თვალსაზრისი: რატომ არ ენდობა ტრამპი არავის?
The Atlantic-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორს ჯულიან ზელიცერს მიაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერ პრეზიდენტს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში იმ დროის სული შეაქვს, როდესაც ის თავის პირველ პოლიტიკურ ან ჯერ კიდევ არაპოლიტიკურ ნაბიჯებს დგამდა.
მაგალითად, რონალდ რეიგანმა და უფროსმა ჯორჯ ბუშმა ბევრი რამ 50-იანებიდან გადმოიღეს, როდესაც ცივი ომი დაიწყო და ამერიკა პატრიოტიზმის შეტევას განიცდიდა. ბარაკ ობამა კი, თავის მხრივ, 90-იანების გამოცდილებას ეყრდნობოდა, როდესაც ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელი იყო, თუ მას გონივრულად მიუდგებოდი.
დონალდ ტრამპი 28 წლის იყო, როდესაც აშშ-ს 37-ე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი უოტერგეიტის სკანდალის გამო გადადგა. ნახევარ წელიწადში აშშ-მა ვიეტნამში ომი შეწყვიტა. რასაკვირველია, ამ ორმა მოვლენამ, ისევე როგორც მთლიანობაში 70-იანი წლების ატმოსფერომ, ტრამპის მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
აშშ-ს მომავალი, 45-ე პრეზიდენტი სწორედ იმ დროს იწყებდა კარიერას თავისი მამის კომპანიაში. კომპანია უძრავი ქონების მშენებლობით იყო დაკავებული და ტრამპი კარიერულ კიბეზე მალევე დაწინაურდა.
ეს ის დრო იყო, როდესაც ამერიკელმა ხალხმა ბევრი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ნდობა დაკარგა.
1972 წლის ივნისში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ხუთმა ადამიანმა შეაღწია „უოტერგეიტის“ კომპლექსში, სადაც დემოკრატიული პარტიის კანდიდატის შტაბი მდებარეობდა. მათ იქ მოსასმენი მოწყობილობის დამონტაჟება სცადეს.
ეს ისტორია იმით დასრულდა, რომ მეორე ვადით არჩეული რიჩარდ ნიქსონი 1974 წლის აგვისტოში იძულებული გახდა, გადამდგარიყო, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატების შტაბში მოსასმენი დანადგარის დამონტაჟებასთან მისი ადმინისტრაციის პირდაპირი კავშირი დამტკიცებული არ იყო. გადადგომის მიზეზად ის იქცა, რომ ნიქსონი ფიცის ქვეშ ცრუ ჩვენებების მიცემაში ამხილეს.
უოტერგეიტის სკანდალის გამო, ბევრი ამერიკელის თვალში მრავალი წლის განმავლობაში ნებისმიერი ამერიკული მთავრობა დისკრედიტირებული იყო. ნიქსონის შემცვლელად მოსულმა ჯერალდ ფორდმა მოვალეობის შესრულების დაწყებიდან მეორე თვესვე ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალა. ამან კიდევ უფრო გააბრაზა ამერიკელი ამომრჩევლები, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ ნიქსონი სათანადოდ დასჯილიყო.
70-იან წლებში გლობალური უნდობლობა ამერიკულმა სპეცსამსახურებმაც იწვნიეს. ამერიკელებს არცთუ უსაფუძვლოდ მიაჩნდათ, რომ ჯონ ედგარ გუვერი, რომელიც FBA-ს დირექტორის თანამდებობას 50 წლის განმავლობაში იკავებდა, ანტისამხედრო აქტივისტების მიმართ ბრძოლისას საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა. 1971 წლის გაზაფხულზე აქტივისტები FBA-ს ერთ-ერთ ოფისში შეიჭრნენ. იქიდან გატაცებული დოკუმენტებით დადასტურდა, რომ FBA-მ მთელ ქვეყანაში თვალთვალის სისტემა დააწესა.
ამერიკის ეკონომიკა ასევე არცთუ საუკეთესო მდგომარეობაში იყო. უმუშევრობისა და ინფლაციის მაღალი დონე ამერიკელებს ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევდა. ბევრმა იმის რწმენაც კი დაკარგა, რომ თავისუფალი ბაზარი მათ ამერიკულ ოცნებას განახორციელებდა. 1973 წლის ენერგეტიკულმა კრიზისმა ამერიკის საზოგადოება სერიოზულად დააფიქრა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებზე შეერთებული შტატების დამოკიდებულების თაობაზე.
ტრამპის თითქმის წელიწადნახევრიან პრეზიდენტობას ტოტალური უნდობლობა რეფრენად გასდევს. ის მუდმივად ვიღაცას ადანაშაულებს სიცრუეში; ან ამერიკის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც, მისი აზრით, „ყალბ ახალ ამბებს“ გადასცემენ, ან სპეცსამსახურებს, რომლებიც თითქოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ინტერესების მიხედვით მოქმედებენ.
ჯულიან ზელიცერი წერს, რომ დღევანდელ ამერიკაში მთავარი კითხვაა – შეძლებენ თუ არა დონალდ ტრამპის ყველაზე ერთგული დამცველებიც კი იმის დანახვას, რომ ეს სწორედ ის ადამიანია, რომლის ნდობაც არ შეიძლება. ვიდრე ასე არ მოხდება, შეერთებული შტატები ისევ 70-იან წლებში იცხოვრებს.