ერევანში „აპრილის ომში“ დაღუპული ჯარისკაცების საფლავები წაბილწეს. დამნაშავე დაკავებულია
პოლიციამ აღმოაჩინა ქალი, რომელიც ქალაქ აშტარაკის სასაფლაოზე უცნაურად იქცეოდა. უკვე პოლიციის განყოფილებაში მან აღიარა, რომ საფლავებს გამდნარ ცვილს არამხოლოდ აშტარაკსა და არამხოლოდ სამხედრო პანთეონის ტერიტორიაზე ასხამდა. მისი თქმით, ის ამ გზით წყევლის მოხსნას ცდილობდა – თუმცა, გაუგებარია ვის მიმართ. პოლიცია იუწყება, რომ გამოძიება გრძელდება.
უცნობებმა აპრილის ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების საფლავის ქვები და საფლავების გარშემო არსებული ტერიტორია წაბილწეს. ეს ერევანში სამხედრო პანთეონის „ერაბლურის“ ტერიტორიაზე მოხდა.
• სამი წელიწადი ყარაბაღის აპრილის ომიდან. რა შეცვალა მან?
რა მოხდა
სოციალური ქსელების სომხურ სეგმენტში 1 აგვისტოს გაჩნდა სამხედრო პანთეონ „ერაბლურში“ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს, რომ უცნობებმა 2016 წლის აპრილის ომში დაღუპულთა საფლავები შავი ნივთიერებით დასვარეს.
ვიდეოჩანაწერმა სოციალური ქსელების მომხმარებელთა უარყოფითი, დამგმობი კომენტარების ნიაღვარი გამოიწვია.
მიმდინარეობს გამოძიება
პოლიციამ საქმის გარემოებათა გამოძიება მაშინვე დაიწყო. პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ედგარ ჯანოიანმა განაცხადა, რომ „მოცემულ მომენტში პოლიციის ექსპერტები შეისწავლიან იმ ნივთიერებას რომლითაც საფლავები იყო მოსვრილი, ასევე არკვევენ სხვა წვრილმანებსაც“.
საფლავების წაბილწვასთან დაკავშირებით აზრი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ არცრუნ ოვანესიანმაც გამოთქვა:
„მომხდართან დაკავშირებით ყველა გარემოების დაწვრილებით შესწავლის შემდეგ განცხადებით გამოვალთ. თუმცა, თავდაცვის სამინისტრო ვანდალიზმის და აპრილის ომის გმირების ხსოვნის უპატივცემულობის ნებისმიერ გამოვლინებას გმობს“.
რას წერენ სოციალურ ქსელებში
სოციალური ქსელ Facebook-ის მომხმარებლები ამ საკითხში თითქმის ერთსულოვანნი არიან, ისინი სამართალდამცავი ორგანოებისგან გამოძიების რაც შეიძლება სწრაფად ჩატარებას, დამნაშავეების პოვნასა და მათ დასჯას მოითხოვენ.
აი, ზოგიერთი კომენტართაგანი:
„სადამდე დავეშვით…“
„რას ველოდებით? მოიძებნონ და დაისაჯონ, სასამართლოსა და გამოძიების გარეშე“;
„ისევ სიკვდილით დასჯა უნდა შემოიღონ და ვანდალები დასაჯონ“;
„ძალიან ვეჭვობ, რომ ეს ხალხი კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ! ისინი კანონგარეშე უნდა დაისაჯონ“;
„სომხეთის პოლიციავ, თქვენს მოხსენებას ველოდებით!“
„ვისი გაკეთებულიც არ უნდა იყოს – რესპუბლიკის მოედანზე ჩამოახრჩონ!“
2016 წლის აპრილის ომი
2016 წლის 1-დან 2 აპრილამდე, ღამით ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს შორის შეტაკება სრულმასშტაბიან საბძოლო მოქმედებებში გადაიზარდა.
გააფთრებული ბრძოლების შედეგად, რომელიც მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალთა გამყოფი ზოლის მთელ სიგრძეზე 4 დღეს მიმდინარეობდა და „აპრილის ომის“ სახელი დაერქვა, ოფიციალურმა ბაქომ – 31 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის (დამოუკიდებელი წყაროების თანახმად, აზერბაიჯანის დანაკარგი მეტი იყო), სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კი – საბრძოლო შემადგენლობის წევრთა შორის 77 დანაკარგის შესახებ განაცხადა.
1990-იანი წლების დასაწყისში დაწყებული ომი სამხრეთი კავკასიის ერთ-ერთ გადაუწყვეტელ პრობლემად ისევ რჩება. 1994 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, თუმცა გამყოფ ზოლზე ორმხრივი სროლები არ წყდება.