CRRC-ის კვლევა: საქართველოს მთავარი მეგობარი ამერიკაა, მთავარი მტერი - რუსეთი
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული კვლევის “კავკასიის ბარომეტრი 2017” თანახმად, საქართველოს მთავარ მეგობრად გამოკითხულთა 25% ამერიკის შეერთებულ შტატებს ასახელებს , 7% – აზერბაიჯანს, 7% – უკრაინას, 6% – თურქეთს, 6% – რუსეთს. გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ არც ერთი ქვეყანა არ არის საქართველოს მეგობარი, 25%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
რაც შეეხება მთავარ მტერს, გამოკითხულთა 40% რუსეთს ასახელებს, 3%- თურქეთს, 6% – სხვას, 21% – არც ერთს, 30%-მა კი კითხვაზე პასუხი არ იცის.
CRRC-საქართველომ გამოკითხვა ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის გრანტის ფარგლებში ჩაატარა. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მასშტაბით. „კავკასიის ბარომეტრი“ რეგიონული პროექტია. გამოკითხვა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთნაირი მეთოდოლოგიით ტარდება. აღნიშნული გამოკითხვა საქართველოში 2008 წლიდან ყოველწლიურად და 2013 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და 2 379 რესპონდენტი გამოიკითხა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია.