გწყურია? გადაიხადე
დილის წყლის ცერემონია
საბჭოთა პერიოდში არმავირს კონსერვების ქარხნის ხმა აღვიძებდა, ახლა კი ამ ფუნქციას ЗИЛ-ის მარკის ავტომობილის სიგნალი ასრულებს. ამ მანქანით წყალს ყიდიან.
უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც ქალაქ არმავირის მოსახლეობა სასმელ წყალს წყლის დამტარებლებისგან ყიდულობს. და ეს ადამიანებს ონკანის წყალზე სამჯერ უფრო ძვირი უჯდებათ.
ყოველ დილით განსაზღვრულ დროს თაარა წყალმზიდის მოსვლას ელოდება. უკვე ოცი წელია, რაც ჯერ წყალს ყიდულობს და მხოლოდ შემდეგ იწყებს საოჯახო საქმეებს. მისი თქმით, იმ წლებში პერიოდულად იცვლებოდნენ მძღოლები და ზოგჯერ მანქანებსაც ცვლიდნენ. ამ დროის განმავლობაში წყლის ფასი ორჯერ გაიზარდა. თუკი წყლის ერთი სათლი ადრე 50 დრამი ღირდა, ახლა 100 ღირს.
რატომ ამბობენ უარს არმავირელები ონკანის წყლის დალევაზე
არმავირში ოცდაოთხსაათიანი წყალმომარაგებაა. წყლის მიმწოდებელია დახურული სააქციო საზოგადოება “ნორ აკუნქი”, რომლის ხელმძღვანელობაც ამაოდ ცდილობს, დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ამ წყლის დალევა შეიძლება. არმავირელები მათ ნათქვამს არ ენდობიან. საქმე ისაა, რომ ამ წლის ხარისხი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.
ქალაქის მოსახლეობა ირწმუნება, რომ მათი ბინების ონკანებიდან მომდინარე წყალში მარილის რაოდენობა რამდენჯერმე აჭარბებს ნორმას. და ეს აშკარად ჩანს იმ მარილის რაოდენობით, რომელიც სახლის გამათბობლებში გროვდება.
დსს “ნორ აკუნქის” ხელმძღვანელობა არ უარყოფს, რომ კომპანიის მიერ მიწოდებული წყალი ხისტია, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეს ჯანმრთელობისთვის მავნე არ არის. იმავე აზრს იზიარებს რაიონის ეპიდემიოლოგიური ცენტრიც – წყლის სიხისტის დონე დაშვებულ ნორმებს არ აჭარბებს.
არმავირის წყალმომარაგების ისტორია
არმავირი (რომელსაც ადრე “ოქტომბერიანი” ერქვა) სასმელ წყალს ზევიდან იღებდა, მაგრამ მოგვიანებით, მოსახლეობის ზრდასთან ერთად, აუცილებელი გახდა წყალმომარაგების მასშტაბების გაზრდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ალაგიაზიდან დიდი არხი გამოიყვანეს. ალაგიაზის წყლის ნაწილი არმავირს მიეწოდებოდა, დანარჩენი კი ერევანში მიდიოდა.
ამდენად, არმავირელების მრავალწლიანი ოცნება (ხარისხიანი სასმელი წყლის მიღება) ასრულდა. ალაგიაზიდან მიღებული წყალი ყველა პარამეტრით რამდენჯერმე სჯობდა ზევის წყალს.
მაგრამ არმავირელების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა – ზევის წყალი თანდათან დაშრა, ალაგიაზის წყალი კი მთლიანად დედაქალაქს დაუთმეს. არმავირელებისთვის რთული პერიოდი დაიწყო. წყალს ერთი, ან ორი საათით იძლეოდნენ. მაღალსართულიან სახლებში მცხოვრები ადამიანები საკუთარ ონკანებს საერთოდ ვეღარ იყენებდნენ. სწორედ მაშინ დაიწყეს არმავირელებმა წყალმზიდების სასმელი და საერთო მოხმარების წყლის ყიდვა. თითო ლიტრის ფასი 5 დრამით განისაზღვრებოდა.
1999 წელს გერმანიის მთავრობამ ქალაქ არმავირისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების ქსელის კაპიტალური რემონტისათვის კრედიტი გამოყო. იმავე პერიოდში გაჩნდა 11 არტეზიული ჭაბურღილი. იგეგმებოდა, რომ სწორედ ამ წყაროებიდან მიღებულ წყალს გაყიდდნენ უშუალოდ არმავირსა და ამ ქალაქის მეზობლად მდებარე სოფლებში.
ოცდაოთხსაათიანმა წყალმომარაგებამ არმავირის მოსახლეობა გამოაცოცხლა, მაგრამ ისინი მაინც ცისტერნების სასმელ წყალს ყიდულობენ.
საიდან მოაქვთ წყალი?
წყალმზიდები არმავირიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ თალინიდან ეზიდებიან წყალს. გამომდინარე იქედან, რომ ეს საქმოსნები წყალს უფასოდ ასხამდნენ მანქანებში და “პროდუქციას” საგადასახადო კონტროლის გარეშე ყიდდნენ, ბიზნესი სწრაფად განვითარდა. წყალმზიდები დღეში რამდენჯერმე ავსებდნენ ცისტერნებს და არმავირში ყიდდნენ.
