რუსეთის ქალაქ კემეროვოში ხანძარს სულ ცოტა 64 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ბევრი ბავშვია
25 მარტს რუსეთის ქალაქ კემეროვოში, რომელიც დასავლეთ ციმბირში მდებარეობს და სამ ნახევარი ათასი კილომეტრით არის მოსკოვიდან დაშორებული, სავაჭრო ცენტრ „ზამთრის ალუბალში“ ხანძარი მოხდა.
ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობას მეხანძრეებმა დაახლოებით 12 საათი მოანდომეს. ძლიერი კვამლი შენობას სწრაფად მოედო.
წინასწარი ვარაუდით, ხანძარი საბავშვო კინოთეატრის დარბაზში გაჩნდა. იმ მომენტში დარბაზში ბავშვები იმყოფებოდნენ და მულტფილმ “შერლოკ გნომს” უყურებდნენ.
მოცემული მომენტისთვის ცნობილია, რომ ცენტრ „ზამთრის ალუბალში“ 64 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 8 ბავშვია. ეს ინფორმაცია მუდმივად ახლდება, და როგორც ჩანს, საბოლოო არ არის, რადგან რამდენიმე ადამიანს ახლობლები ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან და ეძებენ.
საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე წუთში სავაჭრო ცენტრის დაცვამ სახანძრო სიგნალიზაცია გამორთო. ეს იმისთვის გააკეთეს, რომ პანიკა აეცილებინათ თავიდან. თუმცა, შედეგად, ბევრმა ადამიანმა, რომლებიც შენობის სხვადასხვა დარბაზში იმყოფებოდნენ, ხანძრის შესახებ გვიან შეიტყვეს, რამაც მსხვერპლის რაოდენობა გაზარდა.
რუსეთის სამძებრო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით აღძრა, დაპატიმრებულია 4 ადამიანი.