ვინ არის მთავარი აფხაზურ ეკლესიაში
ვინ ვისკენაა?
აფხაზეთის ეკლესიაში არსებული კონფლიქტი სრულიად არ ჰგავს მთელი აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობას, სადაც უკვე დიდი ხანია, ყველა ‘თავისიანებად’ და ‘სხვისიანებად’ დაყვეს.
ვის დავუჭიროთ მხარი – არქიმანდრიტი დოროთეს წინამძღოლობით შექმნილ, სიჯიუტემდე თავისუფლებისმოყვარე მიტროპოლიას, თუ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მხარდაჭერილ მამა ბესარიონს? ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო მოსაზრება არც ხელისუფლებას აქვს, და არც ოპოზიციას.
კრემლის ფაქტორი აუცილებლად შეგვახსენებს თავს. ამჯერად ფორუმზე წინანდელზე გაცილებით ნაკლები პოლიტიკოსი იყო წარმოდგრნილი.
კვირადღის ეს დილა ახალი ათონის მონასტერში, სადაც აფხაზეთის მეამბოხე წმინდა მიტროპოლიის მეორე საერო-საეკლესიო კრება ტარდებოდა, მხოლოდ ერთი შეხედვით გამოიყურებოდა ჩვეულებრივად.
თუმცა, განსაკუთრებული ფუსფუსი არ შეიმჩნეოდა. ერთადერთი რაც ყურადღებას იპყრობდა, იყო ორ რიგად ჩამწკრივებული მაგიდების წყება, რომლებსაც ახალგაზრდა თავსაფრიანი ქალები უსხდნენ და დიდი რუდუნებით ავსებდნენ დელეგატების ანკეტებს.
ღონისძიების დაწყებამდე საათნახევრით ადრე მონასტრის ეზოში არც ისე ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი. მიტროპოლიის საბჭოს საერო წარმომადგენელმა, თემურ ძიძარიამ დამამშვიდა:
– ყველაფერი რიგზეა, აფხაზურად იკრიბებიან. ძირითადი მასა ზუსტად დათქმულ დროს გამოცხადდება, ან ოდნავ დააგვიანდება.
საკითხის ისტორია
ოფიციალურიად, ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან, მაგრამ ისეთ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც აფხაზეთია, კონსტიტუცია კეთილი განზრახვების კრებული უფროა, ვიდრე ოფიციალური დოკუმენტი. რეალურად, ეკლესია აფხაზეთის (ისევე როგორც რუსეთისა და საქართველოს) პოლიტიკური ცხოვრებიდან არასდროს წასულა.
ხუთი წლის წინათ, როდესაც წმინდა მიტროპოლია პირველ კრებას ატარებდა, რაულ ხაჯიმბა, იმჟამინდელი ოპოზიციის ლიდერი, მამა დოროთეს მომხრე იყო და მის მხარდასაჭერად მგზნებარე სიტყვაც კი წარმოთქვა.
მაგრამ მას, როგორც აფხაზეთის პრეზიდენტს, არ შეუძლია აქ იმყოფებოდეს.
მოსკოვმა (რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სახით) თვალი დაადგა ახალი ათონის მონასტერს და ძალიან არ მოსწონს მამა დოროთე. რუსეთში სახელმწიფო მოღაწეების ის ნეიტრალური პოზიციაც აღიზიანებთ, რომელიც მათ ამ საკითხის მიმართ აქვთ – იმდენად, რომ კრემლის პოლიტიკოსები აფხაზეთისათვის ფინანსურ დახმარებას სულ უფრო ხშირად უკავშირებენ აფხაზეთის საეკლესიო საკითხის მოგვარებას.
საკითხის მოსკოვურად გადაწყვეტა მამა დოროთესა და ამბოხებული საძმოს დანარჩენი ნაწილის მონასტრიდან გაყრას (თუ საჭირო გახდა, ძალით) გულისხმობს.
ორიოდე თვის წინათ ხაჯიმბა თითქოს მზად იყო, უკიდურესი ზომებისათვის მიემართა, მაგრამ მას ესტუმრა პირველი მოწვევის პარლამენტის დეპუტატებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობის თავდადებული მომხრეები, სტანისლავ ლაკობა და ოლეგ დამენია ხელმძღვანელობდნენ.
