თბილისის ქუჩებში ათასობით მორბენალი გამოჩნდა
ფოტო: თბილისის მარათონის ოფიციალური ფეისბუკგვერდიდან
თბილისის საქველმოქმედო მარათონი (Tbilisi Marathon) საქართველოს დედაქალაქში უკვე მეექვსედ ტარდება და ადგილობრივი მოხალისეების გარდა ტურისტების ყურადღებასაც იქცევს.
ჰაიდელბერგცემენტის მიერ ორგანიზებული გარბენი 22 ოქტომბერს დილის 08:30 საათზე რუსთაველის გამზირიდან დაიწყო.
მართალია, თავად მარათონებელი დილიდან კარგ განწყობაზე იყვნენ, თუმცა სოციალურ ქსელში ბევრი თბილისელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმისა გამო, ქალაქის ცენტრი სრულიად ჩაკეტილია ავტოტრანსპორტისთვის.
„თბილისი მარათონის“ მარშრუტი კვლავაც ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს – სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაკეტილია ქალაქის ისტორიული ქუჩები. საზოგადოებრივ წესრიგს საპატრულო პოლიცია იცავს.
პირველად თბილისის საქველმოქმედო მარათონი 2012 წელს გაიამრთა. 2017 წელს მარათონზე სიახლე იქნება — ორგანიზატორებმა გუნდური ესტაფეტა დაამატეს.
მარათონში მონაწილეობა ფასიანია. 10-კილომეტრიანი დისტანციის გარბენზე რეგისტრაციის ღირებულებაა 15 ლარი, 21,1 კილომეტრზე — 20 ლარი.
6-დან 11 წლამდე ბავშვებს სთავაზობენ 500-მეტრიან, ხოლო 11-დან 15 წლამდე მოზარდებს — ერთკილომეტრიან დისტანციას. ბავშვებისთვის გარბენი უფასო იქნება.
გარბენის ორგანიზატორი კომპანია – ჰაიდელბერგცემენტი, ტრადიციულად, მარათონიდან შემოსულ თანხას წელსაც გააორმაგებს და ქველმოქმედებაში დახარჯავს.
2016 წელს შეგროვდა 23 ათასი ლარი, რომელიც გაორმაგდა და პალიატიური დახმარების ბავშვთა ჰოსპისს 46 ათასი ლარი გადაეცა.
2015 წლიდან თბილისი მარათონი მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია, შესაბამისად, ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება.