კორუფციასთან ბრძოლა სომხეთში. მითი და რეალობა
ფოტო: ლიუსი სარგსიანი
ყველა – ოპოზიცია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლას აფინანსებენ – აღიარებს იმას, რომ კორუფცია ბოროტებაა და სომხეთს განვითარებას აფერხებს.
ეს ბრძოლა ხმაურიანი მხილებებით, დაპატიმრებებითა და საკანონმდებლო ცვლილებებით ვლინდება, მაგრამ ანტიკორუფციული ცენტრ „ტრანსპერენსი ინტერნეიშენალის“ დირექტორის, სონა აივაზიანის თქმით, ეს საკმარისი არ არის.
მისი თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ნამდვილი, თუკი ამ დანაშაულში მხოლოდ ქვედა ეშელონის წარმომადგენლები არ იქნებოდნენ მხილებულნი: “ვიდრე პასუხისგებაში მიცემის მექანიზმები არ ამუშავდება, ძნელია იმის თქმა, რომ ბრძოლა მიმდინარეობს”.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეროვნული უშიშროების სამსახურმა რამდენიმე საქმე გახსნა ერთ-ერთი საქმე ეხება მოსამართლისთვის ქრთამის მიცემის საბაბით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის გამოძალვას. საუბარია სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დანიშნულ სასამართლო გაჩევაში ჩარევის მცდელობაზე. გამომძალველი პირობას დებდა, რომ მოსამართლე ბრალდებულისთვის ხელსაყრელ განაჩენს გამოიტანდა, ამის სანაცვლოდ კი დაახლოებით 8 ათას ამერიკულ დოლარს ითხოვდა.
კიდევ ერთი გახსნილი საქმე უფლებამოსილების გადამეტებას შეეხება. საქმეში ფიგურირებენ პოლიციელები, რომლებიც სხვადასხვა საბაბით აჭიანურებდნენ დაკარგული სამხედრო ბილეთის აღდგენის პროცესს და, ვითომდა პროცესის დაჩქარების მიზნით, მოქალაქეს 200 დოლარს სძალავდნენ.
რეზონანსული გამოდგა ასევე ინფორმაცია სამი სომხური უმაღლესი სასწავლებლის შესახებ. უშიშროების სამსახურის განცხადებით, ზემოაღნიშნული დაწესებულებების კურსდამთავრებულებს ყალბ დიპლომებს ურიგებდნენ.
თუმცა, ანტიკორუფციული ცენტრის პოგრამების ხელმძღვანელი, ვარუჟან ოქტანიანი აცხადებს, რომ კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლისათვის ეს ზომები საკმარისი არ არის, რადგან ამ პრობლემის მოგვარება მაღალი ეშელონებიდან უნდა დავიწყოთ: „უმაღლეს დონემდე მისაღწევად კი პოლიტიკური ნებაა საჭირო. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პოლიტიკური ნება არ არსებობს, შეგვიძლია, უბრალოდ, „შოუ“ ვუწოდოთ იმას, რაც ახლა ხდება“.
მან აღნიშნა, რომ მცირე ხნის წინათ უშიშროების სამსახურმა გახსნა საქმე, რომელიც სოციალური უზრუნველყოფის სფეროს მუშაკებს შეეხება. ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს – მათ შორის, სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის სააგენტოს უფროსი, არმენ სოღოიანი. საქმეში 12 მოხელე ფიგურირებს.
უშიშროების სამსახურის განცხადების მიხედვით, სტრუქტურა, რომელსაც სოღოიანი ხელმძღვანელობდა, მოქალაქის ინვალიდობის ჯგუფის განსაზღვრისას ქრთამის სახით 20-40 ათასი დრამს (დაახლოებით $40-80) იღებდა. ნაშოვნი ფულის ნაწილს სამედიცინო კომისიის თავმჯდომარეები სააგენტოს ხელმძღვანელს, არმენ სოღოიანს აძლევდნენ.
ვარუჟან ოქტანიანმა გაიხსენა, რომ არმენ სოღოანამდე ამ პოსტს მიქაელ ვანიანი იკავებდა, რომელიც თანამდებობიდან 2012 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს – მას შემდეგ, რაც სტრუქტურაში კორუფციული რისკები აღმოაჩინეს. ექსპერტის აზრით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულის განმეორების წინაპირობები ბევრად უფრო აშკარაა, სასჯელი კი, ამ შემთხვევაში, ქმედით მექანიზმს აღარ წარმოადგენს.
“თუკი გარკვეული დროის შემდეგ რომელიმე სფეროს რომელიმე სტრუქტურაში დანაშაული მეორდება, გამოდის, რომ მიღებული ზომები უბრალო შოუ იყო, და არა კორუფციასთან ბრძოლა. იმას არ ვამბობ, რომ არ უნდა დააპატიმრონ; მაგრამ მხოლოდ პატიმრობა საკმარისი არ არის. საჭიროა პროფილაქტიკა. დამნაშავის დასჯა ერთადერთი იარაღი არ არის. კორუფციასთან ბრძოლის სხვა ინსტრუმენტებიც არსებობს”.
