რესპუბლიკის სახალხო კრების დეპუტატებმა ერთხმად, პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც ინგუშეთის ტერიტორიაზე სტალინის ხსოვნის უკვდავყოფას კრძალავს.
კანონპროექტი „რეგიონის ტერიტორიაზე სტალინის ხსოვნის უკვდავყოფის აკრძალვის შესახებ“ 1944 წლის 23 თებერვალს მომხდარი ინგუში ხალხის დეპორტაციის 73 წლისთავის წინა დღეს იქნა მიღებული,– იუწყება სააგენტო ТАСС.
„კანონი ითვალისწინებს სტალინის უკვდავყოფის აკრძალვას – იმ ადამიანის, რომელმაც მთელი ხალხებისა და ცალკეული ადამიანების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიები განახორციელა“, – განაცხადა რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, ზელიმხან ევლოევმა.
მან აღნიშნა, რომ კანონი სტალინის ძეგლებისა და ბიუსტების დადგმას კრძალავს. იკრძალება ასევე მისი სახელის გამოყენება ქალაქებისა და სოფლების სახელდებისას. ამას გარდა, მისი მოღვაწეობის საჯარო გამართლება ან მოწონება დასჯადი ხდება. იკრძალება საბჭოთა ბელადის გამოსახულების განთავსება საზოგადოებრივ ადგილებსა და ადმინისტრაციულ შენობებში.
“მკრეხელობაა იმ ადამიანის გმირად გამოცხადება, რომელმაც ათობით ეთნიკური ჯგუფის დეპორტაცია მოახდინა. არ არის სწორი ძეგლის დადგმა ტირანისთვის, რომლის მმართველობის პერიოდშიც ინტელიგენციისა და სამხედრო სფეროს ათობით ათასი წარმომადგენელი დახვრიტეს და დააპატიმრეს“, – განაცხადა სახალხო კრების დეპუტატმა, მარიამ ამრიევამ.
1944 წლის 23 თებერვალს ინგუში და ჩეჩენი ხალხები ყაზახეთსა და ყირგიზეთში გადაასახლეს. გზაში და ცამეტწლიანი გადასახლების პერიოდში შიმშილის, სიცივისა და დაავადებების შედეგად რეპრესირებულთა მესამედი დაიღუპა.
საქართველოში კი, სტალინის მშობლიურ ქალაქ გორში, დიდი ბელადი, ფაქტობრივად, ღმერთია – ხელშეუხებელი და უკვდავი. სტალინის მოყვარულები საქართველოში – JAMnews-ის რეპორტაჟი.