გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო თვეების განმავლობაში პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა. შესაძლოა სწორედ ეს გახდა მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი.
“გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. ჯერ კიდევ 2012 წლის შემდეგ პერიოდში არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას და ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის გადადგომას წინ უძღოდა გაეროს “მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე საქართველოში სიღარიბე გაიზარდა. ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდამ კი დადებითად ვერ იმოქმედა მოსახლეობაზე. იყო საკმაოდ მაღალი ინფლაცია და ფასების მატება კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე და ა.შ., რამაც მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით პრემიერ-მინისტრის გადადგომა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. თუმცა ახალი მთავრობის დაკომპლექტებამდე ქვეყანას ძველი შემადგენლობა მართავს.
პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული პირი უნდა წარადგინოს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კი ასევე შვიდი დღის ვადაში უნდა დააკომპლექტოს მთავრობა და პარლამენტს ნდობის მისაღებად წარუდგინოს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტმა ახალი სამთავრობო პროგრამაც უნდა წარადგინოს.
კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2015 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე ის იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს ვიცე-პრემიერი. პოლიტიკაში მოსვლამდე ის საბანკო სფეროში მუშაობდა და 2011 წლამდე ივანიშვილის კუთვნილ “ქართუ ბანკს” მართავდა.