საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. საქმე 15 იანვარს კიევში დაკავებულ ყოფილ ქართველ სამხედროს გია ცერცვაძეს ეხება, რომელიც რუსეთის მოთხოვნით უკრანეულმა სამართალდამცავებმა დააკავეს.
ყოფილი სპეცრაზმელი ამჟამად უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მოხალისისი სტატუსით მონაწილეიობს.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საქმის მასალებს შორის, რომელიც რუსეთმა უკრაინაში გადააგზავნა, გია ცერცვაძის დეტალური პერსონალური მონაცემებია, რომელიც საქართველოს მთავრობის მონაცემთა ბაზების გარდა, სხვაგან არსად ინახებოდა.
გია ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება თითქოს 2003 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებს, მასზე კი საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა.
დაკავებული სამხედროს ოჯახი და მისი უკრაინელი ადვოკატი ამბობენ, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის მონაწილეებზე ნადირობის ახალი სეზონი გამოაცხადა და ამ პროცესში მისი მოკავშირეები ქართველი მაღალჩინოსნები არიან.
“ის მონაწილეობდა ბევრ სპეცოპერაციაში, ახლა მიმდინარეობს იმ ადამიანების დევნა რუსეთის მხრიდან, ვინც ჩართული იყო აგვისტოს ომში, რუსეთს მიზანი აქვს ისინი ჩამოიშოროს გზიდან, საქმის მასალებში არის დოკუმენტები, რომლებიც რუსეთს შესაძლოა, მიეღო მხოლოდ საქართველოსგან. იმის მიუხედავად, რომ საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეს, სამწუხაროდ, სასაზღვრო პოლიცია და შესაძლოა, სხვა სამართალდამცავი ორგანოები დღემდე თანამშრომლობენ რუსეთთან”, – განაცხადა გია ცერცვაძის ადვოკატმა ქსენია პროკონოვამ “პოსტსკრიპტუმთან” საუბრისას.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან მოსკოვის ხელში აღმოჩნდა ქართველი ჯარისკაცის ყველა პასპორტის მონაცემი, რაც კი მის სახელზე საქართველოში გაცემულა, ასევე სრული ინფორმაცია იმ ქვეყნების შესახებ, სადაც კი გია ცერცვაძეს საზღვარი გადაუკვეთავს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
სოციალურ ქსელში ქართველი ჯარისკაცის მხარდამჭერი კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ იგი რუსეთის მოთხოვნითაა დაკავებული და სასჯელს საპატიმროში იხდის.
დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უცხოელ დიპლოომატებს მიმართა თხოვნით, გამოიყენონ დიპლომატიური არხები, რათა ცერცვაძის რუსეთში ექსტრადირება არ დაუშვან.
ამ დროისთვის გია ცერცვაძე კიევის ციხეში სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.