მსჯავრდებული აზერბაიჯანელი ბლოგერი დედის დასაფლავებაზე გაუშვეს
ორი წლით მსჯავრდებული აზერბაიჯანელი ბლოგერი მეჰმან გუსეინოვი დედის დასაფლავებაზე ციხიდან დროებით გამოუშვეს. ამ მოვლენამ დიდი ყურადღება მიიქცია, რადგან მანამდე რამდენიმე დღით ადრე იუსტიციის სამინისტრომ მეჰმანს საავადმყოფოში მძიმედ ავადმყოფი დედის მონახულების უფლება არ მისცა.
მეჰმან გუსეინოვი 2017 წელს მას შემდეგ გაასამართლეს, რაც ბაქოს რაიონის ნასიმინის რაიონის პოლიციის განყოფილების უფროსმა მუსა მუსაევმა ის ცილისწამებაში დაადანაშაულა. ცილისწამებაში იგულისხმებოდა ბლოგერის ის განცხადება, რომ წინა დაკავების დროს ამ სამმართველოს თანამშრომლებმა ის აწამეს. საბოლოოდ მეჰმანს თავისუფლების ორი წლით აღკვეთა მიუსაჯეს.
რამდენიმე კვირის წინათ მასობრივ საინფორმაციო საშულებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეჰმანის დედა სიკვდილის პირას იყო, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო მისთვის დედასთან დამშვიდობების უფლების მიცემაზე პასუხის გაცემას აყოვნებდა. ჰუსეინოვის ადვოკატის თქმით, ასეთ შემთხვევებში კანონი მსჯავრდებულს რამდენიმე ხნით ციხის დატოვების უფლებას აძლევს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანოები იღებენ. შედეგად ბლოგერმა უარი მიიღო, ორ დღეში კი მისი დედა გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი დასაფლავებაზე მაინც გაუშვეს.
გასვენების წინ მიცემულ ინტერვიუში მეჰმან გუსეინოვმა თქვა, რომ მისი მშობლები „სრულიად მარტო დარჩნენ მას შემდეგ, რაც მათი ყველა ვაჟი მათგან შორს აღმოჩნდა“. ბლოგერის უფროსი ძმა ემინ გუსეინოვი რეპორტიორების უსაფრთხოებისა და თავისუფლების ინსტიტუტის დამაარსებელი იყო , რომელიც ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდიდა, და შვეიცარიაში ემიგრაციაში გაემგზავრა.