ვისგან ხარ?
“ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ” ვებგვერდ istiqlal.az-ს განუცხადა, რომ რამაზანის დღესასწაულის შემდეგ (ანუ უკვე დღეს) განათლების მინისტრს გაათავისუფლებენ, და მასთან ერთად – ჯანდაცვის მინისტრსაც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესული უამრავი საჩივარია. ინფორმაცია არ არის გადამოწმებული, არც წყარო გამოიყურება სანდოდ, მაგრამ ერთი რამ ცხადია – განათლება ნამდვილად ჩვენი სუსტი წერტილია.
ისტორია
საბჭოთა სკოლებში ყველაფერი საიმედოდ და სტაბილურად იყო – ყავისფერი კაბა შავი წინსაფრით, შეფასების ხუთბალიანი სისტემა და გამოცდები წელიწადში ერთხელ. ოთხმოცდაათიანი წლები კი ექსპერიმენტების პერიოდად იქცა.
მასწავლებლები იძულებულნი გახდნენ, ბავშვებისთვის აეხსნათ, თუ რატომ უყვებოდნენ სამი წლის წინათ სულ სხვა ამბებს ბაბუა ლენინზე. ზოგიერთმა ბოდიშიც კი მოიხადა.
მოსწავლეები ახალ ჰიმნსა და ახალ ანბანს სწავლობდნენ, მაღაზიების საწყობებიდან კი უფერული რვეულების ბოლო პარტია გამოჰქონდათ, რომლებსაც მკრთალი ასოებით ეწერა: “საერთო რვეული”.
სკოლის ფორმები გაუქმდა და მეძავებივით ჩაცმულ უფროკლასელებსა და მკაცრ მასწავლებლებს შორის ბრძოლა გაჩაღდა.
ამის შემდეგ კი გამოჩნდა ლამის მუყაოზე ნაბეჭდი ახალი სახელმძღვანელოები, ზოგიერთ საგნის სახელმძღვანელო კი საერთოდ არ არსებობდა, მაგალითად – აზერბაიჯანის ისტორიის. საბჭოთა კავშირის დროს ამ საგანს არ ასწავლიდნენ. მასწავლებლებს მასალის კარნახი უწევდათ.
გაჩნდა ცნება “ლიცეუმი”, რომელიც “ცოტა უკეთეს სკოლას” ნიშნავდა. გამოჩნდა ჭრელი სურათებით დამშვენებული თურქული რვეულები, რომლებიც, მიუჩვევლობის გამო, ფუფუნების მწვერვალად აღიქმებოდა.
რაც შეეხება უშუალოდ სასწავლო პროცესს, რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემა ინერციით “მიგორავდა”; გზადაგზა იძენდა კორუფციას და კარგავდა კადრებს ისრაელსა და სხვა თბილ ქვეყნებში ემიგრირებული სპეციალისტების სახით.
როგორ დაიწყო ცვლილებები
“ბილეთი ავიღე და დავალების შესრულებას შევუდექი. კლასში მაგიდებს შორის ერთი ქალი დადიოდა – გამომცდელის ასისტენტი. ყველას ჩუმად ეკითხებოდა: “ვისგან ხარ?”, ანუ ვინ ითხოვა მისი დახმარება. მე რომ მომიახლოვდა, რექტორის გვარი დავასახელე. დამიჯერეს და ასე ჩავაბარე,” – ამბობს ქალაქ განჯას ერთ-ერთი მკვიდრი. ეს ყველაფერი საბჭოთა ხელისუფლების ბოლო წლებში ხდებოდა.
1992 წელს აბიტურიენტები უმაღლეში ჩაბარებასთან დაკავშირებული კორუფციული გარიგებებისგან რომ დაეცვათ, საერთო ტესტური გამოცდა შემოიღეს. ყველა სპეციალობა 4 ჯგუფად დაიყო და თითოეულისთვის განისაზღვრა 4 საგანი. სწორედ ამ საგნებში უნდა ჩაებარებინათ აბიტურიენტებს ტესტური გამოცდა. მთელი პროცესი ავტომატიზებული და “ანონიმურია”, ამიტომ კარგად მომზადებული აბიტურიენტი, მექრთამეებისა და “ჩაწყობილების” გამო, უმაღლესი სასწავლებლის გარეთ აღარ დარჩება.
2000-იანი წლების დასაწყისში კარდინალური რეფორმები დაიწყო. უმაღლესი სასწავლებლებისთვისთვის ეს ბოლონიურ სისტემასთან ინტეგრაციასა და შეფასების საკრედიტო სისტემაზე გადასვლას ნიშნავდა (სტუდენტმა სხვადასხვა შემოწმების შემდეგ ჯამში 50-დან 100 ქულამდე უნდა მოაგროვოს), სკოლებისთვის კი სახელმძღვანელოების სტანდარტიზაციას, შეფასების ასქულიანი სისტემის დანერგვას, შემოწმების ახალი სისტემის შემოღებას და გაუგებარ სიტყვა “კურიკულუმს” (2007 წ) გულისხმობდა. განათლების სამინისტრომ ახალი კონცეფცია ასე წარმოადგინა:
“ეროვნული კურიკულუმი მიმართულია პიროვნების, როგორც საზოგადოების განვითარების მამოძრავებელი ძალის, ფორმირებაზე და პრობლემების გადაწყეტისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისათვის საჭირო სათანადო განათლების დონის უზრუნველყოფაზე, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლის ზრდის, კონკურენციის გაძლიერების, თანამედროვე ეპოქაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული და სოციალური ცხოვრების გლობალიზაციისა და უნივერსალიზაციის პირობებში, თითოეული პიროვნების ნიჭისა და უარ-ჩვევების გათვალისწინებით.”
მასწავლებლებს “რეორიენტაციისთვის” ათი დღე მისცეს.
როგორ იყო ჩაფიქრებული
ვაგიფ აბასოვისაშუალო სკოლაში ისტორიას ასწავლის. იგი კურიკულუმის არსს ასე განმარტავს: “როგორც გაცხადებულია, მოსწავლეებმა კვლევის პროცესში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რაც თავისთავად, ძალიან კარგია. მოსწავლეების ცოდნა და, რაც მთავარია, უნარ-ჩვევები სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. მაგალითად, ისტორიაში ერთ-ერთი სტადარტი შეიძლება იყოს სახელწიფოს საზღვრის გასაზღვრის უნარი, ანდა ამა თუ იმ მმართველის მოღვაწეობის შეფასება. ანუ მოსწავლეს მიღებული ინფორმაციიდან დასკვნის გამოტანა უნდა შეეძლოს.”
შეფასების ძველი სისტემის საპირისპიროდ, ნიშნების დღიურში შეტანის წესი გააუქმეს. თუმცა, მასწავლებელი ბავშვის აქტივობას მაინც აფასებს, ოღონდ მხოლოდ სიტყვიერად. “წაკითხული ტექსტის შინაარსს ჰყვება”, ან “არსებითი სახელების ბრუნვების განსაზღვრა შეუძლია” – იმისათვის, რომ ნიშნებმა მოსწავლეს არასრულფასოვნების კომპლექსი არ გაუჩინოს. ასევე მიუღებელი გახდა გამოკითხვის მიზნით მოსწავლის დაფასთან გამოძახება. ტრადიციული გამოცდების ნაცვლად, არსებობს მშშ (მცირე შემაჯაებელი შეფასება) და დშშ (დიდი შემაჯაებელი შეფასება). მშშ სახელმძღვანელოს ყოველი ნაწილის დასრულების შემდეგ ტარდება, “დშშ” კი – სემესტრში ერთხელ.
