როგორ ავაოხროთ ქალაქი
იმისთვის, რომ თბილისში წარმატებული დეველოპერი იყო, საქმე კარგად წაგივიდეს და თან დედაქალაქში არსებულ სამშენებლო ტენდენციებს არ ჩამორჩე, სულ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებაა საჭირო.
ნაბიჯი პირველი: ვაშენებთ ყველგან!
ვინ თქვა, რომ მშენებლობა მხოლოდ რომელიმე „გენგეგმით“ განსაზღვრულ ადგილებში შეიძლება? თუ ორ სახლს შორის იმდენი ადგილია, რომ მესამე ჩაეტევა, მიდი და ჩადგი (სანამ ამას ვინმე შენზე ჭკვიანი და მოხერხებული იზამს). ააშენე ტროტუარზე (ფეხით ვინღა დადის 21-ე საუკუნეში?). ააშენე სპორტულ მოედანზე (წესიერი ბავშვები ფეხბურთს მხოლოდ Playstation-ზე თამაშობენ). ბოლოს და ბოლოს, სხვა გამოსავალი თუ არ არის, სახლის დადგმა კიბეზეც შეიძლება. არ გჯერა? წადი და ჭავჭავაძის 49 ნომერში ნახე საკუთარი თვალით.
ნაბიჯი მეორე: ხეები ვისაც უნდა, წავიდეს და ტყეში იცხოვროს
რა არის პარკი? რომელიმე გულუბრყვილო სულელი გეტყვით, რომ ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები ქალაქის ხმაურისგან ისვენებენ. მაგრამ, თქვენ არ დაუჯეროთ. სინამდვილეში პარკი ახალი სახლის მშენებლობის იაფი და მომგებიანი შესაძლებლობაა, რადგან იქ არ დგას ძველი სახლები, რომელთა ბინადრები უნდა გაასახლო და ბინებით დააკმაყოფილო. ხომ გყავს მეგობარი, რომელიც მერიაში მუშაობს? ან ეკონომიკის სამინისტროში. შენ თუ არ გყავს, შენ ბიძაშვილს მაინც ეყოლება. მშენებლობის ნებართვის აღება პრობლემა არაა, უცებ მოგვარდება საქმე. ხოლო ვისაც ხეები და ჩიტები უნდა, წავიდეს, ბატონო და ტყეში იცხოვროს.
ნაბიჯი მესამე: ტროტუარი და არგადარჩენა
გახსოვდეს, რომ შენი სამშენებლო ობიექტის მიდებარედ, სამანქანო გზის პირას რომ ასფალტის ზოლია (აი, უფროსი თაობის ხალხი „ტროტუარს“ რომ ეძახის), ეგ, სინამდვილეში, შენი სათავსოა. მანდ შეგიძლია დაყარო ქვიშა, ცემენტი, არმატურა. ამ „ტროტუარზე“ შეიძლება ხეებიც იყოს, რომლებიც უნდა მოჭრა დაუფიქრებლად. მშენებლობას რომ მორჩები, შენი სამშენებლო ტექნიკის მიერ დაზიანებულ-გადათხრილი „ტროტუარის“ შეკეთებაზე ფულის დახარჯვა არც იფიქრო. შენი ბიძაშვილის მეგობარი რომ მუშაობს მერიაში, ეგ მოგიგვარებს საქმეს ზედამხედველობასთან.
ნაბიჯი მეოთხე: ბეტონს ვასხამთ, დილაა თუ ბინდია
როცა მშენებლობას იწყებ, იცოდე, რომ მუდმივად მოგიწევს მეზობელ სახლებში მცხოვრები ადამიანების წუწუნის მოსმენა, მაგრამ გულთან ახლოს ნუ მიიტან. ეგენი ახირებული ადამიანები არიან და უცნაური პრეტენზიები აქვთ. მაგალითად, შეიძლება მოვიდნენ და გკითხონ, თუ რატომ ამუშავებ ბეტონმზიდს დილის 4 საათზე, როცა ისინი დაძინებას ცდილობენ, რატომ უწევთ მათ შვილებს შენი მშენებლობიდან წამოსული მავნე მტვრის სუნთქვა, ან რატომ ცვივა შენი მშენებლობიდან სხვადასხვა მძიმე ნივთები მათ ეზოში. დაიკიდე.
