როგორ შეაფასეს რუსეთში საქართველოში ჩატარებული არჩევნები
რუსეთში დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ და აქტიურად აკეთებდნენ კომენტარებს, ცოტა ხნის წინ, საქართველოში გამართული ხმაურიანი საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე. პირადად საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს ახალ პრეზიდენტთან დაკავშირებით პოზიტიურად არის განწყობილი. ეს პოსტი პროსახელისუფლებო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დაიკავა.
სერგეი ლავროვმა 7 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი თბილისთან კარგი ურთიერთობის განვითარებისთვისაა განწყობილი და მისი საქართველოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედი აქვს.
„ჩვენ სალომე ზურაბიშვილს ვუსურვებთ, რომ მთელი საქართველოს პრეზიდენტი იყოს… მეჩვენება, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია – მნიშვნელოვანი ტურისტული ნაკადის წყარო. ჩვენ გვსურს, განვაგრძოთ უფრო მეტი გზის ძებნა კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“.
• ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე
• საარჩევნო არტი. საპრეზიდენტო კანდიდატების პლაკატები
საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით კომენტარებს აქტიურად აკეთებს რუსული მედია. თუმცა, შეფასებები კარდინალურად იყოფა და დამოკიდებულია იმაზე, რომელი წყარო ავრცელებს ინფორმაციას – პროსახელისუფლებო თუ დამოუკიდებელი.
გთავაზობთ მოკლე შედარებით მიმოხილვას.
პროსახელისუფლებო მედია
თუკი შევაჯამებთ შეტყობინებებს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეფასებისას, რუსული პროსახელისუფლებო მედიისთვის ეს ოთხი ფაქტორია მთავარი:
• „საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვა“ (Газета.ру)
• აშშ-ს საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან პროდუქტიული თანამშრომლობის იმედი აქვს ორმხრივ და რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით“ (ТАСС)
• „საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი არეულობები მოაწყვეს“ (ტელეკომპანია «Звезда»)
• „სალომე ზურაბიშვილი არ შევა პრეზიდენტის სასახლეში და სამსახურში ფეხით ივლის“ (Первый канал)
არჩევნებთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად ოპტიმისტურია სააგენტო Sputnik, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსულად მოლაპარაკე აუდიტორიაზეა გათვლილი:
„სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ გამოცდილი და ჭკვიანი პოლიტიკოსია… ქალი პოლიტიკოსის ფაქტორი საქართველოში ახალი არ არის. ისტორიულად ისე გამოვიდა, რომ ისინი საკმაოდ კარგი პოლიტიკოსები და ლიდერები არიან… ეს კანდიდატურა საკმაოდ კარგია“.
რუსული დამოუკიდებელი მედია
ამ მედიაბანაკში ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ქართულ შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებასა და „პროსუსულ-პროდასავლურ“ კონცეფციებს შორის კონფლიქტზე:
• „საქართველოს პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის კამპანია აგებულია მოსკოვისადმი ლოიალურობაში ერთმანეთის დადანაშაულებაში“ («Новая газета»)
• „საქართველოს დიდი ტრაგედიაა, რომ მმართველი პარტია ცდილობს, ხელისუფლება ფალსიფიკაციითა და საინფორმაციო ომით შეინარჩუნოს – იმის მაგივრად, რომ უზრუნველყოს ხელისუფლების გადაცემა. როგორიც არ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი, 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების დღეს მან დამარცხება აღიარა და უზრუნველყო ძალაუფლების ლეგიტიმური გადაცემა“ («Кавказский узел»).
სოციალური ქსელები რუსეთში
თუკი გადავხედავთ ცნობილი ავტორების, ბლოგერებისა და მომხმარებლების დისკუსიას – აქ საკმაოდ მკვეთრი შეფასებები ისმის.
ბევრი წერს საქართველოს საზოგადოებაში დემოკრატიული კომპონენტის უმწიფარობის შესახებ. თუმცა მრავალი სხვა, რუსეთის საზოგადოების კიდევ უფრო მოუმწიფებლობასაც ახსენებს.
მაგალითად, ცნობილმა რუსმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ, ალექსანდრ ოსოვცოვმა „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:
„საქართველოში არჩევნების შედეგები ადმინისტრაციული რესურსების მასობრივი გამოყენების, მოსყიდვებისა და გაყალბებების გარეშე, სოციოლოგიურად და ელექტორატის თვალსაზრისითაც წარმოუდგენელია. ასე არ ხდება“.
მას ერთ-ერთმა მომხმარებელმა იქვე უპასუხა – „ხდება – რუსეთში“.
„დავესწარი არჩევნებს საქართველოში, – იტყობინება სხვა ბლოგერი, – საინტერესო იყო ის, რომ აქ პროცესი მთლიანობაში უკეთ არის ორგანიზებული, ვიდრე ჩვენთან. მაგალითად, ამომრჩეველთა სიებში არის ამომრჩევლის ფოტო. ბიულეტენის გაცემისას, პასპორტის ფოტოს ადარებენ ამომრჩეველთან სიაში არსებულ ფოტოს. ამას გარდა, თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც ხმა უკვე მისცა, ხელზე სპეციალური ხსნარით ნიშანს ადებენ, რომელიც ულტრაიისფერ შუქზე ანათებს. ასე ებრძვიან აქ „კარუსელებს“.
განვლილ არჩევნებთან დაკავშირებით ასეთმა დახასიათებამაც გაიჟღერა – „ჩრდილების ბრძოლა“:
„სალომე ზურაბიშვილის უკან ივანიშვილის „ჩრდილი“ დგას, თუმცა, ის ცდილობს, გამოეყოს მას და ამას პირველ რიგში მკაცრი ანტირუსული განცხადებების ხარჯზე აკეთებს. არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის უკან დგას მიხეილ სააკაშვილის „ჩრდილი“.
და აი, კიდევ ერთი, დამახასიათებელი ხშირად განმეორებადი მოსაზრება:
„არჩევნები საქართველოში – ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ერთმანეთის ჭუჭყში ამოსვრა. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც არჩევნები, იმიტომ, რომ ეს რეალური ბრძოლაა. ჩვენთან, რუსეთში კი – მიცვალებულთა კონკურსი სასაფლაოზე“.