რის გაკეთებას შეძლებს უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი?
21 აპრილის საღამოს, უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ არჩევნებში დამარცხება აღიარა. ის ორმაგ სხვაობაზე მეტით დამარცხდა თავის მოწინააღმდეგესთან, ვლადიმირ ზელენსკისთან.
ვლადიმირ ზელენსკი – 73,2%
პეტრო პოროშენკო – 25,3%
უპრეცედენტო რბოლა
ასეთი არჩევნები უკრაინას აქამდე არ უნახავს. არც კანდიდატთა რაოდენობით – 43 პრეტენდენტი იყო და არც ვნებებით, რომლის კულმინაციაც გახდა პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის პირისპირ შერკინება კიევში, სტადიონზე, 40 ათასი მაყურებლის თანდასწრებით.
• უკრაინა და რუსეთი: მტრები თუ სავაჭრო პარტნიორები?
მეორე ტურში გასულ კანდიდატთა შორის დაპირისპირების მთავარი საკითხები იყო: ომი დონბასში, ყირიმის ანექსია – ურთიერთობა რუსეთთან და მის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან.
კორუფცია, ფასების ზრდა, ოლიგარქების დომინაცია – ამ თემებსაც აქტიურად ეხებოდნენ კანდიდატები წინასაარჩევნო პერიოდში, მაგრამ მეორადი აღმოჩნდა.
ახლა დისკუსია დასრულებულია, უფრო პოპულარული ვლადიმირ ზელენსკის მოსაზრებები აღმოჩნდა.
მოკლედ ვლადიმირ ზელენსკის შესახებ
ვლადიმირ ზელენსკი 41 წლისაა, მას სოლიდური გამოცდილება აქვს შოუბიზნესში, მაგრამ ნულოვანი გამოცდილება პოლიტიკაში.
ის ქვეყანაში ცნობილია პოპულარული სატელევიზიო სერიალით „ხალხის მსახური“. მასში ის ისტორიის მასწავლებლის, ვასილი გოლობოროდკოს როლს ასრულებს, რომელიც შემთხვევითობის წყალობით ხდება ქვეყნის პრეზიდენტი. სერიალის ჩვენების უფლება უკვე იყიდა Netflix-მა.
ის ასევე ცნობილია ტელეშოუებში, „საღამოს კვარტალსა“ და „საღამოს კიევში“ მონაწილეობით, რომლებიც უკრაინულ სატელევიზიო სივრცეში ყველაზე პოპულარულია და მილიონობით მაყურებელს აგროვებს.
ბევრი ამტკიცებს, რომ ზელენსკის უკან უკრაინელი ოლიგარქი, მილიარდერი იგორ კოლომოისკი დგას და ახლა მას შეუძლია, პირდაპირ მოახდინოს გავლენა ქვეყნის პოლიტიკაზე. ეს საკითხი Reuters-ის ჟურნალისტებმა შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზელენსკისა და კოლომოისკის „ბევრი საერთო“ აქვთ.
ზელენსკი ყოველთვის უარყოფდა კოლომოისკისთან ყველანაირ კავშირს.
ზელენსკის ასევე ადანაშაულებდნენ უკრაინულ კინოკომპანიაში კაპიტალის დაბანდებაში.
• ვინ გახდება უკრაინის პრეზიდენტი – კომიკოსი მსახიობი თუ ქვეყნის მოქმედი მეთაური?
მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ უკრაინაში?
პესიმისტების ხედვა
ვლადიმირ ზელენსკის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ქვეყანას ახლა კატასტროფა ელოდება. სულ სამი არგუმენტი არსებობს:
• ხელისუფლებაში მსახიობი შოუმენი მოვიდა, რომელსაც სახელმწიფოს მართვის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია.
• მისი ბიზნესი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია რუსეთთან – აქედან გამომდინარეობს მისი შემრიგებლური ტონი აგრესორ ქვეყანასთან და მისი განცხადებები იმის შესახებ, რომ მზადაა, „ყველაფერი გააკეთოს ომის შესაწყვეტად“.
• მისი სავარაუდო სიახლოვე მილიარდერ იგორ კოლომოისკისთან, რომელიც ახალ პრეზიდენტს ოლიგარქის მარიონეტად აქცევს.
ოპტიმისტების ხედვა
ვლადიმირ ზელენსკის მომხრეები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ახალ პრეზიდენტს მხარს უჭერენ უკრაინის ყველა რეგიონში. უფრო მეტად ქვეყნის აღმოსავლეთში, მაგრამ მან დასავლეთსა და ცენტრალურ ნაწილშიც საგრძნობლად აჯობა პოროშენკოს.
მოკლედ რომ ვთქვათ, მისი გამარჯვება – ეს არის მთელი უკრაინული საზოგადოების მხრიდან ცვლილებების მოთხოვნა.
ზელენსკისადმი იმედის კიდევ ერთი წყარო ახალგაზრდების რეაქციაა. ისინი მასობრივად უჭერდნენ მხარს ვლადიმირ ზელენსკის და უარყოფდნენ პეტრო პოროშენკოს, რომელიც საბჭოთა პარტიული ნომენკლატურის გამოშვებაა.
რეალისტების ხედვა
ავტორიტეტული უკრაინელი პოლიტოლოგები ყურადღებას ორ მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებენ.
• როგორი მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონოდა კანდიდატს არჩევნებზე, გამარჯვების შემდეგ, როგორც წესი, ის სწრაფად ვარდნას იწყებს. საზოგადოება ტრადიციულად კრიტიკულად არის განწყობილი ნებისმიერი მოქმედი პოლიტიკოსისადმი.
• უკრაინა არ არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა. სახელმწიფოს ნებისმიერი მეთაური იძულებულია, საკუთარი საქმიანობის მხარდაჭერა პარლამენტში ეძიოს. ცოტა ხნის წინ პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე გაამყარა ქვეყნის ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვა. 2019 წლის სექტემბერში უკრაინას საპარლამენტო არჩევნები ელოდება, რომელშიც ზელენსკის მოწინააღმდეგეები შეეცდებიან (და აქვთ შანსი), რევანში აიღონ.