კორონავირუსი ირანს უტევს
ირანის ხელისუფლებამ კორონავირუსით დაავადების 18 და გარდაცვალების ოთხ ფაქტზე გაავრცელა ინფორმაცია – ამის შესახებ Radio Free Europe წერს. აქამდე დაავადების ხუთი შემთხვევის შესახებ იყო საუბარი.
დაავადებულთა უმრავლესობა და ოთხივე გარდაცვლილი – ქალაქ ყუმის მცხოვრებლები იყვნენ ან ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ იქ.
ყუმი – ირანის რელიგიური ცენტრია. ეპიდემიის საფრთხის გამო იქ ყველა სკოლა და სასულიერო სემინარია დაიხურა, გადაიდო ღვთისმსახურებები.
ირანმა ჩინეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ფრენების შეზღუდული რაოდენობა დაშვებულია ჩინეთიდან ირანის მოქალაქეების ევაკუაციისა და ჩინელი მუშების სამშობლოში დასაბრუნებლად.
ჩინეთი – ირანის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია – ის აგრძელებს ირანული ნავთობის შესყიდვას, ამერიკის სანქციების მიუხედავად.
ირანის მოქალაქეები არ ენდობიან ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაავადებულთა და დაღუპულთა შესახებ.
ირანული სოციალური ქსელები სავსეა პოსტებით, სადაც ადამიანები წერენ იმის შესახებ, რომ მათი ახლობლები სპეციალურ ტანსაცმელში გამოწყობილ ადამიანებს საავადმყოფოებში გადაყავთ და რომ ხელისუფლება უარს აცხადებს გარდაცვალების მიზეზის დასახელებაზე.
კორონავირუსის ქრონიკა მსოფლიოში
23 თებერვალი
23 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადების 77 968 შემთხვევაა დადასტურებული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კვლავინდებურად ჩინეთში, უბეის პროვინციაში.
თუმცა, გაიზარდა ვირუსის სხვა ქვეყნებში გავრცელების სტატისტიკაც. კერძოდ, დაავადების 433 შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, 122 – იაპონიაში, 62 იტალიაში, 32 აშშ-ში.
დღეისათვის, ვირუსით გარდაიცვალა 2 362 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 21 259.
მსოფლიოში დაავადების გავრცელებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ ონლაინ-რუკაზე.