რატომ გაათავისუფლეს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი?
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აბელ მაგერამოვი პრეზიდენტის განკარგულებით გათავისუფლებულია იმ თანამდებობიდან, რომელსაც თითქმის 20 წელი (1999 წლიდან) იკავებდა. ამ ხნის განმავლობაში მან სახალხო სიყვარული ვერ დაიმსახურა, პირიქით – სტუდენტები მუდმივად კორუფციის გამო ჩიოდნენ.
• რა არის კარგი და რა ცუდი აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ
• აზერბაიჯანში არასრულწლოვანთა შორის აბორტების რაოდენობა გასამმაგდა
• სჭირდებათ თუ არა აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ისლამის გაკვეთილები?
ოპოზიციური ვებ-გვერდის Musavat.com-ის მიერ გამოქვეყნებული ვერსიის მიხედვით, მისი გათავისუფლების მიზეზია ალკოჰოლის კონტრაბანდა და თვითმფრინავის ბორტზე მომხდარი მთვრალი დებოში. ამის შესახებ ჯერჯერობით არავითარი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
როგორ მოხდა ეს? Musavat-ის ვერსია
როგორც Musavat გვიამბობს, 3 ნოემბერს აზერბაიჯანის დელეგაცია რელიგიური ტოლერანტულობის თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად საგანგებო რეისით მადრიდში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში აბელ მეგრამოვიც იყო.
თვითმფრინავი, გადატვირთულობის გამო, აფრენას ვერაფრით ახერხებდა, – იუწყება ანონიმური წყარო იმავე დელეგაციიდან. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გადატვირთვის მიზეზი იყო აბელ მაგერამოვის ორტონიანი ბარგი, რომელიც ღვინის კასრებისგან შედგებოდა.
როგორც Musavat განმარტავს, მაგერამოვსა და მის ვაჟს, რომელიც ესპანეთში აზერბაიჯანის ელჩია, თავიანთი ღვინის ბიზნესი აქვთ. ბიზნესის არსი ისაა, რომ ისინი ადგილობრივ ღვინოს კონტრაბანდულად აგზავნიან აზერბაიჯანიდან ესპანეთში, შემდეგ ამ ღვინოს ბოთლებში ასხამენ და ისეთივე არალეგალური გზით ჩამოაქვთ უკან – უკვე ვითომ ესპანური ღვინო. შემდეგ ეს ვითომდა ესპანური ღვინო იმ მაღაზიებსა და რესტორნებში იყიდება, რომლებიც აბელ მაგერამოვს ეკუთვნის.
მაგრამ, Musavat დასძენს, რომ მაგერამოვის გათავისუფლების მიზეზი ეს არ გამხდარა, არამედ ის, რომ მადრიდში ვიზიტის დროს მას რესტორანში ერთ-ერთ დეპუტატთან ჩხუბი მოუვიდა. ამბობენ, თითქოს აბელ მაგერამოვმა სიმთვრალეში თქვა, რომ „ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – ეს არის დაწესებულება, სადაც ათასობით ადამიანია თავმოყრილი: სტუდენტები და ინტელიგენცია. თუ მოვინდომებ, მათი ძალის გამოყენებით, ერთ წამში შემიძლია ქვეყნის სტაბილურობის დარღვევა“.
სოციალური ქსელების რეაქცია
სოციალურ ქსელებში ცნობა აზერბაიჯანის მთავარი უმაღლესი სასწავლებლის რექტორის გათავისუფლების შესახებ სიხარულით მიიღეს, და მიზეზებზე კამათობდნენ :
„დიდი ხნის წინ უნდა მიებრძანებინათ“
„ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი რამ წამოროშა. ამდენი რამ დაალევინა“
„აბა, მისი განთავისუფლების შევსვათ“
„ყველაზე სასაცილო ის არის, ვიღაცას კიდევ რომ სჯერა, თითქოს ამ ადგილზე ღირსეული ადამიანი დაინიშნება. ღირსეულები დიდი ხნის გამგზავრებულები არიან, დანარჩენები კი რიგში დგანან“.