რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი აფხაზეთში ახალ საელჩოს გახსნის და ელჩს წარადგენს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს აფხაზეთში ორდღიანი ვიზიტით ჩადის. ოფიციალურად მისი ვიზიტი სოხუმში რუსეთის საელჩოს შენობის ახალი კომპლექსის გახსნას უკავშირდება. გეგმის მიხედვით, გახსნის ცერემონია დღეს, 18 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ჩატარდება.
ვიზიტის პროგრამაში შედის ლავროვის შეხვედრა აფხაზეთის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვესთან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, მთავარი თემა იქნება აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების გამყარება და რუსეთ-აფხაზეთის შიდაპოლიტიკური ურთიერთობების კოორდინაციის საკითხები.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის აფხაზეთის რესპუბლიკაში ვიზიტი მოწოდებულია, რომ ახალი იმპულსი შესძინოს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარებას, რომელიც მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებს ეფუძნება“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
სავარაუდოდ, ვიზიტის დროს არაოფიციალურად წარადგენენ აფხაზეთში რუსეთის ახალ ელჩსაც. აფხაზეთში რუსეთის ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი სემიონ გრიგორიევი, რომელიც ამ თანამდებობას 2008 წელს აფხაზეთში რუსეთის საელჩოს გახსნის დღიდან იკავებს, სხვა თანამდებობაზე გადადის – აზერბაიჯანში რუსეთის ელჩად.
აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საელჩო 2008 წლის მეორე ნახევარში გაიხსნა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. უკანასკნელ დრომდე საელჩო სასტუმროს ნაქირავებ შენობაში იყო განთავსებული.
ოფიციალურმა თბილისმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო საზოგადოებრიობას მოუწოდა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებების დაგმობისკენ.
“საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტი და აქ ნებისმიერი წარმომადგენლობის გახსნა შესაძლებელი მხოლოდ საქართველოს ხელმძღვენელობის თანხმობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამგვარი ქმედებები არღვევს არამხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობასაც“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.