შედეგად, ძალისმიერ მეთოდზე უარი ითქვა (ან უბრალოდ გადაიდო), თუმცა პრეზიდენტის პოზიცია პრესსამსახურმა გამოთქვა. ‘მოქალაქეების მიერ ახალი ათონის მონასტერში კრების ჩატარებამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს შიდასაეკლესიო განხეთქილების გადალახვის საკითზე და აფხაზეთის მთელი მართლმადიდებლური თემის ინტერესების საწინააღმდეგო აღმოჩნდეს.’
სახელისუფლებო წრეებიდან ახალ ათონში მიტროპოლიის მხარდასაჭერად პრეზიდენტის ორი უახლოესი თანამებრძოლი ჩამოვიდა (იგულისხმებიან პარლამენტის დეპუტატები ასლან კობახია და ახრა ბჟანია). ამას გარდა, ათონს ეწვივნენ – პრეზიდენტის თანაშემწე დამეი ყვიცინია და მიგრაციის სამსახურის უფროსი ალექსეი აჯინდალი.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლობა კიდევ უფრო მოკრძალებული აღმოჩნდა – აქ იყვნენ მხოლოდ ორგანიზაციის ‘ქალები პოლიტიკაში’ ლიდერი ირინა აგრბა და ‘ქიარაზას’ ლიდერი დმიტრი დბარი.
მათ შორის, ვინც არც ერთ ბანაკს არ მიემხრო, არიან პარტია ‘აინარის’ აქტივისტი ალმას ჯაპუა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი რაულ ლოლუა.
ათონის მოსახლეობას თავის მოსაზრება აქვს
სამაგიეროდ, საეკლესიო კრებაზე ახალი ათონის თითქმის ყველა მცხოვრები (მ.შ. ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) მივიდა. შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად მიტროპოლიის მთავარ დასაყრდენს სწორედ ეს ადამიანები წარმოადგენენ.
‘რამდენჯერმე შევეცადეთ, მოგვეგვარებინა კონფლიქტი, თუმცა მამა ბესარიონი სრულ სინანულსა და მოსკოვში ჩასვლას ითხოვს, – ყველაფერი იქ გაირკვევაო. ბუნებრივია, დოროთეს ეს ხელს არ აძლევს, რადგან თავი რუსული ეკლესიის მსახურად არ მიაჩნია. თანაც საუბარია არა მის პირად ბედზე, არამედ აფხაზეთის ავტოკეფალიაზე,’ – ამბობს ახალი ათონის გამოქვაბულის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩალმაზი.
შუადღეს კრებაზე დამსწრე საერო პირების ბირთვი სწორედ ათონელებისგან შედგა.
რა ვქნათ?
მამა დოროთეს აზრით, აფხაზეთის საეკლესიო პრობლემა უნდა მოგვარდეს – ‘თანამედროვე აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ავტოკეფალური ეკლესიის ინსტიტუტის ეტაპობრივი აღდგენა’ უნდა მოხდეს.
‘საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციას უფლება არ აქვს, აფხაზეთის მართლმადიდებლურ მრევლს წარმოადგენდეს,’- განაცხადა მან და დამსწრეებს მოუწოდა, ა.წ. ივნისში, კრეტაში გასამართი საერთომართლმადიდებლური კრების თავმჯდომარისთვის მიემართათ.
რა არ უნდა ვქნათ
მიტროპოლიის ხელმძღვანელმა დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე არსებული საფრთხეები აღწერა
• პირველ რიგში, არ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ‘საკუთარი ეროვნული ეკლესია’ შევქმნათ, რადგან მართლმადიდებლური სწავლება არ ცნობს ეროვნულ და აბსოლუტურად დამოუკიდებელ ეკლესიას. არსებობს მხოლოდ საერთო კრებითი (კათოლიკური) და სამოციქულო ეკლესია.
• ამასთან, აუცილებელია, ვაცნობიერებდეთ, რომ ეკლესიის ნორმების მიხედვით, აფხაზეთში ახალი, სრულფასოვანი საეკლესიო ინსტიტუტის ჩამოყალიბება მხოლოდ მთელი მართლმადიდებლური საზოგადოების მონაწილეობითა და მსოფლიო პატრიარქის მეთაურობითაა შესაძლებელი.
