მოსკოვში პოლიტიკოს ნემცოვის ხმაურიან მკვლელობაში 5 ადამიანი ცნეს დამნაშავედ
მკვლელობაში დადანაშაულებულები, მარცხნიდან მარჯვნივ:ტემირლან ესკერხანოვი, ძმები ანზორ და შადიდ გუბაშევები, ზაურ დადაევი, და ჰიმზატ ბახაევი. ფოტო: ვლად დოკშინი, “ნოვაია გაზეტა”
მოსკოვში ნაფიცმა მსაჯულებმა ბორის ნემცოვის მკვლელობაში ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. JAMnews გთავაზობთ “ნოვაია გაზეტას” მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების მიმოხილვას.
პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, გვიან ღამით მოსკოვში, უშუალოდ კრემლის სიახლოვეს მოკლეს.
მკვლელობასთან სავარაუდო კავშირში მყოფ პირთა წრე რამდენიმე დღის განმავლობაში დადგინდა, რაც ამგვარი დანაშაულების გახსნის პრაქტიკაში თითქმის არ მომხდარა. დაპატიმრებებმაც სწრაფად ჩაიარა – 2015 წლის მარტშივე. მეტიც, ეჭვმიტანილებმა ვიდეოკამერების წინ მისცეს აღიარებითი ჩვენებები.
შემდეგ კი პრობლემები დაიწყო:
– კრემლიდან 300 მეტრის დაშორებით განვითარებული მოვლენის ამსახველი ვიდეოჩანაწერის მოპოვება ვერ მოხერხდა.
– ვერ მოხერხდა, ასევე, დაკითხვაზე იმ მაღალი თანამდებობის ჩეჩენი ძალოვნების გამოძახება, რომლეთა დაქვემდებარებაშიც იყვნენ ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებული პირები. საუბარია ჩეჩნეთის ხელმძღვანელ რამზან კადიროვთან დაახლოებულ ადამიანებზე.
– მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში თითქოსდა არაპროფესიონალურად წარმართული გამოძიების დიკრედიტაციის მასშტაბური და ძვირადღირებული კამპანია დაიწყო.
– სასმართლოში ჩეჩენი ძალოვნების გამოძახების მცდელობები ამგვარი განმარტებით დასრულდა, – „ისინი კარის გაღებაზე უარს ამბობენ“.
დაზარალებულების – ბორის ნემცოვის ნათესავების ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესზე პროკურორები და მოსამართლე მკაფიო მიზანს ისახავდნენ – მათ ნაფიცი მსაჯულები აუცილებლად უნდა დაერწმუნებინათ შემდეგში:
– რიგითი ჩეჩენი მძღოლი რუსლან მუხუტდინოვი უეცრად ბორის ნემცოვისადმი სიძულვილით განისმსჭვალა და მისი მოკვლა გადაწყვიტა.
– ამისთვის მან იშოვა ორასი ათასი დოლარი, იარაღი და თავის თანამემამულეებისგან შემდგარი დაჯგუფება შექმნა.
– მათ თავიანთი ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანეს, მაგრამ მიმალვა ვერ შეძლეს.
დაზარალებულების ადვოკატების აზრით, მთავარი ამოცანა ისაა, რომ ნაფიცი მსაჯულები შემსრულებლების ბრალეულობაში დაარწმუნონ, და მაქსიმალურად გადაიტანონ ყურადღება იმ საკითხიდან, თუ ვინ იყო ამ დანაშაულის ნამდვილი დამკვეთი და ორგანიზატორი.
ნემცოვის მკვლელობის საქმე გახსნილად ვერ ჩაითვლება, – მიაჩნიათ „ნოვაია გაზეტას ჟურნალისტებს“.
დამკვეთისა და ორგანიზატორის შესახებ ცალკე წარმოებისთვის გამოყოფილ საქმეს ალბათ სამძებრო კომიტეტის თაროებზე მტვერი დაედება; ზუსტად – ანა პოლიტკოვსკაის მკვლელობის დამკვეთის საქმის მსგავსად.