აზერბაიჯანმა პირადი უსაფრთხოების გარანტია კვლავ არ წარმოადგინა:
„ირწმუნებოდნენ, რომ ჩვენთვის უსაფრთხოების ის გარანტიებიც საკმარისი იქნებოდა, რაც ყველა სპორტსმენისთვის არის უზრუნველყოფილი. და არ არსებობდა იმის აუცილებლობა, რომ ცალკე, პერსონალური ზომები მიეღოთ. რაც ეჭვებს იწვევდა. ამგვარად, აზერბაიჯანულმა მხარემ უსაფრთხოების გარანტიის არწარმოდგენით, ისარგებლა შემთხვევით, რომ ჩემპიონატში მონაწილეობის შანსი არ მიეცა ფერდინანდ კარაპეტიანისთვის, რომელიც მედლის რეალური პრეტენდენტი იყო. 2018 წელს ის ევროპის ჩემპიონი გახდა, და ფინალში სწორედ აზერბაიჯანელი დაამარცხა“.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი არმენ ნაზარიანი და ფერდინანდ კარაპეტიანი, ვიდრე აზერბაიჯანსა და ძიუდოს ევროპულ ფედერაციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, საქართველოში იმყოფებოდნენ. ისინი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით სიახლეებს ელოდნენ, რათა ბაქოში გამგზავრებულიყვნენ. მაგრამ ახლა ისინი უკვე ერევანში ბრუნდებიან.
ჩემპიონატი 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში სპორტსმენების რეკორდული რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას – 133 ქვეყნის 831 ძიუდოისტი.