ეს სიახლე სკოლის მოსწავლეების მშობლებს არ მოეწონათ: “შეიძლება სემესტრის განმავლობაში არაფერი აკეთო და დშშ-სთვის მოემზადო, ხუთიანი მიიღო და მეოთხედში ხუთიანი გამოგყვეს; ანდა პირიქით – მოინდომებ, მშშ-ში მაღალ შეფასებას მიიღებ, მაგრამ დშშ-ზე ინერვიულებ, თავს ცუდად იგრძნობ, დაიბნევი და მორჩა – ცუდი ნიშანი გარანტირებული გაქვს.”
მთლად ასეც არ არის, – აღნიშნა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, – საბოლოო ნიშნის ფორმირებისას სწორედ მშშ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში, მუშაობს ფორმულა, რომლის მიხედვითაც მშშ-ს საშუალო შეფასება 40%-ზე მრავლდება, დშშ-ს შედეგი კი 60 %-ზე. ასე გამოგვყავს საბოლოო შეფასება.”
რა გამოვიდა
აი, რას ამბობენ მშობლები: “ბავშვები ვერაფრის ათვისებას ვერ ასწრებენ. თავში ყველაფერი ერევათ. ერთ თემას ორ გაკვეთილს ანდომებენ, შემდეგ ახალ თემაზე გადადიან, რაღაც დროის შემდეგ ისევ ძველს უბრუნდებიან. ბავშვები მასალის ნორმალურად დამახსოვრებას ვერ ახერხებენ. ვერც იმას ხვდებიან, თუ რა საჭიროა ეს ყველაფერი. უბრალოდ ყველაფერს იზუთხავენ.”
სხვა მშობელის თქმით, საკუთრივ პროგრამა მარტივია, მაგრამ თავდაყირაა დაყენებული: “და კიდევ ეს გაუთავებელი ტესტები! მე თვითონ ხუთჯერ მაინც მიწევს შეკითხვის გადაკითხვა, რომ მივხვდე, რას ითხოვენ. ბევრი მშობელი რეპეტიტორებს ქირაობს, რომ ბავშვმა რუსული სახელმძღვანელოებითა და ძველი პროგრამით “ამოქაჩოს”.
ამას ადასტურებს ისტორიის მასწავლებელი ვაგიფ აბასოვიც: “პროგრამა გართულებულია. ის, რასაც მოსწავლეები ადრე მეხუთე-მეექვსე კლასში გადიოდნენ, ახლა მეორე-მესამე კლასში ისწავლება.”
საერთოდ, აზერბაიჯანელი მშობლები კერძო პედაგოგებს ბავშვის სულ უფრო ადრეული ასაკიდან მიმართავენ.
სევდა, მესამე კლასის მოსწავლის მშობელი:
“ერთხელ სასკოლო ზეიმზე სხვა ბავშვის მშობელს გამოველაპარაკე. მისი შვილი ფრიადოსანია და ყველა სასკოლო საგანში ემზადება. იმ ქალის ვაჟი სკოლიდან ნრუნდება, სადილობს და ამის შემდეგ ბავშვს “სკოლის მეორე სერია” ეწყება. პედაგოგები მასთან ერთად ასრულებენ საშინაო დავალებას და მასალას უხსნიან. ჩემი ქალიშვილი ამბობს, რომ აბსოლუტურად ყველა ფრიადოსანი მოსწავლე ემზადება. სკოლებს კი ასეთი პოზიცია აქვთ, – თქვენს შვილებს ასწავლეთ და ჩვენ სწავლების შედეგებს შევამოწმებთო.”
სად შევცდით?
პირველ რიგში, უნდა აღინნიშნოს, რომ “მოსწავლეთა მიმართ ინდივიდალური მიდგომის” ბრწყინვალე იდეის განხორციელება თითოეული სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლის “სინდისზე” რჩება. საშინაო დავალებებს ისევე იძლევიან, როგორც ადრე. მასწავლებლები მშშ-ს დროს პასუხებს მოსწავლეების ნაცვლად წერენ. ბაქოს ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში გამოცდებს ძველი მეთოდით აბარებენ – ბილეთებით, რომლებში წარმოდგენილ კითხვებზე პასუხი მასწავლებელს უნდა ჩააბარო ზეპირად; პედაგოგები ისევ ხუთბალიანი სისტემით აფასებენ და შედეგ დოკუმენტებსა და ანგარიშებში შედეგი უბრალოდ ასქულიან სისტემასთან შესაბამისობაში მოჰყავთ.
და მეორეც – სიახლეების შემოღების შემთხვევაშიც კი ზოგიერთი სასწავლებელი მაინც იმ მუსლიმივითაა, რომელიც გულმოდგინედ იცავს ნამაზს, მარხულობს, მოწყალებას გასცემს, სახლში კი ცოლ-შვილს სცემს. ანუ რეფორმის არსი ხელიდან დაუსხლტათ.
ნიგიარი, 10 წლის, ერთ-ერთი ცენტრალური სკოლის მოსწავლე:
“დშშ-ს წინ მასწავლებელმა გვითხრა, – ტელეფონები ხომ ყველას გაქვთ, ფოტო გადაუღეთ სახელმძღვანელოს და გადაიწერეთო, დღეს კი ორი გაკვეთილი გაგვიცდა – მასწავლებელი საქმეებზე წავიდა, ჩვენ კი მულტფილმებს ვუყურებდით.”
ფირანგიზ ხანუმი, ქალაქის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი (სახელი შეცვლია):
“დეკანატში კოლოქვიუმის უწყებას ვიღებ და იმ სტუდენტებს, რომლებმაც საერთოდ არაფერი იციან, ნულებს ვუწერ. შემდეგ ისინი მოდიან და, იმის მიხედვით, თუ ვინ რამდენ ფულს მიხდის, ან ვისი სახელით მთხოვენ, ნულს “კაუჭს” ვუკეთებ და მისგან ან ექვსიანი გამოდის, ან – ცხრიანი.”
როგორც ცნობილია, მოტივაციის არარსებობის შემთხვევაში, ადამიანები კონტროლის ნებისმიერ სისტემას აუვლიან გვერდს და მაინც ცუდად იმუშავებენ.
რეფორმები მისირ მარდანოვის მინისტრობის დროს განხორციელდა. შეიძლება ითქვას, რომ მარდანოვი ხალხს არ უყვარდა. საქმე ისაა, რომ ცოდნის შეფასების წესების შეცვლით არც კორუფცია გამქრალა, და არც პედაგოგების არაკომპეტენტურობა; არც სახელმძღვანელოებში არსებული შეცდომები, და არც სხვა პრობლემები. და, ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერში მინისტრს ადანაშაულებდნენ.
გამოსავალი?
და აი, 2013 წელს განათლების ახალი მინისტრი დაიშნეს. იმ პერიოდისათვის მიქაილ ჯაბაროვი ეკონომიკური განვითარების მინისტრის მრჩევლად, იმავე უწყების ხელმძღვანელის მოადგილედ და სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული ნაკრძალის, “უჩერი შეხერის” სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე გახლდათ ნამუშევარი. ამ საკადრო გადაწყვეტილებას ბევრი ადამიანი აღფრთოვანებით შეხვდა. მოვიდა. ბაქოურ ინტელიგენციას განსაკუთრებით მოსწონდა, რომ ახალი მონისტრი ადრე ინტელექტუალური თამაშების კლუბ “ათეშგიახის” ხელმძღვანელი იყო.
და მაშინ ბაქოურ ფეისბუკში ემოციური შეკითხვა დაისვა – მოახერხებს თუ არა ჯაბაროვი რაიმეს შეცვლას? სამი წელი გავიდა, მაგრამ არ წყდება ცხარე დებატები იმავე თემაზე – საქმე როგორღაც დაიძრა ერთი ადგილიდან, თუ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა. მინისტრის ყველა ახალი ნაბიჯიც ამ პრიზმიდან განიხილებოდა.
როგორ მოიქცა მინისტრი?
