სირაქლემებს შველა სჭირდებათ
ტიგრანის სირაქლემებმა კარგად იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც მარჩენალს ხედავენ: წინათ პატრონს ცეკვით ეგებებოდნენ, ახლა კი უხმოდ ხვდებიან – თითქოს მის წუხილს იზიარებენ.
ბიზნესის დაწყება
“დანდალოში” [ითარგმნება, როგორც “დოყლაპია”], “გონჩი” [ “დიდთავა”], “კუირი” [“ბრმა”] და “პეტრავორი” [“ბუმბულიანი”] სომხეთში ირანიდან ჩავიდნენ. ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი მათ შორის “გონჩია” – აგრესიული და არაკომუნიკაბელური.
ჯრარატელმა ტიგრან ხაჩატრიანმა ეს სირაქლემები სომხეთში 7 წლის წინათ ჩამოიყვანა. სირაქლემების მოშენების თეორია შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ შემოსავლიანი საქმეა.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ტიგრანმა (რომელიც პროფესიით ექიმია) სირაქლემების მოშენებასთან დაკავშირებული ყველა წვრილმანი და საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკა შეისწავლა, საზღვარგარეთ გადამზადების რამდენიმე კურსი გაიარა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოიყვანა სირაქლემები სომხეთში, და ინკუბატორი ააშენა.
24 სირაქლემიდან მშვიდობით მხოლოდ 19-მა ჩამოაღწია. 5-მა ფრინველმა მგზავრობას ვერ გაუძლო. ტიგრანის თქმით, გადაადგილების თანმდევი სიკვდილიანობის ასეთი მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.
ამბობს, რომ სირაქლემები ჭირვეულები არ არინ, არც დიდ ხარჯს საჭიროებენ და დაავადებების მიმართაც მდგრადობა ახასიათებთ.
იმ სირაქლემებს, რომლებიც 120-160 კილოგრამს იწონიან, ყოველდღიურად 2-3 კილოგრამი საკვები და 4-5-წუთიანი მოვლა ესაჭიროებათ. ზამთარს სირაქლემები ქუჩაში ატარებენ. განსაკუთრებული განათება და გათბობა არ სჭირდებათ. ხორბალს, სიმინდსა და წვრილად დაჭრილ ბალახს ჭამენ.
თავდაპირველი წარმატებები
ტიგრანს მკაფიო ბიზნეს-გეგმა ჰქონდა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, საკუთარ საქმეს აფართოებდა, მეორე მხრივ კი სტაბილურ შემოსავალს იღებდა. საჭირო იყო შენობებისა თუ სათავსოების აგება და კვებითი ბაზის შექმნა. ამ ყველაფერს კი ინვესტიციები ესაჭიროებოდა.
ტიგრანმა თავისი პროგრამა ბანკებს გააცნო, რომლებიც სირაქლემის მოშენების საქმეს უნდობლად მოეკიდნენ. ერტადერთი საშუალება რჩებოდა – უძრავი ქონებისა და ძვირფასეულობის დაბანდება.
სირაქლემები სომხეთის კლიმატს ეჩვეოდნენ, მათი ზრდა ისე მიმდინარეობდა, როგორც ნავარაუდევი იყო, 3-4 წლის შემდეგ კი სქესობრივადაც მომწიფდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხარჯის პერიოდი დასრულდა და შემოსავლის მიღების დრო დადგა.
ტიგრანი აპირებდა, ინკუბატორში გამოყვანილი სირაქლემას ბარტყები გაეყიდა, რომლებზეც სომხეთში დიდი მოთხოვნა იყო. წლიდან წლამდე მისი საქმიანობა სულ უფრო წარმატებული ხდებოდა. 2013 წელს მან 70 ბარტყი მიიღო, 2014 წელს – 220, 2015 წელს კი – 330.
ბიზნესი კარგად განვითარდებოდა, სირაქლემებს კვლავაც საჭირო ხარისხისა და საკმარისი რაოდენობის საკვები რომ მიეღოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი თვითაწარმოებისათვის. უჭმელი სირაქლემების კვერცხიდან ბარტყი არ იჩეკება. სწორედ ამის გამო, 2016 წელს ტიგრანის მეურნეობაში 6 თვის განმავლობაში 200 კვერცხიდან მხოლოდ 10 ბარტყი გამოიჩეკა.
რატომ აკლიათ სირაქლემებს საკვები
ტიგრანმა თავის ბიზნეს-გეგმაში ასეთი რისკები და მათი გადალახვის გზებიც დასახა. თუმცა, ის ვერ იწინასწარმეტყველა, რომ მავანი ოლიგარქი ირანიდან ქალაქ კაპანში სირაქლემას 3000 ბარტყს ჩამოიყვანდა და, ამ ბიზნესის განვითარებისათვის სათანადო სპეციალისტების არარსებობის გამო, სამ წელიწადში არამხოლოდ საკუთარ მეურნეობას გაანადგურებდა, არამედ მთელ ამ სფეროს დააზიანებდა.