დროთა განმავლობაში წყალმზიდების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ერთი ცისტერნის გაყიდვას სამი დღე სჭირდებოდა. არავინ აკონტროლებდა, თუ რა ბიოლოგიურ ცვლილებებს განიცდიდა ამ პერიოდში წყალმზიდში ჩასხმული წყალი. თუმცა, ამას არც დღეს აკონტროლებს ვინმე.
ტალინელები მალევე მიხვდნენ, რომ მათ წყალზე მოთხოვნა არსებობს და თავად დაიწყეს წყლის გაყიდვა. ისინი ერთ ცისტერნას 1500 დრამად (დაახლოებით 3 დოლარად) აბარებენ წყალმზიდებს.
შემოსავალი გაიზარდა, ცისტერნების რაოდენობა კი შემცირდა
წყლის ბიზნესმა გავლენიანი ადამიანების ყურადღება მიიპყრო. შედეგად, ცისტერნების რაოდენობა შემცირდა და თითოეულ წყალმზიდს კონკრეტული ტერიტორია გამოუყვეს. ამასთან, წლის ბიზნესი არ არის დარეგისტრირებლი საგადასახადო წყებებში და მისი რეალური მფლობელები ჩრდილში რჩებიან.
წყლის ერთი ცისტერნის ტრანსპორტირებისთვის 2000 დრამის (4 დოლარზე ოდნავ მეტი) ღირებულების საწვავი იხარჯება. ამას გარდა, თავად წალი 1500 დრამი ჯდება. ცისტერნა 5 ტონა წყალს იტევს. აქედან გამომდინარე, თუკი 1 ლიტრს 10 დრამად გაყიდიან, ბიზნესმეების შემოსავალი 50 ათასი დრამი (100 დოლარზე ოდნავ მეტი) იქნება.
თუკი ტრანსპორტირების, წყლის შეძენისა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ 1 ცისტერნას 40 ათასი დრამი (დაახლოებით 85 დოლარი) წმინდა მოგება მოაქვს.
სოფლის თემებში შექმნილი მდგომარეობა
წყლის გამყიდველებისთვის არმავირის რაიონის სოფლებიც სამომხმარებლო ბაზრის ნაწილია. თანაც, სოფლებში კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა. გარდა იმისა, რომ აქაც არტეზიული წყაროების ხისტ წყალს უშვებენ, არმავირის რაიონის სოფლის მოსახლეობა წყალს გრაფიკით იღებს.
სასოფლო თემებს სადგურის ტუმბოების ოცდაოთხსაათიანი დატვირთვით ამუშავებისთვის საჭირო ფინანსური რესურსები არ აქვთ. თუკი არმავირში წყლის მიმწოდებელი ორგანიზაცია და მაკონტროლებელი ორგანოები ამტკიცებენ, რომ წყალი სასმელად ვარგისია, სოფლის თემებთან მიმართებით ამის თქმას ვერ ბედავენ.
საქმე ისაა, რომ სოფლის თემებს (მაგალითად, სოფელ ჯარარატს) სასმელი წყალი დღეში ერთხელ, ორი საათით მიეწოდება. თითქმის ყველა სოფელში წყალს დილით 8:00-დან 10:00-მდე უშვებენ. მიწის ფენებში დამდგარ წყალში (განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში) ბიოკოროზიის პროცესი იწყება.
ხშირად წყლის გამოშვების პირველ წუთებში უცნაური ფერის სითხე მოედინება ხოლმე და მას ცხოველთა სამყაროს ყველაზე წარმოუდგენელი წარმომადგენლები მოჰყვებიან ხოლმე. განსაკუთრებით სავავალო სიტუაციაა იმ სოფლებში, რომლებსაც მემკვიდრეობად საბჭოთა წყალმომარაგების სისტემა ერგოთ. ეს სისტემა კი თავიდანვე ცუდ მდგომარეობაში იყო.
არმავირის რაიონში ბევრი ადამიანი დააზარალა წყლის ბიზნესმა. მრავალი ადგილობრივი მცხოვრები საავადმყოფოების ინფექციურ განყოფილებაში მოხვდა. მაგალითად, ასეთია სოფელ წაღკალანჯისა და სოფელ ზარტონკის მოსახლეობა. ამ ადამიანებმა ეპიდემია გადაიტანეს. მაგრამ ვინ უნდა დავადანაშაულოთ? და კონკრეტულად რაში უნდა დავადანაშაულოთ? ამ საკითხში კომპეტენტური ორგანოებიდან არც ერთი არ არის დაინტერესებული, რომ არსებულ მდგომარეობას სათანადო შეფასება მიეცეს.
ადამიანები კი უკვე მიეჩვივნენ ასეთ სიტუაციას და არავის სჯერა, რომ არმავირში ოდესმე მოგვარდება სასმელი წყლის პრობლემა.
გამოქვეყნდა: 09.09.2016