სალომე ზურაბიშვილი: მე და ჩემს შვილებს მოკვლით გვემუქრებიან
ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ შვილების მოკვლით ემუქრებიან.
მისი თქმით, მან და მისმა შვილებმა “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებული სამხედროებისგან მუქარები ტელეფონით მიიღეს.
• სალომე ზურაბიშვილი – ბიძინა ივანიშვილის პირველი სერიოზული “ჩავარდნა”
• ყველაზე მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე
„სხვადასხვა უხამსი სიტყვებით სამივეს მიმართულებით გაჟღერდა: „შუბლს გაგიხვრიტავ”, „თქვენს სისხლს დავლევ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ეს რეალური მუქარაა, რაც სამართალდამცავებმა რეაგირება უნდა მოახდინონ.
პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ მუქარის ავტორები უკვე იდენტიფიცირებულია – ისინი არიან სამხედრო პირები, რომლებსაც კავშირი აქვთ ოპოზიციურ “ნაციონალურ მოძრაობასთან”.
28 ოქტომბერს საქართველომ პრეზიდენტი პირველ ტურში ვერ აირჩია. მეორე ტური, სავარაუდოდ, 2 დეკემბრისთვის გაიმართება. ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის (38,4 პროცენტი) და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის გრიგოლ ვაშაძის ხმები (37,73 პროცენტი) თითქმის თანაბრად გაიყო.
„ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამიანები, ვინც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალის სახელით, იმ ძალის, რომელიც ქართული ვაჟკაცობის, ღირსების სიმბოლოა”, – აღნიშნა მან.
ზურაბიშვილის განცხადებით, ამ ქმედებებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობის და შუღლის გაღვივებისკენ. მისი თქმით, ამ ყველაფრის უკან დგანან “ნაციონალური მოძრაობის” შიდა თუ გარე ლიდერები, ტელეწამყვანები და მათი მხარდამჭერები. [გარე ლიდერებში ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, ექს-პრეიზდენტს მიხეილ სააკაშვილს გულისხმობს, რომელიც ამჟამად ჰოლანდიაში იმყოფება და დისტანციურად არის ჩართული საარჩევნო პროცესში_JAMnews]
საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, მან რეაგირებისთვის უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს, რათა დროულად იქნას აღკვეთილი ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ.