ევროვიზიის რუს მონაწილეს უკრაინაში შესვლა აუკრძალეს
უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუს მომღერალ იულია სამოილოვას 3 წლით აუკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა. სამოილოვა „ევროვიზია 2017“-ში მონაწილეობისთვის შეარჩიეს. კონკურსი მიმდინარე წლის მაისში, ქალაქ კიევში ჩატარდება.
გადაწყვეტილება იმის საფუძველზე მიიღეს, რომ სამოილოვა უკანონოდ ჩავიდა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, იქ კონცერტები გამართა და ამით უკრაინის კანონი დაარღვია. კიევი ყირიმს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.
იულია სამოილოვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, რომელიც ეტლით გადაადგილდება. იგი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მონაწილეობა მიიღო ალა პუგაჩოვას პროექტში „ვარსკვლავების ფაბრიკა“. ევროვიზიაზე მისი კანდიდატურა კონკურსის ოფიციალურმა პარტნიორმა, რუსეთის „პირველმა არხმა“ წამოაყენა.
შეგახსენებთ, რომ „ევროვიზია 2017“ კიევში გაიმართება – ვინაიდან წინა კონკურსში უკრაინელმა მომღერალმა ჯამილამ გაიმარჯვა. კონკურსზე მან შეასრულა სიმღერა „1944“, რომელიც ყირიმიდან ყირიმელი თათრების დეპორტაციის თემას ეძღვნება.