სად მიცურავს აფხაზური ქაფშია?
აფხაზური ქაფშია, თურქი ბიზნესმენები
აფხაზეთში, ქაფშიაზე თევზაობის სეზონია გახურებული, მაგრამ მოგებას თურქი ბიზნესმენები ითვლიან. ადგილობრივი მცხოვრებლები კი თევზის საწარმოებიდან წამოსულ უსიამოვნო სუნსა და საზღვაო რესურსების ძარცვაზე წუხან.
ვინ ნახულობს სარგებელს თევზის ბიზნესით აფხაზეთში (არა ადგილობრივი მცხოვრებლები)
ყველა საწარმო, რომელიც დაკავებულია ქაფშიის დაჭერითა და გადამუშავებით – ასეთი აფხაზეთში სულ შვიდია – აფხაზურ-თურქული კომპანიებია. ისინი თევზს მოიპოვებენ, შემდეგ მისგან ფქვილსა და ცხიმს იღებენ და ამ ყველაფერს თურქეთში ყიდიან.
თევზისგან მიღებული ძირითადი სარგებელი თურქეთში გაედინება, აფხაზეთში მხოლოდ უმნიშვნელო მოგება რჩება, საგადასახადო გადასახდელები და წარმოების ნარჩენები
თურქული სეინერები საკუთარი ეკიპაჟით დაცურავენ, ქაფშიის გადამამუშავებელ საწარმოებშიც ასევე ძირითადად თურქი სპეციალისტები და მუშები მუშაობენ.
„ჩვენ, სამი წლის განმავლობაში გადავამზადეთ რამდენიმე საკუთარი თანამშრომელი, ვცდილობთ, რომ ადგილობრივებმა იმუშაონ თურქების ნაცვლად. მაგრამ ყოველთვის არ გამოდის. სამუშაო სეზონურია, ადამიანები კი ცდილობენ მუდმივი სამუშაო იშოვონ და თევზის საჭერად ერთეულები მოდიან“, – გვიყვება ოჩამჩირის რაიონში განლაგებული საწარმო „ქაფშიას“ ერთ-ერთი თანამშრომელი.
ნახშირი, რომელზეც მთელი მოწყობილობა მუშაობს, ასევე თურქეთიდან შემოდის.
რამდენადაც საწარმოები ერთობლივია, მოგების 50 პროცენტი ასევე თურქეთში იგზავნება.
და გამოდის, რომ შემოსავლის ძირითადი ნაწილი – ეს ფული, აფხაზეთიდან გაედინება. აქ მცირე თანხა რჩება გადასახადების სახით, მოგების ნაწილი და – საწარმოო ნარჩენები.
• აფხაზეთი, შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს, თუკი მოხმარებას არ შეამცირებს
• ბიზნესი აფხაზეთში: რუსული პროდუქცია, როგორც კონკურენტი და ცუდი კანონმდებლობა
• ერთი ოსი მეთევზე და მისი დიდი თევზის ფერმა
თევზის საწარმოები – სახიფათო ობიექტები. მაგრამ იქ არსებული მდგომარეობის შემოწმება ადგილობრივ ინსპექტორებს არ შეუძლიათ
თევზის ფქვილი – აალებადი პროდუქტია და ზოგჯერ ფეთქებადსაშიშიც. ქაფშიის გადამუშავების შემდეგ, ფქვილი კარგად უნდა გამოშრეს, გაიყინოს 20 გრადუსამდე და დაფასოვდეს. თუკი საწყობში ისე გავგზავნით, რომ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, მან შესაძლოა გახრწნა დაიწყოს.
ასევე მოხდა 2019 წელს ოჩამჩირის თევზის გადამამუშავებელ საწარმოში.
„თევზის ყველა საწარმო – სახიფათო საწარმოო ობიექტია. ამიტომ, მათ სპეციალური ლიცენზია უნდა ჰქონდეთ, მაგრამ აფხაზეთში არსებული შვიდი საწარმოდან არც ერთს ასეთი ლიცენზია არ გააჩნია“, – გვიყვება სერგეი პოტიომკინი, აფხაზეთის სახელმწიფო სტანდარტის ტექნიკური შემოწმების ინსპექტორი.
„ყველგან თურქული აპარატები დგას, შემოწმება, გამართულია თუ არა ის, ჩვენ არ შეგვიძლია. თანამშრომლების გამოკითხვაც არ გამოდის, არც ერთი მათგანი არ ლაპარაკობს აფხაზურად ან რუსულად. ჩვენ მივდივართ, ვადგენთ პროტოკოლს, ვუწერთ 1 800 რუბლის (დაახლოებით 25 დოლარის) ოდენობის ჯარიმას და მორჩა“.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თევზის განყოფილების ხელმძღვანელის, დავით გადლიას თქმით, დღეისათვის წყლის რესურსით სარგებლობის გადასახადისგან შემოსული თანხა შეადგენს 43 მილიონ რუბლს (დაახლოებით, 650 ათას დოლარს). თურქი მეწარმეები ამას მცირე ჯარიმას ამატებენ და მშვიდად აგრძელებენ მუშაობას ისე, როგორც მუშაობდნენ.
გავლენა და ფული ჰყოფნით, რათა მათთვის უმნიშვნელო ეს პრობლემა მიჩქმალონ.
სიმყრალე
თევზჭერის პერიოდის დიდი პრობლემა ყოველთვის არის სპეციფიკური, საშინელი სუნი.
ადამიანები, რომლებიც თევზის საწარმოებთან ცხოვრობენ, ამ ორი-სამი თვის განმავლობაში, ვერც სახლების განიავებას ახერხებენ და ვერც სარეცხს ფენენ გარეთ.
„თებერვლიდან აპრილამდე ბავშვებს ეზოში ვერ ვასეირნებთ, – გვიყვება ლალა ჭამაღუა, სოხუმის ერთ-ერთი რაიონის მცხოვრები. – სარეცხს აბაზანაში ვაშრობთ, რათა თევზის სუნი არ აუვიდეს. ზოგჯერ შემწვარი თევზის სუნი დგას, ზოგჯერ დამპალის. განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა კარგ ამინდში“.
აფხაზეთში არსებული თევზის შვიდი საწარმოდან, მხოლოდ ორში დგას თანამედროვე ფილტრები, რომლებსაც სუნის 70 პროცენტის გაქრობა შეუძლია.
2020 წელს, აფხაზეთში, ქაფშიის მოპოვებაზე კვოტები გაზარდეს – 35 ათასი ტონიდან 75 ათასამდე. ხელისუფლება ამბობს, რომ აკვატორიაში იმდენი თევზი შემოვიდა, თევზჭერაზე ასეთი ზრდა შესაძლებელი გახდა.
მაგრამ უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა – რატომ არ გამოიყენება თევზის რესურსები პრაგმატულად? თევზაობიდან მიღებული თანხის მცირე ნაწილიც კი არ მიემართება ინდუსტრიის მხარდასაჭერად.
ფულს იღებენ, მაგრამ ეს „მოკლე“ ფულია. აფხაზეთი ყიდის ნედლეულს. ინვესტიციები, რომელთაც შეუძლიათ უზრუნველყონ მთელწლიანი და უფრო სტაბილური შემოსავალი თევზის მეურნეობაში, არ შემოდის.