Atlasglobal-ის უკრაინელ პილოტს რუსეთში ეპატიჟებიან
ჰრომადსკოეს მასალების მიხედვით
თურქული ავიაკომპანია “Atlasglobal”-ის უკრაინელი პილოტი ალექსანდრ აკოპოვი, რომელმაც სტამბულში ფაქტობრივად „ბრმად“ დასვა სეტყვისგან დაზიანებული სამოქალაქო თვითმფრინავი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში სამუშაოდ მიიწვია.
ლავროვის უწყება აკოპოვით უკრაინაში ატეხილი ფეისბუკ-სკანდალის შემდეგ დაინტერესდა. სოციალური ქსელის უკრაინელი მომხმარებლები აკოპოვის ფეისბუკ-ავატარმა გააღიზიანა. აკოპოვოს ავატარად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ფოტოკოლაჟი აქვს დადებული. ამ ფოტოკოლაჟის გამო უკრაინელი პილოტი თანამემამულეებმა “რუსეთის მიმართ სიმპათიებში” დაადანაშაულეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინტერნეტ-სკანდალს ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე გამოეხმაურა.
“თუ სამშობლოში ისევ გააგრძელებენ თქვენს გაკრიტიკებას, ჩამობრძანდით – ჩვენ სიხარულით მიგიღებთ,” – წერია რესით საგარეო უწყების განცხადებაში.
თავად პილოტმა საკუთარ ფეისბუკ-ავატარზე ლავროვის ფოტოს არსებობა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში შემდეგნაირად ახსნა: „ეს ფოტო ჩვენმა ბორტგამცილებელმა გადამიღო. უბრალოდ ლავროვს ძალიან ვგავარ. ერთი ტიპის სახეები გვაქვს, ნაკვთებიც გვიგავს. დიახ, ავატარზე მე თვითონ დავდე, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო, დონეცკში ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე“.
• შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ აკოპოვი მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც რთულ კლიმატურ პირობებში სეტყვისგან დაზიანებული თვითმფრინავი ფაქტობრიავდ „ბრმად“ დასვა სტამბოლის ათათურქის აეროპორტში. თურქული ავიაკომპანია AtlasGlobal-ის კუთვნილი თვითმფრინავი Airbus A320 სტამბოლიდან ჩრდილოეთ კვიპროსში მიფრინავდა. ბორტზე 121 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
• პილოტი აკოპოვი უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „სიმამაცისთვის“ ორდენით დააჯილდოვა.