ნაბიჯი მეხუთე: მუშა წავა, მუშა მოვა
ხომ იცი, როგორ ხდება ხოლმე: გადმოვარდება მუშა ხარაჩოდან და არიქა, ატყდება ერთი ამბავი: საძაგელი ბიზნესი, როგორ არ უფრთხილდება ადამიანების სიცოცხლესო. არც ეგ შეიმჩნიო. ეგ ხმაური მალე ჩაცხრება და ახალ მუშას მოიყვან – იქნებ უფრო იაფადაც, ვიდრე იმ ცხონებულს უხდიდი. ამიტომ შენს მშენებლობაზე მუშების უსაფრთხოებისთვის ფულის დახარჯვა არ ღირს.
ნაბიჯი მეექვსე: სახელმწიფო შენ ხარ
შენ ძმაკაცს ხომ ჰყავს მაჟორიტარი ბიძა? ან შენი ბიძაშვილის ძმაკაცს მაინც. იმ ბიძას თუ სამშენებლო ბიზნესში წილები აქვს, კიდევ უკეთესი. მოკლედ, რა უნდა ქნა: წერ გულსაკლავ წერილს იმის შესახებ, თუ როგორ ახრჩობს კანონი სამშენებლო ბიზნესს და როგორ ზღუდავს ქალაქში ხეების მოჭრას (ან ტროტუარზე ხრეშის დაყრას, ან მშენებლობიდან ტროტუარზე მძიმე საგნების სროლას, ან დილის 4 საათზე ბეტონის დასხმას). შემდეგ ეს შენი მაჟორიტარი ახლობელი ამ წერილს ტელეკამერების წინ წაიკითხავს, თვალზე მომდგარ ცრემლს პიჯაკის სახელოთი მოიწმენდს და საჯაროდ დადებს პირობას, რომ შესაბამისი კომიტეტის უახლოეს სხდომაზე დააყენებს ამ საკითხს და სამშენებლო ბიზნესს ხეების მოჭრას გაუადვილებს.
ნაბიჯი მეშვიდე: თეთრი და შავი პიარი
ყველა ამ რჩევას თუ მიყვები და ყველაფერს სწორად გააკეთებ, მაინც გამოძვრება ათასი ოხერი, რომელიც ეცდება, რომ ჩირქი მოგცხოს. მაგრამ ეგ არაფერი: ამისთვის არსებობს პიარი (თეთრი და შავი!).
მიდიხარ რომელიმე “ცნობილი და წარმატებული ადამიანების შესახებ” ჟურნალში და აძლევ ინტერვიუს. ინტერვიუს დროს რამდენჯერმე გაიმეორე ფრაზები „ქალაქი ყველას გვტკივა“ და „ჯერ დოვლათი უნდა შეიქმნას.“ ხაზგასმით აღნიშნე, რომ შენი კომპანია აფინანსებს წმინდა მევლუდ ფაჩუჩებიანის სახელობის ტაძრის მშენებლობას ვაზისუბანში, პატრონობს სამ ციყვს ბორჯომის ტყეში და არის ტაილანდურ ხუთჭიდში საქართველოს ნაკრების გენერალური სპონსორი (კარგი იქნება, თუ ინტერვიუს თან დაერთვება შენი ფოტო ხსენებული ნაკრების მაისურით).
ჰო, კიდევ: მცირე შემოწირულობის სანაცვლოდ, იგივე ჟურნალი სიამოვნებით გამოაქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, რომ ცნობილი აქტივისტი, რომელიც შენს მშენებლობას ებრძვის, პატივს არ სცემს ქართულ ადათ-წესებს და სახლში მოუნათლავი ბავშვები ჰყავს.
სულ ეს არის მეგობარო. აბა შენ იცი!
სტატიის ავტორი: ერეკლე ურუშაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი და გარემოს დამცველი აქტივისტია.