როგორ ვისადილოთ იაფად ბაქოში
აზერბაიჯანული სამზარეულოს მრავალფეროვნების წყალობით, კულინარიული ტურიზმი თავისუფლად შეიძლება ბაქოსთვის ტურისტების მისაზიდ მთავარ საცდურად იქცეს. ჯერჯერობით კი ეს საკმაოდ ძვირი ქალაქია, სადაც იაფად და გემრიელად ყველგან ნამდვილად ვერ შეჭამთ. თუმცა, თუკი იცით, სად უნდა წახვიდეთ, თქვენთვის „საბიუჯეტო“ ტურიზმი „მშიერ ტურიზმად“ არ იქცევა.
გთავაზობთ ხუთ ადგილს, სადაც ხუთ დოლარად კარგად დანაყრებას შეძლებთ. აქ ჩამოთვლილი ყველა კერძის ფასი ერთნახევარი დოლარიდან სამ დოლარამდეა.
Shanson
ეს ადგილი მეტრო იჩერი შეჰერის მახლობლად, ბედნიერების სასახლის პირდაპირ მდებარეობს. აქ ეროვნული კერძებიც არის და ევროპულიც, ფასები კი სრულიად ლიბერალურია. ფოტოზეა – კიუკიუ, მწვანილიანი ერბოკვერცხი.
Əriştə (არტიშა)
პაბი „შექსპირის“ გვერდით მდებარე ნახევრად სარდაფული კაფე, ავტობუსის გაჩერება – „თოჯინების თეატრი“. კაფეს დასახელება იგივეა, რაც ფოტოზე ასახული კერძის. ტექნიკურად, ეს არის ხორცის ბულიონზე მომზადებული შინაურული ატრია ფრიკადელებით.
Xəzər (ხაზარი)
ნახევრად სარდაფში მდებარე კაფე „გოშა გაპის“ მახლობლად – ქალაქის ცენტრში, ძველი ქალაქის იმ შესასვლელის გვერდით, სადაც შლაგბაუმია. ფოტოზე ასახულია კიუფტა-ბოზბაში – ეს არის ცხვრის (ან საქონლის ხორცთან შერეული) ხორცის დიდი ტეფტელი, კარტოფილთან და ბარდასთან ერთად.
Anadolu
თურქული რესტორნების ქსელი ყველაზე ფართო ასორტიმენტით. უბრალოდ, ნავიგატორით ყველაზე ახლოს მდებარე მოძებნეთ. ფოტოზე – ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი აზერბაიჯანული კერძი დიუშბარა. ეს არის მომცრო ზომის პელმენები, რომლებსაც ხორცის ბულიონში სუნელებთან ერთად ხარშავენ.
Firüzə (ფირუზა)
შადრევნების მოედანზე მდებარე რესტორანი, სადაც, ტრადიციულად, ტურისტები დაჰყავთ ხოლმე. ეს არცთუ ყველაზე იაფფასიანი ადგილია, თუმცა ფასისა და ხარისხის შესაბამისობის თვალსაზრისით, უპირობო ლიდერია. თეორიულად აქ ნებისმიერი რაოდენობის თანხის დახარჯვა შეიძლება, თუმცა მრავალფეროვანი მენიუს წყალობით, ბევრი საბიუჯეტო ვარიანტიც არსებობს; მაგალითად, საჯი – დიდ ტაფაზე შემწვარი ხორცი და ბოსტნეული, რომელიც რამდენიმე ადამიანზეა გათვლილი.