ვის სჭირდება ომი
ფოტო გევორქ ყაზარიანის არქივიდან. გადაღებულია 2012 წელს, სომხეთში, დსთ-ს წვრთნების დროს
სომხეთში უკვე ეგუებიან ფორმულირებას ‘უპრეცედენტო დაძაბულობა მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის სამხედრო ძალების გამყოფ ზოლზე.’ 2 აპრილის დილა სომხეთში ისევ ამ სიტყვებით დაიწყო, თუმცა საზღვარზე არსებულ სიტუაციას მშვიდობიანს ვერც ერთი დღით ადრე დაარქმევდი, და ვერც ერთი თვის წინათ. სიტუაციის რეალურმა გამწვავებამ პიკს ჯერ კიდევ 2015 წელს მიაღწია.
მაშინ, ისევე როგორც ახლა, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა განცხადებით, რომელშიც უწყება საერთაშორისო საზოგადოებასა და ეუთო–ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს მოუწოდებდა, ყურადღება მიექციათ შექმნილი ვითარებისთვის, რადგან მომდევნო ნაბიჯი სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებზე გადასვლა იქნებოდა. მაგრამ, დიდი ანგარიშით, არაფერი შეცვლილა. დაძაბულობამ იკლო, თუმცა არ შეწყვეტილა და ახლა ისევ მორიგ პიკს მიაღწია.
PanPhoto-ს ფოტო
დღეს კიდევ ერთხელ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ საბრძოლო მოქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეებიც ემსხვერპლნენ. ‘გრადის’ ტიპის დანადგარებით დასახლებულ პუნქტ ჩარტარის მიმართულებით განხორციელებულმა სროლებმა 2004 წელს დაბადებული ვაგინაკ გრიგორიანის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ ორი ბავშვი დაჭრილია. 12 წლის ბავშვის სიკვდილმა შოკი გამოიწვია. ამას ვერ შეეგუები.
PanPhoto-ს ფოტო
დღეს სომხეთში მთავარი შეკითხვა ყველასთვის ეს იყო – ნუთუ მართლა ომი იწყება?
პოლიტოლოგების რეაქცია
‘კავკასიის ინსტიტუტის’ დირექტორმა, პოლიტოლოგმა ალექსანდრ ისკანდერიანმა აღნიშნა, რომ ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, დაიწყებოდა იერიში მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ. მოწინააღმდეგე სიღრმეში შესვლას შეეცდებოდა და სტეფანაკერტის მისამართით ცეცხლს გახსნიდა. ეს ყველაფერი კი, უბრალოდ, დაპირისპირების გამწვავების მიზნით ხდება.
‘აშშ-ში ვიზიტის დროს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა აზერბაიჯანის პოზიციას ‘დესტრუქციული’ უწოდა და ამის შემდეგ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხურ პოზიციებს შეუტიეს. ძნელია, წარმატებული უწოდო თავად ალიევის ვიზიტს აშშ-ში.როგორც ჩანს, ბრძანება სწორედ მან გასცა ვაშინგტონიდან, სადაც მას, სავარაუდოდ, რაღაც პრობლემა შეექმნა. განკარგულება ემოციურად გაიცა.’
ისკანდერიანი ფიქრობს, რომ ნავთობის ფასის ვარდნისა და ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური თუ სოციალური პრობლემების ფონზე, აზერბაიჯანის ხელისუფლებას საზღვარზე სიტუაციის გამწვავება ხელს აძლევს, რადგან ამით მოსახლეობის ყურადღება სხვა საკითხზე გადააქვს:
‘ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აზერბაიანი მდგომარეობას ძაბავდა. თავიდან სნაიპერებს იყენებდა, შემდეგ კი დივერსიული აქტების შესრულებასა და საარტილერიო დაბომბვაზე გადავიდა. დღეს დარტყმებს ავიაციის საშუალებით ახორციელებს. ამით აზერბაიჯანის ხელისუფლება არამხოლოდ საკუთარ საზოგადოებას, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც მიმართავს და ატყობინებს, რომ სტატუს–კვოს მიღწევა შეუძლებელია.’
ისკანდერიანს სხვებიც ეთანხმებიან. დაძაბულობის გამწვავების იგივე მიზეზებზე ლაპარაკობენ სხვა სომეხი პოლიტოლოგებიც, და ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ეს ომი არ არის.
პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების სომხური ცენტრის ექსპერტი, პოლიტოლოგი რუბენ მეღრაბიანი ამბობს:
‘საერთაშორისო საზოგადოება აუცილებლად გაასამართლებს ოფიციალური ბაქოს ქმედებებს. აზერბაიჯანი ვერ გარისკავდა, რუსული შეიარაღება რომ არ ჰქონდეს. სწორედ რუსეთიდან იარაღის მიღების თაობაზე დადებული კონტრაქტები მატებს აზერბაიჯანს თავდაჯერებულობას და სომხური პოზიციების მიმართულებით ნასროლი ყველა ტყვია სომხეთის სტრატეგიული პარტნიორის სინდისზეა. რუსეთს სჭირდება რეგიონში მართული არეულობა, რომელსაც ერთპიროვნულად თავად განაგებს.’
სოციალურ ქსელებში
სომხეთში ფეისბუკის მომხმარებლებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ზომიერი და ლაკონური კომენტარები დაწერეს. ისინი, ძირითადად, ყველაზე უფრო სანდო საინფორმაციო წყაროების სტატიებს აზიარებდნენ. და, როგორც ყოველთვის მსგავს შემთხვევებში, ამჯერადაც გაისმა საზღვარზე მომსახურე ჯარისკაცებისა და მათი დედებისადმი მხარდამჭერი სიტყვები.
სამაგიეროდ, სტეფანაკერტელი მომხმარებლები აქტიურობდნენ:
‘ერთ ნაცნობს ველაპარაკე. აზერბაიჯანმა მოქმედება დაიწო ჩრდილოეთსა და სამხრეთში. ცდილობს, ზოგიერთი ჩვენი პოსტი აიღოს. პირველ ეტაპზე მოახერხეს ამის გაკეთება, მაგრამ ახლა პოსტები უკან დავიბრუნეთ. თან ამ მოქმედებებში ტექნიკაც ჩართეს. ორივე მიმართულებით სპეცდანიშნულების დანაყოფები მოქმედებდნენ და მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს – სულ ცოტა, 50 ადამიანი დაეღუპათ. ჩრდილოეთში ჩასაფრებულ რაზმს გადაეყარნენ. მათ დასახმარებლად გამოემართა ვერტმფრენი, რომელიც ჩამოგდებულია. ჩვენები თანდათან მწყობრში დგებიან და სერიოზულად მოქმედებას აპირებენ. მოწინააღმდეგემ ნამდვილად დაკარგა მოულოდნელობის ფაქტორით მიღებული უპირატესობა. დასახლებულ პუნქტებსაც ესროდნენ და საპირისპირო შედეგს მიაღწიეს – პანიკის ნაცვლად, მიიღეს სიბრაზე, რომელმაც მთელ არწახს მოედო.’
‘პირველ რიგში, უნდა დავმშვიდდეთ. ეს რომ ფართომასშტაბიანი ომი იყოს, ამ გზავნილის დაწერის საშუალება არ მექნებოდა. ის, რასაც ვხედავთ, იმ შეხვედრების შედეგია, რომლებიც ვაშინგტონში გაიმართა. ბაიდენი შეხვდა სერჟ სარგსიანს, ალიევსა და პოროშენკოს. ობამა – ერდოღანს. ბირთვული უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის დაპატიჟება დაავიწყდათ.
შეხვედრის შედეგად თურქეთი და აზერბაიჯანი ‘უმნიშვნელოვანეს ქვეყნებად’ დაასახელეს. და რა არის ამაში ახალი? ეს ამბავი მხოლოდ რუსული პოლიტიკისა და დიპლომატიისთვის წარმოადგენს სიახლეს. სომხეთი რინგზე შეაგდეს და გაისმა ბრძანება. ახლა მსაჯები ყურადღებით აკვირდებიან ორივე არმიის ბრძოლისუნარიანობას და საბოლოოდ სათანადო დასკვნებს გამოიტანენ. ეს სიტუაცია 2008 წლის შემთხვევას ჰგავს. მაშინ ჩვენმა მეომრებმა ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი. დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერადაც ყველაფერი გამოუვათ.
ამის პარალელურად, სომხურმა ‘პირველმა არხმა’ აჩვენა ერევნელი მოხალისეები, რომლებიც სასაზღვრო ზოლისკენ აპირებდნენ წასვლას – სამხრედრო ნაწილებში მომსახურე ახალგაზრდების მხარდასაჭერად ამჯერადაც ჭარმაგი ვეტერანები მიეშურებიან.
დამკვირვებლების რეაქცია
მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჩვეულებისამებრ, ‘დიდი შეშფოთება’ გამოხატეს და განაცხადეს, რომ არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ორშაბათს ვენაში შეხვედრა გაიმართება. ეუთო–ს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარის, ჯეიმზ უორლიკის თქმით, სიტუაციის განხილვა ორშაბათს დაიწყება. მთავარია, მოლაპარაკებები ძალიან დაგვიანებული არ აღმოჩნდეს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 03.04.2016