ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ბიოლოგიური იარაღის და იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ ისაუბრა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სოჭში 2018 წლის 18 ოქტომბერს „ვალდაის ფორუმზე“ გამოსვლისას რამდენიმე ხმამაღალი განცხადება გააკეთა.
საქართველოში ბიოლოგიური იარაღის შექმნის შესახებ
„ასეთი სამუშაოები, თუკი მართლაც მიმდინარეობს, ძალიან საშიშია. ეს შიშის შეგრძნებას იწვევს. მუშავდება პრეპარატები, რომლებიც არჩევით მოქმედებს ადამიანზე მისი ეთნიკური კუთვნილების მიხედვით.
მეორე და მესამე თაობაში ისეთი ცვლილებები ხდება,რაც თავდაპირველ იერს ცვლის. თუ ეს ასეა, ეს დიდი საფრთხეა”.
ვებგვერდზე ასევე ნახავთ: რუსეთი საქართველოში საიდუმლო ბიოლოგიური ლაბორატორიის შექმნაში აშშ-ს ადანაშაულებს. რას ამბობენ თბილისში, მოსკოვსა და ვაშინგტონში ?
უკრაინისა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ
„კიევი ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც მიხეილ ნიკოლაევიჩის (სააკაშვილი) პოლიტიკას მოგვაგონებს. სააკაშვილის ქმედებების შედეგად საქართველომ თავის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. სამწუხარო იქნება, თუკი უკრაინის ახლანდელი ხელისუფლება იმავე გზას დაადგება.
ბირთვული ომისა და იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ
„ჩვენ საერთოდ არაფრის გვეშინია. აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ სამაგიერო გარდაუვალია. ჩვენ კი – აგრესიის მსხვერპლები ვართ, და როგორც მოწამეები – სამოთხეში ვხვდებით“.
ასევე ვებგვერდზე ნახავთ: რუსეთში საპენსიო ასაკი გაიზარდა და გადასახადებმა მოიმატა. რა არგუმენტები აქვს ხელისუფლებას და რა იქნება?
სოციალური ქსელების რეაქცია
სოციალური ქსელების რუსულ სეგმენტში რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით ხუმრობებს აქვეყნებენ. რამდენიმე სახასიათო კომენტარი:
„ვინც ახლოს ხართ მასთან – პაციენტს რუსული ტელევიზია გამოურთეთ“
„პუტინი ჯერაც იმ სამყაროში ცხოვრობს – საპენსიო რეფორმამდელ დროში, და ამიტომაც შესაბამისად იქცევა: აგდებულად და ქედმაღლურად“.
„პუტინმა პირობა დადო, რომ ბირთვულ დარტყმას პირველი არ განახორციელებს“
„აქ სოციალურ ქსელებში ყველა სამოთხის შესახებ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის წარმოდგენებზე მსჯელობს. და ის, რომ წინა დღეს ეგვიპტეს „ეკონომიკის განვითარებისთვის“ 25 მილიარდი დოლარი გაუგზავნა – ამით არავინ დაინტერესდა. და საკითხავია, ვინ არის აქ არანორმალური?“
რა არის ვალდაის ფორუმი
ვალდაის ფორუმი (სადისკუსიო კლუბი „ვალდაი“) 20014 წელს შეიქმნა. ის ჩაფიქრებული იყო როგოც უცხოელი და რუსი პოლიტოლოგების შეხვედრის ადგილი. თუმცა, მის სხდომებზე მხოლოდ მათ იწვევენ, ვინც რუსეთის ხელისუფლების მიმართ სრულ ლოიალურობას ავლენს.
ტრადიციულად, ამ ღონისძიებაზე მთავარი სპიკერი – რუსეთის პრეზიდენტი პუტინია.