„სამხრეთი ოსეთის ახალი სპიკერი - დანაშაულებრივი შეთქმულების ფაქტი და ხალხის უმოწყალოდ მოტყუება“
სამხრეთ ოსეთში ახალარჩეული პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვისა და მისი უმრავლესობის პარტიის, „ედინაია ოსეტიას“ ირგვლივ პოლიტიკური სკანდალი მწიფდება.
დაუფარავი სკანდალის მიზეზად იქცა რამდენიმე დღის წინათ პარლამენტის ახალი სპიკერის, პიოტრ გასიევის არჩევასთან დაკავშირებული მიუღებელი ვითარება, რის შესახებაც ღია ვიდეომიმართვაში განაცხადა პარტია „ედინაია ოსეტიას“ პოლიტიკური საბჭოს თვმჯდომარემ დმიტრი ტასოევმა.
სამხრეთი ოსეთის პარლამენტის ახალი სპიკერი 7 ივნისს აირჩიეს. უმრავლესობის პარტიის, „ედინაია ოსეტიას“ წევრ დეპუტატს მხარი საპარლამენტო უმრავლესობამაც დაუჭირა და უმცირესობამაც: 32 დეპუტატიდან მას 21-მა მისცა ხმა.
მას შემდეგ საზოგადოება აქტიურად მსჯელობს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ოფიციალურად გამოქვეყნებული გასიევის ბიოგრაფიიდან მისი წარსულის ორი გარემოება გაქრა – ადგილობრივ ОМОН-ში სამსახური, და სოროსის ფონდის სამხრეთოსურ ფილიალში მუშაობის პერიოდი. სამოქალაქო საზოგადოების ცნობილმა ადგილობრივმა აქტივისტებმა კი პიოტრ გასიევთან დაკავშირებული ერთდროულად რამდენიმე საკმაოდ არასასიამოვნო მოვლენა გაიხსენეს.
კერძოდ, „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტ ტიმურ ცხუბარტის განცხადებით, ეს არჩევანი იმას ნიშნავს, რომ „არავითარ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ. პიოტრ გასიევი – ეს არის ვითარებას აბსოლუტურად მორგებული ადამიანი, და მისგან კარგი არაფერია მოსალოდნელი“.
თავის ვიდეომიმართვაში პარტია „ედინაია ოსეტიას“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დმიტრი ტასოევმა სპიკერის არჩევას „ადამიანებისთვის მიფურთხება და დანაშაულებრივი შეთმულების ფაქტი” და “ხალხის უსინდისოდ და უმოწყალოდ მოტყუება“ უწოდა.
კერძოდ, ტასოევს ამგვარი ფაქტები მოჰყავს:
- ფრაქცია „ედინაია ოსეტიას“ სხდომა პარლამენტში კი არ მიმდინარეობდა, არამედ – პრეზიდენტის კაბინეტში;
- კანონით, ფრაქციის სხდომას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარე უნდა უძღვებოდნენ – მაგრამ ისინი სხდომაზე, უბრალოდ, არც კი მიიწვიეს;
- უხეშად დაირღვა ფრაქციის სხდომის გაფორმების სამართლებრივი პროცედურა. უნდა ეწარმოებინათ სტენოგრამა, ხოლო სხდომის შედეგები ოქმებით უნდა ყოფილიყო გაფორმებული. არაფერი მსგავსი არ მომხდარა.
ტასოევი ყველაზე საინტერესოდ მაინც სპიკერის თანამდებობაზე კანდიდატურის შერჩევას მიიჩნევს.
“(პიოტრ გასიევს) აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია სამხრეთი ოსეთისთვის. 2-წელიწადნახევრის განმავლობაში პარლამენტში მისი ყოფნა არც ერთხელ არ აღნიშნულა კანონშემოქმედებითი, ან ოდესმე რაიმე სხვა სფეროში საქმიანობით“.
ბოლოს დმიტრი ტასოევმა უმრავლესობის პარტიას რიგგარეშე ყრილობაზე შეკრებისკენ მოუწოდა „ადამიანების გარკვეული ჯგუფის საქმიანობის შესასწავლად“.
შემდეგ მან უკვე ოსურ ენაზე დასძინა: „თუ ოსეთი ასეთი ადამიანების ხელში ჩავარდა, კარგი არაფერი გველის“.