სირაქლემას ხორცი, კვერცხი და ბარტყებიც გაუფასურდა, რადგან, ტიგრანის თქმით, ოლიგარქმა “დაბალი ხარისხის” ფრინველი შემოიყვანა; შემდეგ კი, დიდი ზარალისაგან თავის დაზღვევის მიზნით, ხორცისა და კვერცხის ძალიან დაბალი ფასი დაადო.
ტიგრანის მონაცემებით, ბაზარზე ერთდროულად 600 ტონა სირაქლემას ხორცი გაჩნდა, რაც მოთხოვნას რამდენჯერმე აჭარბებდა. შესაბამისად, 1 კილოგრამი ხორცის ფასი სამჯერ შემცირდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში მსყიდველუნარიანობის შემცირებამ, სხვა ზემოაღნიშნულ ფაქტორებთან ერთად, ტიგრანის ბიზნესი ჩიხში შეიყვანა.
ერთი მხრივ, კრედიტების მაღალი პროცენტები უნდა ეხადა, მეორე მხრივ კი, სულ ცოტა, 36 წყვილი – დედალ-მამალი გამრავლებისუნარიანი სირაქლემა უნდა შეენარჩუნებინა. მიღებული უმნიშვნელო შემოსავალი ბანკის ვადაგადაცილებული სესხებს როგორღაც ფარავს, მაგრამ საკვების ნაკლებობით არამხოლოდ დიდი სირაქლემები, არამედ ახლად გამოჩეკილი ბარტყებიც კი იხოცებიან. ტიგრანის ბიზნესი დიდ ზარალშია.
მხოლოდ პრობლემები
დაუპურებელი სირაქლემების ბარტყებს დამოუკიდებლად თავის გადარჩენა არ შეუძლიათ და ამიტომ, ტიგრანი იძულებულია, ახლად გამოჩეკილი სირაქლემები ასეთი შემთხვევებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კამერაში მოათავსოს. და მაინც ყველა მათგანის გადარჩენა არ ხერხდება. წელს ორი ინკუბატორი თითქმის ცარიელია.
აღმოჩნდა, რომ ბარტყები სირაქლემას ყველა კვერცხიდან არ იჩეკებიან. ახლახან ტიგრანმა ინკუბატორიდან გამოუსადეგარი კვერცხებით სავსე სამი ყუთი გაიტანა. მთლიანი მეურნეობა რომ გადაერჩინა, მას სირაქლემებისთვის საკვების კრიტიკულ მინიმუმამდე შემცირება მოუხდა. გამოფიტულ ფრინველებს ზოგჯერ ფეხზე დგომაც კი უჭირთ. ტიგრანს ძალიან უჭირს წლების მანძილზე შექმნილი თავისი მეურნეობის ასეთ გასაჭირში ნახვა.
მისი თქმით, სირაქლემები იმ იშვიათ ცხოველთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებსაც მართლაც დიდი შემოსავლის მოტანა შეუძლიათ, რადგან სირაქლემას ხორცისა და კვერცხის გარდა, მისი ფრთების, ტყავისა და ბრჭყალების გამოყენებაც შეიძლება. სხვათა შორის, სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭისგანაც კი სამკაულები და სხვადასხვა აქსესუარები მზადდება. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ სომხეთში სირაქლემას “ნედლეულის” დამუშავება და გამოყენება მიღებული არ არის.
ტიგრანი ირწმუნება, რომ სირაქლემას ტყავი არაფრით ჩამოუვარდება ნიანგისა და გველის ტყავს. თუმცა, სომხეთში მას ჯერ კიდევ არ იყენებენ. ექსპორტისთვის კი – როგორც ხორცის, ისე ტყავის შემთხვევაში – აუცილებელია ნებართვა, რომელსაც ტიგრანი ვერ იღებს. მისი თქმით, შეიძლებოდა ნედლეულის რუსეთში გატანა, მაგრამ რუსეთის ფედერაციამ თავის ტერიტორიაზე დაუმუშავებელი ხორცის შეტანა აკრძალა.
როგორ გადავარჩინოთ სირაქლემები
ტიგრანის გათვლებით, თუკი კრედიტორი ბანკები კრედიტის მომსახურებას ერთი წლით გაყინავენ, იგი შემოსავლებს ხარისხიანი საკვების შესაძენად გამოიყენებს. შესაბამისად, ნორმალურად ნაკვებ სირაქლემებს თვითაღწარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ ექნებათ.
მისი თქმით, ბაზარზე ბარტყებზე მოთხოვნა გაზრდილია და, წლიური შემოსავლის წყალობით, ბიზნესის რეანიმაცია და კრედიტების გადახდა გახდება შესაძლებელი.
ერთი თვის ბარტყი 35-40 ათასი დრამი ღირს (დაახლოებით 70-85 დოლარი), ერთი კვერცხი – ხუთი ათასი დრამი (10 დოლარზე ოდნავ მეტი) ერთი წლის კარგად ნაკვებ სირაქლემას 50-60 კგ ხორცის მოცემა შეუძლია. ამჟამად ტიგრანის ერთი წლის ასაკის სირაქლემები 20 კილოგრამზე მეტს არ იწონიან.
გამოქვეყნდა 13.07.2016