საქართველოში 27 ათასზე მეტ მსესხებელს სესხი გაუძვირდება
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 25 პუნქტით 7 პროცენტამდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 27 ათასზე მეტ მოქალაქეს სესხი გაუძვირდა. მათ შორის მათაც, ვინც ლარიზაციის პროცესით ისარგებლა.
მონეტარული პოლიტიკის ახალი განაკვეთი ძალაში 2017 წლის 4 მაისიდან შედის. შესაბამისად, ყველას, ვისი სესხიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, პროცენტი გაუძვირდება.
ეროვნულ ბანკში გადაწყვეტილებას 2017 წლის განმავლობაში ინფლაციის მოსალოდნელი ზრდით ხსნიან და ვარაუდობენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით ზრდა ინფლაციას დაარეგულირებს.
“საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, 2017 წლის აპრილის მონაცემებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 27 ათას 356 სესხია გაცემული, რომლის მთლიანი მოცულობა 1 მილიარდ 112 მილიონი ლარია. სესხი ამ მსესხებლებს 25 საბაზისო პუნქტით გაუძვირდებათ.
2017 წლიდან, ლარიზაციის პროცესის ფარგლებში, 100 ათას ლარამდე ღირებულების სესხის აღება მხოლოდ ლარში შეიძლება. ბოლო თვეებში კი ლარში აღებული სესხების და, შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების მაჩვენებელი გაზრდილია.
“საზოგადოება და ბანკების” მონაცემებით, ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 1 აპრილისთვის 14.3 პროცენტია, იპოთეკური სესხებისთვის კი – 10.6 პროცენტი. ლარიზაციის პროცესამდე კი იპოთეკური სესხის აღება აშშ დოლარში 7-8 პროცენტში შეიძლებოდა.