რა ჯობია, ქალიშვილის მშობელი იყო, თუ - ვაჟის?
ნახევარსაუკუნოვან მოგონებებს სათუთად ინახავს ფოტოალბომი, რომელშიც მთელი ცხოვრებაა თავმოყრილი – წარმატებული და ცუდი დღეები, მიღწევები და დანაკარგები. ოთახში გამეფებულ მძიმე სიჩუმეს მხოლოდ ალბომის ფურცლების შრიალი არღვევს.
“ეს ჩემი ცოლია, აი, ჩვენი სამი ვაჟიც. ეს კი მე ვარ ახალგაზრდობაში. აქ უფროს ვაჟთან ერთად ვარ, აქ – ქალიშვილთან ერთად. სახლიც მქონდა და ყველანაირი პირობებიც, და დღეს ეს ოთხი კედელია ჩემი სახლი. მაგრამ, არა უშავს, ვცხოვრობ მაინც, არ დავკარგულვარ. ეს ხალიჩა, ტელევიზორი და საწოლი თან წამოვიღე. შემიძლია კარადა გამოვაღო – ნახეთ, რამდენი ტანსაცმელი მაქვს! რომ გამოვეწყობი, ოდეკოლონს შევისხურებ და გავალ, ყველა მე მიყურებს. იმის თქმა მინდა, რომ მართალია, შვილების გარეშე, მაგრამ მაინც ვაგრძელებ ცხოვრებას”, – ამბობს ერევნის პირველ ინტერნატში მცხოვრები, 85 წლის აიზაკ ათოიანი, რომელსაც სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავს.
აიკაზმა ცოლი 23 წლის წინ დაკარგა. ინტერნატში 80 წლის არაქსია პეტროსიანი გაიცნო, რომელსაც ხელი სთხოვა და, უკვე ხუთი წელია, მასთან ერთად ცხოვრობს.
არაქსიასაც ჰყავს შვილები – სამი ქალიშვილი და ვაჟი. გაბრაზებული ქალბატონი აღშფოთებას ვერ მალავს: „სახლიც მქონდა, შვილები გავზარდე, დავაქორწინე და ახლა მოხუცთა თავშესაფარში უნდა ვიყო?! აქ ჩემმა ქალიშვილმა მომიყვანა. სანამ მანქანიდან გადმოვიდოდით, გამაფრთხილა, ყველას უთხარი, ვითომ შენი მეზობლის ცოლი ვარო“.
არაქსიამ გულწრფელად გვიამბო თავისი ამბავი, მაგრამ ფოტოს გადაღება არ ისურვა. თავშესაფრის სხვა ბინადრებმა ფოტოები უპრობლემოდ გადაგვაღებინეს, თუმცა უმრავლესობამ ჩვენთან საუბარი არ მოინდომა – უცხო ადამიანისთვის გულის გადაშლა არ სურდათ.
ინტერნატში 250 ადამიანი ცხოვრობს და თითოეული განსხვავებული მიზეზის გამოა აქ მოხვედრილი. მათ უმრავლესობას ჰყავს შვილები, რომლებსაც ყოველ წუთს ელოდებიან.
“ბევრთან მოდიან სტუმრები, მაგრამ ზოგიერთს საერთოდ არავინ აკითხავს, თუმცა ვიცით, რომ ნათესავები მათაც ჰყავთ. თითოეული მათგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა. სხვა თუ არაფერი, უბრალოდ ახლობლები ენატრებათ. კიდევ ერთ გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი – მშობლებს, ძირითადად, ქალიშვილები აკითხავენ. ისინი მშობლებისადმი ბევრად მეტ ყურადღებასა და მზრუნველობას იჩენენ, ვიდრე ვაჟები, რომლებიც მოხუცებს იშვიათად სტუმრობენ”, _ ამბობს ინტერნატის თანამშრომელი ლილიტ პოღოსიანი.
