ერევნის მერია ნაგვის გატანასა და ამაზე პასუხისმგებელ კომპანიას ვერ უმკლავდება
ერევანში, უკვე მერამდენე თვეა, ყველაზე მწვავე სამსჯელო საკითხს ნაგვის გატანასთან დაკავშირებული სიტუაცია წარმოადგენს. ერევნელები სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად აქვეყნებენ პირამდე გადავსებული ნაგვის ყუთების ფოტოებს და პრობლემის გადაწყვეტას მოითხოვენ.
დედაქალაქის მერიამ ვერაფრით შეძლო ზემოქმედება მოეხდინა ნაგვის შეგროვებასა და გატანაზე პასუხისმგებელ კომერციულ კომპანიაზე, და მისთვის საკუთარი ვალდებულებების შესრულება ეიძულებინა. ბოლომდე გასაგები არ არის, თუ რა არის შემაფერხებელი ფაქტორი. პრობლემის ოდნავ მაინც გადასაწყვეტად ქალაქის ხელისუფლება ნაგვის გამტან ახალ მანქანებსა და ყუთებს იძენს.
ამისთვის ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის თანხებით სარგებლობის ნებართვა გასცა. საერთო ჯამში, 900 მილიონი დრამი [დაახლოებით $1,8 მილიონი] გამოიყო.
• ფოტოისტორია: სომხეთის სამრეწველო ქალაქის კიროვაკანი-ვანაძორის ნანგრევები
მერია ერევნის მოსახლეობას გაგებით მოკიდებას სთხოვს
ერევნის მერიის პრეს-მდივანმა აკოპ კარაპეტიანმა Facebook-ის თავის გვერდზე ორი მანქანის ფოტო გამოაქვეყნა – „კამაზის“ მარკის ნაგვის გამტანი მანქანები, რომლებიც მერიამ შეიძინა.
„კვირის განმავლობაში ისინი მუშაობას დაიწყებენ. მომდევნო კვირეებში დანარჩენი მანქანების ჩამოტანას ველოდებით.
24 ივლისს ჩამოვა ასევე ნაგვის ახალი კონტეინერების პირველი პარტია, დაახლოებით 400 ცალი. ნაგვის გატანის პრობლემა თანდათან გადაწყდება“, – დაწერა პრეს-მდივანმა.
კარაპეტიანმა დედაქალაქის მცხოვრებლებს ასევე მიმართა თხოვნით, რომ „გაგებით მოეკიდნონ სიტუაციას, რომელიც ნაგვის გატანის ოპერატორის არაადეკვატური ქმედების გამო შეიქმნა, და მოთმინება მოიკრიბონ“.
იმავე Facebook-ზე ერევნის მერიის ინფორმაციის განყოფილების უფროსმა ოვსეპ კუბატიანმა განაცხადა, რომ შეძენილი ნაგვის ყუთების ნახევარი უკვე ჩამოსულია:
„აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ნაგვის ყუთების რაოდენობა 2 200 შეადგენს. შეთანხმების მიხედვით, „სანიტეკმა“ 16 ათასი ნაგვის ყუთის უზრუნველყოფა ითავა, თუმცა დღეისთვის მათი რიცხვი ფაქტობრივად დაახლოებით 4 500 ცალს შეადგენს“.
ერევნის მერიისა და ნაგვის გამტანი კომპანიის ურთიერთობების შესახებ
ერევანში ნაგვის გატანასთან დაკავშირებული სკანდალური ისტორია, უკვე თითქმის ერთი წელიწადია, გრძელდება. მცხოვრებელთა საყვედურებზე პასუხის გაცემისას ქალაქის ხელისუფლება ერევანში ნაგვის გატანაზე პასუხისმგებელი ერთადერთი კომპანიის „სანიტეკის“ ცუდად მუშაობას იმიზეზებს.
ერევნის მერმა აიკ მარუტიანმა კომპანიის მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება რამდენჯერმე საჯაროდ გამოთქვა და ხმამაღალი განცხადებები გააკეთა, რომ „ერევნელები მსგავსი ხარისხის მუშაობას მეტად აღარ აიტანენ“.
2019 წლის გაზაფხულზე კომპანია „სანიტეკი“ საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობისთვის ორჯერ დაჯარიმდა. ჯარიმების საერთო თანხამ 39 მილიონი დრამი ($80 ათასი) შეადგინა.
ივლისის შუა რიცხვებში კომპანიამ აღიარა, რომ მას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, და ეს მერიის მხრიდან მისთვის დაწესებული „დაუსაბუთებელი სანქციებითა და ჯარიმებით“ ახსნა.
