თბილისში ელიავას ბაზრობა დაიწვა
2 ივლისის საღამოს თბილისში, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს სამი საათის განმავლობაში 30-მდე სახანძრო- სამაშველო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობდა.
მსხვერპლი არ არის, მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე. ხანძრის შედეგად დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრის ფართობი განადგურდა.
“ელიავას ბაზრობა” თბილისში 90-იანი წლების შუა წლებიდან არსებობს. ამ ტერიტორიაზე სახელდახელო დახლები და პატარა მაღაზიები ენაცვლება ერთმანეთს, სადაც სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ყველანაირ მასალას, საყოფაცხოვრებო ნივთებს და ასევე ავტონაწილებს ჰყიდიან.
ხანძარი ელიავას ბაზრობის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც ავტონაწილები იყიდება. ცეცხლი სწრაფად მოედო დიდ ფართობს, რადგან აქ ბევრი სწრაფად აალებადი საქონელია დასაწყობებული – საბურავები, საღებავები, ზეთები, პლასტმასის ნაწილები.
სამაშველო სამსახურში ხანძრის შესახებ პირველი ინფორმაცია 21 საათსა და 16 წუთზე შევიდა. ამ დროს ბაზრობაზე დახლები და მაღაზიები უკვე დაკეტილი იყო.
რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ეს უკვე მეორე მსხვილი სავაჭრო ობიექტია, რომელსაც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ძლიერი ხანძარი გაუჩნდა. იანვარში თბილისში “ბავშვთა სამყაროს” შენობა დაიწვა. საბჭოთა დროინდელ ამ დიდი უნივერმაგში ათეულობით მოვაჭრეს ჰქონდათ ნაქირავები დახლები. იქვე იყო ოქროს ბირჟაც, სადაც ძვირფასეულობა იყიდებოდა. ხანძარის შედეგად “ბავშვთა სამყაროს” შენობა სრულად დაიწვა და მოვაჭრეებმა დიდი ზარალი ნახეს. ისინი დღემდე ითხოვენ კომპენსაციას თბილისის მერიისგან და პერმანენტულად აწყობენ საპროტესტო აქციებს. დამწვარი შენობის დემონტაჟი დღემდე არ მომხდარა. არც ის არის ცნობილი, რა უნდა აშენდეს მის ადგილას.