82 წლის არუთ მკრტიჩიანს, რომელიც ერევნის ნორკის ინტერნატში ცხოვრობს, სამი ქალიშვილი და ვაჟი ჰყავს. ისიც ასე ფიქრობს, რომ ჩვეულებრივ, ქალიშვილები ვაჟებზე მეტ ყურადღებას იჩენენ მშობლების მიმართ.
“ზოგჯერ ვაჟები სახლში შექმნილ მდგომარეობას ვერ უმკლავდებიან. დავუშვათ, მას უკვე ორი შვილი ჰყავს და ოჯახში არეულობა დაიწყო. მშობლების მხარეს ყოფნა არ გამოდის, თუ ცოლს მიემხრობა, მშობლებს გაანაწყენებს. აჩენ, ზრდი, მემკვიდრეობით გადასცემ სახლს, ქონებას და პასუხად გულგრილობას და შეურაცხყოფას იღებ. ასეთ დროს გამოსავლის ძებნას იწყებ – ან ქალიშვილთან უნდა გადახვიდე საცხოვრებლად, ან ბინა უნდა იქირაო. ამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება”, – ამბობს არუთ მკრტჩიანი.
2015 წელს გაერო-ს განსახლების ფონდის სომხურმა ოფისმა მოხუცებულთა სამ თავშესაფარში კვლევა ჩაატარა. მონაცემები ერევნის ორი ინტერნატიდან და გიუმრის თავშესაფრიდან შეკრიბეს. კვლევის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რამდენ მოხუცს ჰყავს შთამომავლობა და როგორი გენდერული თანაფარდობაა ინტერნატის ბინადრების შვილებს შორის.
გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ინტერნატის 623 მოსახლიდან 284 მოხუცი უშვილოა. გამოკითხულთაგან 365 ადამიანს ვაჟი ჰყავს, და მათი 61% მშობლებს არ აკითხავს.
გაერო-ს განსახლების ფონდის „ განსახლების პოლიტიკის მხარდაჭერის“ პროგრამის კოორდინატორის, ანნა ოგანესიანის თქმით, „ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ სომხურ ოჯახებში უპირატესობას ვაჟების ყოლას ანიჭებენ. ეს გარემოება გენდერულ დისბალანსამდე მიგვიყვანს. სომხური საზოგადოების პატრიარქალური წყობა ბიჭებს უფრო ხელსაყრელ პირობებს უქმნის. კვლევის მონაცემების მიხედვით, ინტერნატებში ცხოვრობენ როგორც ვაჟების, ისე ქალიშვილების მოხუცი მშობლები “.
თუმცა მათ შორის ბევრად უფრო ნაკლებია იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ქალიშვილები ჰყავს. აი, ზუსტი მონაცემებიც _ ქალიშვილი 354 ადამიანს ჰყავს, რომელთაგან 173 მშობლებს არ აკითხავს, რაც მთელი რაოდენობის 49%-ს წარმოადგენს.
გაერო-ს განსახლების ფონდმა კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა სახელწოდებით “სელექციური აბორტი და მისი გამომწვევი მიზეზები”. აღნიშნული კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სომხეთში გენდერული სელექციით 7200 აბორტი გაკეთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთში ყოველ წელს დაახლოებით 1500 გოგონა მუცლად ყოფნის დროს, ხელოვნური გზით იღუპება.
36 წლის ერმინე ვირაბიანი, რომელსაც ორი ქალიშვილი და ვაჟი ჰყავს, აღნიშნავს, რომ ნაყოფის სქესის გამო, სამჯერ გაიკეთა აბორტი.