• აღნიშნულის გარდა, საჭიროა ხანგრძლივი ბრძოლისათვის მზადყოფნაც. ‘1917 წლის მაისში ქართულმა სამღვდელოებამ ბევრად უფრო მძიმე გზა გაიარა, ვიდრე აფხაზურმა. ისინი ეკლესიიდან განკვეთეს და 1943 წლამდე ქართული ეკლესია არაკანონიკურად მიიჩნეოდა. თუმცა, დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მსოფლიო მართლმადიდებლური საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია და საერთომართლმადიდებლურ კრებაში მიიღებს მონაწილეობას. აფხაზური სამღვდელოება კი რუსეთის ეკლესიის სინოდზე ამყარებდა იმედებს და სხვა გზით წავიდა, რამაც საბოლოოდ აფხაზური მრევლის ქართულ ეკლესიაში ძალისმიერად ჩართვა გამოიწვია.’
რამდენიმე წლის წინათ წმინდა მიტროპოლიასა და მსოფლიოს პატრიარქ ბართლომეს შორის აფხაზური საკითხის განხილვა დაიწყო. პატრიარქმა აღწერა ის პირობები, რომელთა დაცვის შემთხვევაში, ამ საკითხის მოგვარება ადგილიდან დაიძვრება. წმინდა მიტროპოლიის მდივნის, გერმან მარშანიას თქმით:
• პირველ რიგში, აუცილებელია ხალხის აზრის მოსმენა. უნდა გაირკვეს, სურს თუ არა ხალხს, რომ დარჩეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში.
• მეორე მხრივ, ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის ტერიტორიაზე მოღვაწე სამღვდელოებასაც უნდა მოვუსმინოთ.
• ამას გარდა, ეკლესიის ინსტიტუტის აღდგენისა და მსოფლიო პატრიარქის მიერ ამ პროცესის ლეგიტიმაციისათვის საჭიროა მისადმი სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალური მიმართვა.
უკვე შეგროვებულია 70 ათასზე მეტი ხელმოწერა იმ მოთხოვნით, რომ აღდგეს აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია; 2014 წელის მაისში კი ყველა მღვდელმსახურმა, ორგანიზაციული კუთვნილების მიუხედავად, ხელი მოაწერა მიმართვას ეკლესიების ხელმძღვანელებისადმი. მესამე პირობა – მსოფლიო პატრიარქისადმი აფხაზეთის პრეზიდენტის ოფიციალური მიმართვა – ჯერ არ შესრულებულა.
კონფლიქტის მონაწილე მხარეები, რა თქმა უნდა, არათანაბარი ძალის მქონე მოთამაშეები არიან.
მამა ბესარიონს აქტიურად უჭერენ მხარს – კრემლი, პატრიარქი კირილი, ცნობილი აფხაზი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი და, ასევე პრეზიდენტი ხაჯიმბაც. მისი ოპონენტის, მამა დოროთეს გვერდით კი ახალი ათონის მოსახლეობა და რამდენიმე სახელოვანი, მაგრამ რესურსების არმქონე პოლიტიკოსია თავმოყრილი.
მაგრამ დაპირისპირების შესაძლო შედეგი სულაც არ არის ერთმნიშვნელოვანი.
თანამედროვე აფხაზეთის სინამდვილიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ რესპუბლიკაში, საზოგადოებრივი კონსენსუსის გარეშე, ვერანაირი შიდა კონფლიქტი ვერ გადაწყდება. ცხადია, შეიძლება ბერების მონასტერიდან გაყრა (მით უმეტეს, რომ მათი რაოდენობა არც ისე დიდია), რაც ზოგიერთი გარეშე დამკვირვებლისთვის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტის ტოლფას ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს.
თუმცა პრეზიდენტიც კი ხვდება, რომ პრობლემა ძალისმიერი გზით ვერ გადაწყდება და მოლაპარაკებები იქნება საჭირო.
JAM-news-ის დოსიე
- 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო, მაგრამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამ ტერიტორიას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ კუთვნილებად აღიარებდა. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მოკავშირედ სჭირდება უკრაინელ და სხვა საეკლესიო სეპარატისტებთან ბრძოლაში.
სტატიაში გამოთქმული მოსზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია:18.05.2016