ლუკაშენკო მოსკოვთან კონფლიქტის შესახებ: რუსეთს ბელარუსის დასავლეთისკენ სვლა აშინებს
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბოლო დროს რუსეთისა და ბელარუსის ურთიერთობებში დაძაბულობის ზრდა აღიარა და ეს იმით ახსნა, რომ თითქოს მოსკოვს ქვეყნის დასავლეთისკენ სვლა აფრთხობს. ამის შესახებ ლუკაშენკომ 3 თებერვლის შეხვედრაზე „ვრცელი საუბარი პრეზიდენტთან“ განაცხადა.
„ურთიერთობა გამწვავდა, რადგან რუსეთი შიშობს, რომ ბელარუსი დასავლეთის მიმართულებით წავა“, – თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა. თუმცა, ლუკაშენკომ ისიც აღნიშნა, რომ ქვეყნის დასავლეთის მიმართულებით სვლა „შეთანხმებული პოზიციაა, რომლისკენაც ჩემმა მეგობარმა პუტინმა მიბიძგა“.
ლუკაშენკო მოსკოვსა და მინსკს შორის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასებთან დაკავშირებულ კამათს შეეხო და განაცხადა, რომ მის ქვეყანას ძალიან გაუჭირდება რუსული ნავთობის გარეშე, „მაგრამ თავისუფლება და დამოუკიდებლობა – ეს ძალიან რენტაბელურია და არანაირი ფულით და ციფრებით არ იზომება“ და
„დამოუკიდებლობა, პატიოსნება, ჩვენი ისტორიული წარსული – ამ ნავთობზე უფრო ძვირფასია“.
ლუკაშენკომ ისიც მიანიშნა, რომ სწორედ ენერგომატერებლების ფასები გახდა რუსეთის ФСБ-ს მიერ 1 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი – ბელარუსის საზღვარზე სასაზღვრო ზონის დაწესების.
ბელარუსი და რუსეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან და ქვეყნებს შორის ადამიანებისა და საქონლის თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი მოქმედებს.
ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ ბელარუსში არ არსებობს რუსული სამხედრო ავიაბაზის შექმნის აუცილებლობა.