რუსეთის ხელისუფლება Telegram-ის დაბლოკვას უშედეგოდ ცდილობს
რუსეთის ხელისუფლება, უკვე ერთი კვირაა, ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მესენჯერის, Telegram-ის დაბლოკვას ცდილობს. მესენჯერის დაბლოკვასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება იმას უკავშირდება, რომ Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს უარი უთხრა გაშიფრვის გასაღების წარდგენაზე, რომლის საშუალებითაც სამსახური მომხმარებელთა მიმოწერის გაკონტროლებას შეძლებდა. დუროვმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ხელი შეუწყოს რუსეთის ხელისუფლებას, და მისთვის Telegram-თან დაკავშირებული ისტორია პრინციპული საკითხია. ამის შესახებ იხილეთ JAMnews-ის მასალაში.
ვიდრე Telegram-ის დაბლოკვა დაიწყებოდა, დუროვი იუწყებოდა, რომ მესენჯერი დბლოკვის საწინააღმდეგო მეთოდებს გამოიყენებს. ასევე მან მომხმარებლებს ურჩია VPN-სერვისების ჩაწერა, რაც დაბლოკილ რესურსებზე წვდომის საშუალებას მისცემდათ.
დაბლოკვის პირველ საათებში ბევრ მომხმარებელს Telegram-ზე წვდომა გართულებული ჰქონდა, თუმცა 16 აპრილის საღამოს თითქმის ყველა მომხმარებელს წვდომა აღუდგა.
როდესაც რუსეთის ხელისუფლება მიხვდა, რომ Telegram წარმატებით უვლის გვერდს დაბლოკვას, მათ იმ IP-მისამართების დაბლოკვა დაიწყეს, რომლებზეც მესენჯერი გადაერთო. 17 აპრილის საღამოს Amazon-ისა და Google-ის საოლქო სერვისების დაახლოებით 16 მილიონი IP-მისამართი დაიბლოკა. ხელისუფლების ამ ქმედებების გამო, მიუწვდომელი გახდა ისეთი ვებგვერდები, რომლებსაც Telegram-თან კავშირი არ აქვს.
Telegram-ის დაბლოკვას მისი პოპულარობის შემცირება არ გამოუწვევია. პირიქით, 17 აპრილს მესენჯერს მომხმარებელთა ჩვეულებრივზე დიდი მატება ჰქონდა. რუსეთში Telegram-ის ჯამური აუდიტორია უცნობია, მაგრამ სხვადასხვა კვლევის მონაცემების მიხედვით, ის 12-დან 17 ადამიანამდე მერყეობს.
17 აპრილს დუროვმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც Telegram-ის მომხმარებლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ბაზარი მისთვის და სამუშაო ჯგუფისთვის, „პირადი მოსაზრებების“ გამო, მნიშვნელოვანია.
მომდევნო დღეებში რუსეთში Telegram-ის მომხმარებლებს მესენჯერით სარგებლობისას არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. რუსეთის ხელისუფლება IP- მისამართების დაბლოკვას აგრძელებდა, თუმცა განყენებული ვებგვერდების დაბლოკვის გარდა, ვერაფერს აღწევდა. 21-დან 22 აპრილამდე ღამით ზოგიერთმა რუსმა მომხმარებელმა Google-ის მომსახურებით სარგებლობა ვერ შეძლო.
23 აპრილის მდგომარეობით, Telegram-ის მომხმარებლები იუწყებიან, რომ რუსეთში მესენჯერი დაბლოკვის საწინააღმდეგო პროგრამების გამოყენების გარეშეც მუშაობს.