გარდა ამისა, კომპანიის დირექტორის, ნიკოლას ელ ტავილის განცხადებით, მათი ზარალი იმასაც უკავშირდება, რომ მერია თავის დანაპირებს არ ასრულებს. საუბარია იმ გზის შეკეთებაზე, რომელიც ერევნის გარეუბანში მდებარე ნაგვის საყრელისკენ მიდის, და სადაც, “სანიტეკის” ხელმძღვანელის თქმით, კომპანიის კუთვნილი, ძვირად ღირებული ნაგვის გამტანი მანქანები ფუჭდება.
ეს საბოტაჟია?
ეკონომისტი და ერევნის ყოფილი მერი ვააგნ ხაჩატრიანი კომპანია „სანიტეკის“ ახლანდელ ქმედებას საბოტაჟად აფასებს. ამის შესახებ მან რადიო „აზტუტიუნისთვის“ (“თავისუფლება“) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
„ახლახან თანამშრომლებს ვკითხე, თუ რა იყო ასეთი არადამაკმაყოფილებელი მუშაობის შედეგი. მათ მიპასუხეს, რომ „მანქანები არ არის“. ჩემთვის ეს ძალიან უცნაურია. რას ნიშნავს მანქანები არ არის? ამის გაგება არ შემიძლია… როგორც ვხვდები, ეს საბოტაჟია. ეს სახელმწიფოსა და ქალაქის ხელისუფლების დისკრედიტირებას ნიშნავს“.
ყოფილი მერის აზრით, როდესაც „სანიტეკმა“ ერევანში ნაგვის შეგროვებასა და გატანაზე გამოცხადებული ტენდერი მოიგო, მას ქვეყნის წინა ხელისუფლებასთან რაღაც დაუწერელი შეთანხმება ჰქონდა, რაც ახლანდელი ხელისუფლების დროს არ მოქმედებს.
ხაჩატრიანმა იმის თაობაზე, თუ რატომ არ ასრულებს „სანიტეკი“საკუთარ ვალდებულებებს, კომპანია სერიოზული განმარტებების არარსებობაში დაადანაშაულა:
„იყო მხოლოდ ერთი ასეთი განცხადება: ჩვენ მოვიცდით, დაე ყველამ გამოთქვას აზრი, და შემდეგ ჩვენსას ვიტყვით!“. არ ვიცი, რის თქმას აპირებენ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ამ ნაგავში დავიმარხებით!“.
კომპანია „სანიტეკის“ შესახებ
„სანიტეკი“ – ეს არის ნარჩენების მართვის ლიბანური საერთაშორისო ორგანიზაცია. კომპანია 2010 წელს შეიქმნა, და 2014 წლის დეკემბრიდან სომხეთის დედაქალაქში მუშაობს.
მან გაიმარჯვა საერთაშორისო ტენდერში, რომელიც სომხეთის წინა ხელისუფლებამ გამოაცხადა. კომპანიის პირველადი შენატანი, იმ მომენტში, როდესაც ის თავისი მოვალეობის აღსრულებას შეუდგა, ათ მილიონ ევროს შეადგენდა.
რას წერენ სოციალურ ქსელებში
სოციალური ქსელების მომხმარებლები ყოველდღიურად და დაუღალავად წერენ გაბრაზებულ კომენტარებს მერიისა და კომპანია „სანიტეკის“ მისამართით, რასაც ერევნის სხვადასხვა ქუჩაზე გადაღებული „ხატოვანი“ ფოტოები ახლავს. ამ ფოტოებზე – გადავსებული ნაგვის ყუთები და ჭუჭყიანი ტროტუარებია ასახული.
ნაგვის გამტანი ახალი მანქანებისა და ყუთების შეძენის თაობაზე სიახლემ არცთუ ბევრი ადამიანი დააიმედა, და უფრო ირონიული კომენტარების საბაბად იქცა. აი, ზოგიერთი მათგანი:
„მართლაც, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!“
ვინ იცის, ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც ნაგვის ყუთების გამო ხარობს? იქნებ ამის შემდეგ პატივისცემა და მზრუნველობა გაგვიჩნდეს იმ ყველაფრისადმი, რაც გვაქვს?“
„ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ რომელიმე კომპანიისგან ნაგვის გასატანად მანქანები დაექირავებინთ, სიტუაცია ასეთ უკიდურესობამდე რომ არ მისულიყო?“
„ეს მანქანები ჩვენთან ნეტა მარსიდან ხომ არ ჩამოაქვთ, ერევნამდე ასე გვიან რომ აღწევს?“
„სამარცხვინოც კია, რომ დღეს ნაგვის გამტანი მანქანების რაოდენობას ვითვლით“.
„ქალაქი ვეღარ უძლებს! უფრო სწრაფი ტემპით იმუშავეთ!“