რუსეთი თუ დასავლეთი? სამხრეთ კავკასიური არგუმენტები
ბაქოში, ერევანში, თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში ექსპერტებს ერთი და იგივე კითხვები დავუსვით:
- რას მოიგებს თქვენი რეგიონი (და მთალიანად სამხრეთი კავკასია) ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში?
- რას მოიგებს თქვენი რეგიონი (და მთლიანად სამხრეთი კავკასია) ევროკავშირთან ინტეგრაციის შემთხვევაში?
ექსპერტებს ვთხოვეთ, რომ მხოლოდ სარგებელი ჩამოეთვალათ.
აღმოჩნდა, რომ პასუხები იმდენად იდენტური იყო, რომ საერთო ჩამონათვალიც კი გამოვიდა. მაგალითად, ერევანსა თუ ცხინვალში ევროკავშირის სასარგებლოდ იგივე არგუმენტები აქვთ, რაც თბილისში. ასევე, თბილისელ ექსპერტებსაც არ გაუჭირდათ იმ შესაძლო ბენეფიტების ჩამოთვლა, რასაც საქართველო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში მიიღებდა.
თუმცა, თითოულ რეგიონში იციან, რომ ამ ბენეფიტების კომბინირება შეუძლებელია და ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი გზიდან მხოლოდ ერთი უნდა აირჩიო:
ნახეთ ეს პასუხები, ჩვენ ისინი შევაჯამეთ:
10 ყველაზე გავრცელებული არგუმენტი სამხრეთ კავკასიაში ევრაზიის კავშირის სასარგებლოდ:
1. გაიხსნება რუსეთის ბაზარი (მოსახლეობა დაახლოებით 145 მილიონი). რუსეთსა და ევრაზიული კავშირის სხვა ქვეყნებში პროდუქცია უკეთ გაიყიდება, რადგან მას იქ უკვე იცნობენ. თან, ევროპისგან განსხვავებით, არც ხარისხის განსაკუთრებული სტანდარტები მოქმდებს;
2. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში გაზი და დენი გაიაფდება;
3. გაიზრდება რეგიონის სატრანზიტო მნიშვნელობა, რადგან შესუსტდება ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლი. რეგიონში საზღვრების გახსნას ძველი სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენა და ახალი პროექტების განვითარება მოჰყვება; მათ შორის ისეთების, როგორიცაა საზღვაო პორტები, რკინიგზა და აეროპორტები;
4. რეგიონი გახდება უფრო უსაფრთხო. ახალი ომების საფრთხე მინიმალური იქნება, რადგან კავკასიის სამივე კონფლიქტურ რეგიონში – აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბაღში ვითარებას რუსეთი გააკონტროლებს;
5. თბილისი: საქართველოსთვის ევრაზიის კავშირში გაწევრიანება, შესაძლოა, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის მისი იურისდიქციის ქვეშ დაბრუნების შანსი იყოს;
6. სოხუმი/ცხინვალი: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ფიქრობენ, რომ ევრაზიის კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მეტი ქვეყანა აღიარებს;
7. ტრადიციებისა და მენტალობის თვალსაზრისით, რუსეთთან ბევრად მეტი საერთოა, ვიდრე რომელიმე ევროპულ ქვეყანასთან. მაგალითად, ერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ერთი და იგივე სქესის ადამიანების ქორწინების მიმართ. რაც შეეხება საქართველოს და რუსეთს, ესენი საერთოდაც, ერთმორწმუნე ქვეყნებია;
8. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, რუსეთში მცხოვრები კავკასიელების მიმართ რეპრესიები შეწყდება და ისინი უფრო თავდაჯერებულად იგრძნობენ თავს რუსეთის ტერიტორიაზე;
9. რუსეთიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადი გაიზრდება;
10. რუსეთი შიდა არეულობების სტიმულირებას და ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის პრობლემების შექმნას აღარ შეეცდება, რადგან რეგიონის ქვეყნებში ხელისუფლების სათავეში მხოლოდ კრემლის მიმართ ლოიალური პოლიტიკოსები იქნებიან.
10 ყველაზე გავრცელებული არგუმენტი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირთან ინტეგრაციის სასარგებლოდ:
1. კავკასიაში წარმოებული პროდუქტებისთვის გაიხსნება ევროპის ბაზარი (მოსახლეობა დაახლოებით 500 მილიონი);
2. გაუმჯობესდება ადგილობრივი პროდუქციის ხარისხი, რადგან ევროპაში პროდუქტის გატანის შემთხვევაში, დაწესდება სანიტარული და სხვა რეგულაციები;
3. გაუმჯობესდება ბიზნეს-კლიმატი. შეიზღუდება მონოპოლიები და დაიწყება კორუფციასთან რეალური ბრძოლა. გაიზრდება ევროპული ინვესტიციები;
4. ევროპის ქვეყნებთან იქნება უვიზო მიმოსვლა;
5. ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროში გატარდება რეალური რეფორმები. იქნება ხარისხიანი მედიცინა და განათლება;
6. დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლა ნორმა გახდება;
7. საერთოევროპულ სივრცეში მოქცეული კონფლიქტური რეგიონები კონფლიქტების დარეგულირების ახალ ფორმებს მოძებნიან;
8. რეგიონი გახდება უფრო უსაფრთხო. ევროკავშირთან ინტეგრაცია რუსეთის მხრიდან პოტენციური სამხედრო აგრესიის ალბათობას შეამცირებს;
9. გაიზრდება ტურისტების რიცხვი ევროკავშირის ქვეყნებიდან;
10. დაცული იქნება ადამიანის უფლებები ისე, როგორც ეს ევროპაშია. კანონი დაიცავს ყველანაირი უმცირესობის წარმომადგენლებს. სასამართლო იქნება თავისუფალი და მიუკერძოებელი.