სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვარი გადმოსწიეს
ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოში ადასტურებს, რომ უკანასკნელ პერიოდში სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან, რუსმა მესაზღვრეებმა უკანონოდ დაამონტაჟეს საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ამ რეგიონში კიდევ დაახლოებით 10 ჰექტრით შემცირდა.
პირველი ცნობა რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის საქართველოს ტერიტორიაზე 10 მეტრით გადმოწევის შესახებ ქართულ მედიაში 3 ივლისს გაჩნდა. ქართული მედიის ინფორმაციით, საზღვრის აღმნიშვნელი ნიშანი ე.წ. “მწვანე ბანერი” განთავსდა სოფელ ბერშუთში, გორის მუნიციპალიტეტში, რითაც დაახლოებით 10 ჰექტარი მიწა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ ეს საკითხი შეისწავლა. ისინი ადასტურებენ, რომ ე.წ. საზღვრმა მართლაც გადმოიწია ივნისში გდულეთის ტერიტორიაზე, თუმცა ჯერჯერობით ვერ დაადასტურებენ, დაიდგა თუ არა ახალი “მწვანე ბანერები” გასული კვირის განმავლობაში.
“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ მწვანე ბანერების განთავსება გაუმართლებელია. საბორდერიზაციო ქმედებები ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ასეთი ბანერების განთავსებით, ქმნის დაბრკოლებებს გადაადგილების თავისუფლებისთვის და წლების განმავლობაში აქ მომუშავე ფერმერებს თავიანთი მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევს.”, – აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.
აქვე საუბარია იმაზეც, რომ ეს საკითხი შესაძლებელია 2017 წლის 11 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდეგ შეხვედრაზე განიხილონ.