პატარა ბინის კომპლექსი
‘ხრუშოვკები’ იმ პატარა ბინებს ჰქვია, რომლებიც ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს აშენდა და საბჭოთა კავშირის არქიტექტურის მახინჯ სიმბოლოდ იქცა. ამ მინიატურულ ბინებს ძალიან პატარა სამზარეულო და დაბალი ჭერი ჰქონდა.
არც ისე ბევრს ახსოვს, რომ ‘ხრუშოვკები’ იმ ათასობით ადამიანისთვის შენდებოდა, რომლებიც კომუნალური ბინებისა და სარდაფების გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. ასეთ ბინების დიასახლისები ბედნიერად გრძნობდნენ თავს, რადგან მაცივრის ბოქლომით დაკეტვა და მეზობლებთან საზიარო ტუალეტით სარგებლობა აღარ უწევდათ.
ახლა ვიცით, რომ სამზარეულო ვრცელი უნდა იყოს, ფანჯრები კი – მაღალი, რაც ‘ხრუშოვკის’ მფლობელებს ერთგვარ კომპლექსებს უჩენს. შედეგად, დიასახლისები თავგამოდებით ცდილობენ, სათანადო ინტერიერის ხარჯზე გაზარდონ ბინის სივრცე. როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს ისე, რომ სტერეოტიპების ზეგავლენის ქვეშ არ მოვექცეთ?
1. ყველაფერი ღია ფერებში
ეს ‘ხრუშოვკების’ მოსახლეთა შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპია. ადამიანების ნაწილს სჯერა, რომ თუკი კედლებზე ღია ფერის შპალერს გავაკრავთ, ოთახის ფართობი ორჯერ გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში, ერთგვარი ოპტიკური ილუზია ნამდვილად სახეზეა ხოლმე, თუმცა 12- კვადრატულმეტრიან ოთახს თეთრი კედლები ვერ გააფართოვებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ოთახიდან ზედმეტი ავეჯი გავიტანოთ. ფერების შერჩევისას კი თავი არ შეიზღუდოთ.
2. პატარა ავეჯი
იგივე შეცდომა. მოუხერხებელი, მინიატურული კარადები, ვიწრო დივანი და პატარა მაგიდები ბინას ვერ გაზრდის. პატარა ავეჯი ოთახში ერთით მეტი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მოგცემთ, მაგრამ ვერსად დაალაგებთ ჭურჭელს, საწოლებზე მოუხერხებლად იწვებით და მაგიდასთანაც ვიწროდ ისხდებით. მთელ საძინებელზე გადაჭიმული უზარმაზარი საწოლი ძალიან მოსახერხებელია. მერე რა, რომ სასიარულო ადგილი აღარ დარჩება ოთახში?
3. ‘კომპაქტური’ ჭაღები
‘ხრუშოვკების’ ბინადრებს მიაჩნიათ, რომ 20 სანტიმეტრზე გრძელი ჭაღები მათთთვის არ არის შექმნილი, რადგან შეიძლება თავით გაედონ. დაბალი ჭერის გამო, ხშირად ბინაში ჭერზე მიკრულ, მახინჯი მწერივით ჭაღს კიდებენ. თუმცა, თუ ამ სტერეოტიპისგან გათავისუფლდებით, მაღაზიაში უფრო ფართო არჩევანი გექნებათ. რა საჭიროა ზუსტად ჭაღის ქვეშ სიარული? ჭაღზე უფრო დიდ ავეჯს გვერდს ხომ უქცევთ!
4. დეტალები ქმნის მყუდროებას
სიმყუდროვეს ლამაზი ფარდები, ხალიჩები, ნახატები და განათება ქმნის. თუკი ამ ოთხ ელემენტს შევიტანთ ოთახში, ის ბევრად უფრო მყუდრო გამოჩნდება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ მას ქანდაკებებით, ლარნაკებითა და სუვენირებით გავავსებთ. ის ყველაფერი, რაც კარადებსა და თაროებზე აწყვია, ერთ სტილში უნდა იყოს. იმ ლარნაკს კი, რომელიც თქვენთვის პატივსაცემმა ადამიანებმა გაჩუქეს და ამიტომ ვერ ელევით, ბოიკოტი გამოუცხადეთ და სადმე შეინახეთ.
5. რაც შეიძლება ბევრი კარადა
ყველა დიასახლისის მთავარი საზრუნავია ნივთებისათვის სათანადო ადგილის გამონახვა. ‘ხრუშოვკაში’ არც საკუჭნაოებია, არც სარდაფი, და არც სხვენი. ადამიანს რაც შეიძლება დიდი კარადის შეძენის სურვილი უჩნდება. დიდი კარადა კი დიდ და საჭირო სივრცეს იკავებს. რა ვქნათ?
ჩართეთ წარმოსახვა. არ არის აუცილებელი, სქემებს მიჰყვეთ. დარწმუნებულები ხართ, რომ სამზარეულო მთელი ოთახის კედლებს უნდა იკავებდეს? რეალურად, სამზარეულოს ავეჯი ხომ მხოლოდ ჭურჭლის შესანახად გჭირდებათ! ამისთვის კი მაღალი კარადა, ან ჭერქვეშ და ნიშებში დაკიდებული ღია თაროებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. არ არის საჭირო სამზარეულოს ჩამოსაკიდებელი კარადების ‘სექციები’ იყიდოთ. ტანსაცმელი პუფის კიდობნებში შეგიძლიათ შეინახოთ. კარგი იქნება, თუკი ისეთ დივანს შეიძენთ, რომელსაც შიგნით სათავსოები აქვს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც წესი, კარადა კი არ არის ცოტა, არამედ ნივთია ბევრი. პატარა ბინა უნიკალური შანსია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეთ ზედმეტი ნივთებისგან. ნუღარ ‘დაამწნილებთ’ ქილებში დაჟანგებულ ლურსმნებს და ნურც ფერგადასულ ფარდებს შეინახავთ. რაც გჭირდებათ, იმას ხომ ისედაც იყენებთ! დანარჩენი კი ღარიბ-ღატაკებს დაურიგეთ – მადლსაც მოისხამთ და სახლშიც მეტი სივრცე გათავისუფლდება.