- განათლების მხარდასაჭერი სახელმწიფო სტრატეგიის განვითარების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა;
- აღფრთოვანებული საზოგადოების აპლოდისმენტების ფონზე, 20 სკოლის დირექტორი გაათავისუფლა;
- სასწავლო წელი გაზარდა. ამჯამად 15 ივნისამდე ვსწავლობთ. მშობლები, რომლებსაც შვილები დილით სკოლაში მიჰყავთ, ჯაბაროვს წყევლა-კრულვით მოიხსენიებენ;
- მასწავლებლებს 40 პროცენტით გაუზარდა ხელფასი. პედაგოგების ხელფასმა “საშუალო ხელფასის დონეს” მიაღწია. თუმცა, ამავდროულად მასწავლებლები ერთ-ნახევარჯერ უფრო მეტად დაიტვირთნენ;
- 14 კოლეჯი გააერთიანა და შედეგად დარჩა 7;
- 140 ბაქოურ სკოლაში სკოლამდელი მომზადების კურსები გაიხსნა;
- სტიპენდია იმ სტუდენტებისთვისაც განისაზღვრება, რომლებიც სწავლის ფულს იხდიან;
- 2017 წლისთვის გამოსაცემი სახელმძღვანელოების პროექტების განსახილველად ელექტრონული ფორმატი შექმნა;
- კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებული საჩივრებისთვის ცხელი ხაზი დააარსა.
ამ ყველაფერზე მინისტრი ლაპარაკობს ინტერვიუში, რომელშიც ის ჯერ კიდევ არსებული პრობლემების მიზეზზე მსჯელობს. მისი თქმით, ეს მიზეზი ადამიანური ფაქტორია. ყველა, მოსწავლეების მშობლებიდან დაწყებული, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებით დასრულებული, ცხოვრებისა და მუშაობის ძველ ყაიდასაა მიჩვეული. და თუკი დღესასწაულზე მასწავლებელი მშობლებს 50-50 დოლარს ართმევს, არავის მოსდის აზრად, სამინისტროში დარეკოს და იჩივლოს – ფულის მიცემა უფრო ადვილია.
დღეს
მაგრამ ვაგიფ სადრედინოვი ასე არფიქრობს. როდესაც მან მშობლებსა და მასწავლებლს შორის Whatsapp-ში გამართული, ფულთან დაკავშირებული მიმოწერა ინტერნეტში გამოაქვეყნა, მას ჯერ მშობლები “დაესხნენ”, შემდეგ კი – სკოლის თანამშრომლები. სკოლის თანამშრომლები დაემუქრნენ, რომ “ნარკოტიკებს ჩაუდებდნენ და ციხეში ჩასვამდნენ”. პედაგოგმა პოლიციაში შეიტანა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ვაგიფი მას სცემდა. განათლების სამინისტროს ინსპექტორები მისი საჩივარს ცივად შეხვდნენ, მაგრამ ვაგიფი არ შედრკა და ყველა შესაძლო ინსტანციას მიმართა, მათ შორის – პრეზიდენტის აპარატს. ამის შემდეგ სამინისტროდან ინსპექტორების კიდევ ერთი ჯგუფი გამოგზავნეს, რომელიც, ვაგიფის თქმით, საქმეს სერიოზულად მიუდგა. ამჟამად სადრედინოვი გამოძიების შედეგებს ელოდება.
P.S. ფირანგიზ ხანუმი, რომელიც ნულს ექვსიანად, ან ცხრიანად გდააკეთებდა ხოლმე, ერთი წლის წინათ სამსახურიდან წავიდა. საბედნიეროდ, საპენსიო ასაკმა უწია. “ჩვენი კათედრის გამგე სულ მთლად გათავხედდა, – თქვა მან, – ვინც საწვლობს, იმათაც გამოართვით ფულიო, – გვითხრა. მე კი ასე არ შემიძლია – სინდისი არ მაძლევს ამის საშუალებას.”
08.07.2016