სომხეთის იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, კარენ ზადოიანი დარწმუნებულია, რომ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია შეიქმნას დამოუკიდებელი ორგანო, რადგან არსებული მდგომარეობა „სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას“.
სომხეთში მოქმედებს კორუფციასთან ბრძოლის საბჭო, რომელიც სომხეთის წინა პრემიერმინისტრის, ოვიკ აბრამიანის მმართველობის პერიოდში შეიქმნა და ამჟამად ეს ორგანო მთავრობის მოქმედი ხელმძღვანელის, კარენ კარაპეტიანის დაქვემდებარებაშია გადასული. საბჭოს შემადგენლობაში ოფიციალური პირები შედიან – გენერალური პროკურორი, იუსტიციის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და „კორუფციასთან ბრძოლის კოალიცია“.
საბჭოს შექმნამ დიდი რეზონანსი გამოიწვია სომხეთში, რადგან მის შემადგენლობაში ისეთი მაღალჩინოსნები შევიდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური წრეების მოსაზრებით, პრესაში გამოქვეყნებული არაერთი პუბლიკაციის თანახმად და მათი ქონებრივი დეკლარაციებიდან გამომდინარე, თავადაც არ არიან შორს კორუფციული პროცესებისგან. იმ პერიოდში, როდესაც ისინი მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, მათი ოჯახები მსხვილი სამეწარმეო ობიექტების მეპატრონეებად იქცნენ. შესაბამისად, ამ ადამიანებს არ შეუძლიათ კორუფციასთან ბრძოლა. ამიტომ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა, გარკვეულწილად, “ხელოვნური” პროცესია.
სხვათა შორის, საბჭოს საქმიანობის არაეფექტურობაზე შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ მაილსმაც ისაუბრა. ორიოდე დღის წინათ მან ხაზი გაუსვა იმას, რომ საბჭოს ანგარიშზე წინასწარ განსაზღვრული თანხის მხოლოდ 2,5% გადაირიცხა, რადგან ეს ინსტიტუცია არაეფექტიანად მუშაობს.
ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სომხეთის მთავრობა ყველა ბერკეტს იყენებს კორუფციასთან საბრძოლველად და შემუშავებული სტრატეგია თანდათანობით ინერგება ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სურენ ქრმოიანის თქმით, კორუფციასთან ბრძოლისას აღმასრულებელი ხელისუფლება ინოვაციური მეთოდების გამოყენებას ცდილობს:
„შესაძლებლობების ფარგლებში გამჭვირვალე და ინტეგრირებული მართვის სისტემის შესაქმნელად ჩვენს ადამიანურ რესურსსა და ელექტრონულ ინსტრუმენტებს ვიყენებთ. ამ გზით ქრთამის აღებ-მიცემობის რისკების ნეიტრალიზაციას უზრუნველვყოფთ. დიდია რისკები განათლების, ჯანდაცვის, პოლიციისა და საგადასახადო ორგანოებში. შესაბამისად, პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, სწორედ ამ სფეროებზე ვახდენთ ფოკუსირებას“.
სომხეთში კორუფცია მაშინ გაქრება, როდესაც მისი ყოველი მეოთხე მოქალაქე და მისი ოჯახის წევრები ქრთამების მიცემაზე იტყვიან უარს და როდესაც ხალხი ხმამაღლა დაიწყებს ამ ამ პრობლემის განხილვას. სხვათა შორის, 2016 წელს გამოკითხულთა 67%-მა განაცხადა, რომ არ მიმართავდა პოლიციას იმ შემთხვევაში, თუკი კორუფციის შემთხვევის მომსწრე გახდებოდა. ეთნოგრაფი აგასი თადევოსიანი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი მენტალიტეტია:
“სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობა – უფრო ზუსტად კი ის ადამიანები, რომლებიც კორუფციულ ურთიერთობებში არიან ჩართულნი – ვერ აცნობიერებს, რომ დანაშაულს ჩადის. მათ ესმით, რომ უკანონო ქმედებაა, მაგრამ ყოველდღიური ურთიერთობების ნაწილად მიიჩნევენ. თვლიან, რომ ეს არა ქრთამი, არამედ ერთგვარი „მადლიერების გამოხატულებაა გაწეული დახმარებისათვის“. ჩინოვნიკი, რომელიც ადამიანს რაიმე პრობლემის მოგვარებაში ეხმარება მადლობის ნიშნად საჩუქრებსა და „მაღარიჩებს“ იღებს; ზოგჯერ კი მის პატივსაცემად სუფრებსაც შლიან“.
ეთნოგრაფის თქმით, მოსახლეობა კორუფციული გარიგებებით უფრო მარტივად აგვარებს პრობლემებს, ვიდრე კანონიერი გზებით.
„ეთნოგრაფის თქმით, სომხეთში კორუფცია „ზემოდან“ უნდა აღმოიფხვრას, ამისათვის კი პოლიტიკური ნებაა საჭირო. „ვიდრე კორუფციის ნაყოფებით სარგებლობა ძალაუფლებისკენ სწრაფვის მთავარი მოტივატორი იქნება, პრობლემა ვერ გადაწყდება“.