სანქტ-პეტერბურგში მომხდარი ტერორის ერთ-ერთი მსხვერპლი ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალია
გუშინ სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას 21 წლის აზერბაიჯანელი სტუდენტი დილბარა სამანდაროვნა ალიევა ემსხვერპლა.
რუსული გამოცემა „ეხო მოსკვის“ მიერ გამოქვეყნებულ სიაში მისი სახელი თავიდან მითითებული იყო, როგორც – ალიევა ტამარა. ახალგაზრდა ქალი 3 აპრილს მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს ჯანელიძის სახელობის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში, სადაც ის 4-ში დილით გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
პეტერბურგის აზერბაიჯანული დიასპორის აქტივისტმა, ორჰან მეჯიდოვმა განაცხადა, რომ ახალგზრდა ქალს დღეს პეტერბურგში დაასაფლავებენ.
სანქტ-პეტერბურგში აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა სულთან ჰასიმოვმა ეს ინფორმაცია დაადასტურა. „ ალიევას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ამ დილით მივიღეთ. ამჟამად ჩვენი თანამშრომლები საავადმყოფოში იმყოფებიან“, – ციტირებს ჰასიმოვის სტყვებს სააგენტო АПА-ს რუსეთის ბიურო.
გენერალურმა კონსულმა დასძინა, რომ მეტროში დაჭრილ მოქალაქეებს შორის არის კიდევ ერთი აზერბაიჯანელი – ზაურ ველიევი. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოში იმყოფება.
- 3 აპრილს პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 45 დაშავებული საავდმყოფოებში იმყოფება.