“ყოველი ორსულობისას 12 კვირის გასვლას ველოდებოდი იმისათვის, რომ ბავშვის სქესი დამედგინა. სამჯერ ჩაისახა გოგონა. ორი გოგონა უკვე გვყავდა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი ვაჟი მაინც გვყოლოდა. არ ვიცი… ჩვენ, სომხები ვფიქრობთ, რომ ვაჟმა გვარი უნდა გააგრძელოს, ჩვენზე უნდა იზრუნოს და ჩვენთან ერთად იცხოვროს. გოგონა თხოვდება და სხვა ოჯახში მიდის”, _ ამბობს ერმინე.
გამოკვლევის თანახმად, სომხეთში ვაჟის მსურველი ოჯახების რიცხვი 6-ჯერ აჭარბებს იმ წყვილების რაოდენობას, რომლებიც გოგონებს ელოდებიან. ხუთიდან ორმა ქალმა აღნიშნა, რომ პირმშოდ ვაჟს ისურვებდნენ. შვიდიდან მხოლოდ ერთმა ქალმა განაცხადა, რომ პირველ შვილად ქალიშვილი უნდოდა.
თუკი სომხეთში სელექციური აბორტების პრაქტიკა გაგრძელდება, 2060 წლისთვის სომხეთი 93 ათას გოგონას (პოტენციურ დედას) დაკარგავს.
გენდერული დისპროპორციის მიხედვით, სომხეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში. პირველ-მეორე ადგილებს ჩინეთი და აზერბაიჯანი იკავებენ. სიაში სომხეთს საქართველო და ალბანეთი მოჰყვებიან.
ტრადიციების მიმდევარ საზოგადოებაში გვარის გამგრძელებელ და მშობლების დასაყრდენ ვაჟზე ოცნება ყოველთვის არ სრულდება. ხშირად ასაკოვანი მშობლები საკუთარი ოჯახებისგან მოშორებით ცხოვრობენ, და ზოგჯერ შვილებისგან ტელეფონით, ან „სკაიპით“ იღებენ მოკლე შეტყობინებებს.
“კაცობრიობის განვითარების საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელი, ვაან ასატრიანი აღნიშნავს, რომ მოხუცთა თავშესაფრებში ჩატარებული კვლევა ადამიანებში ცნობიერებისა და წარმოდგენების ცვლილების აუცილებლობას ამტკიცებს. პრობლემის გადაჭრის გზად ექსპერტი მოსახლეობის ფართო ფენებთან მუშაობას, მათ ინფორმირებასა და დიალოგის დამყარებას მიიჩნევს.
ნორკის ინტერნატის ერთ-ერთ ბინადარს, 86 წლის მარუსია სარქისიანს საკუთარი შვილები არასდროს ჰყოლია, მაგრამ სამაგიეროდ, მეუღლის ხუთი შვილი გაზარდა.
“17 წელი მათთან ერთად გავატარე. გავზარდე და დავაქორწინე. ჩემი ქმრის გარდაცვალების შემდეგ უკვე აღარ ვჭირდებოდი. საცხოვრებლად ერევანში გადავედი, ძმასთან. ჯერ სტანდარტის სახელმწიფო კომიტეტში ვმუშაობდი, შემდეგ კი _ რძის ქარხანაში. ამის შემდეგ ქვეყანა დაინგრა და ჩვენც მასთან ერთად… გამოსავალი აღარ მრჩებოდა. 2006 წლიდან აქ ვარ. არავის ველოდები, მაგრამ ვხედავ, როგორ ელოდებიან სხვები. ზოგიერთის შვილი ერთ კილოგრამ კანფეტს მოიტანს და მშობლის მთელი პენსია მიაქვს. ზოგი სამი ვაჟის მშობელია, მაგრამ მაინც გამოაგდეს სახლიდან. “შენ შვილები მაინც არ გყავს, შეგიძლია თქვა, რომ არ გყავს შვილი და მორჩა; ჩვენ კი თითქოს გვყავს შვილები, მაგრამ მაინც არ გვყავს, და რა უნდა ვქნათო”, – ხშირად მეუნებიან ინტერნატის სხვა ბინადრები”.
გამოქვეყნდა 12.03.2016