გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობით შეშფოთებაა გამოთქმული
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან”, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგობში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით.
რეზოლუცია ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში არსებულ პრობლემებს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს ფუნდამენტური უფლებებზე წვდომა, მათ შორისაა: თავისუფალი გადაადგილება, განათლება მშობლიურ ენაზე და წვდომა ჯანდაცვაზე.
საბჭომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და სხვა საერთაშორისო და რეგიონული ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „დაუყონებლივ შესვლის“ უფლების მინიჭება მოითხოვა.
რეზოლუციის მიხედვით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, განაგრძოს საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა და წარმოადგინოს ანგარიში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საბჭოს მომდევნო, 35-ე და 36-ე, სესიებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 24 მარტს ჟენევაში მიღებული დოკუმენტი არის პირველი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს საკითხზე ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა გაეროს სპეციალურმა ორგანომ, ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო.
გაეროს მიერ მირებულ რეზოლუციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით უპასუხა და განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველომ წარადგინა, „აშკარად პოლიტიზირებული იყო და აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და რუსეთის წინააღმდეგ იყო გამიზნული”.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 47 წევრიდან 18-მა რეზოლუციას მხარი დაუჭირა. მათ შორის იყვნენ საბჭოს წევრები ევროპიდან (ალბანეთი, ბელგია, ხორვატია, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ნიდერლანდები, პორტუგალია, სლოვენია და გაერთიანებული სამეფო), ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბოტსვანადან, იაპონიიდან, პანამადან, პარაგვაიდან და ტოგოდან. ხუთმა დელეგაციამ წინააღმდეგ მისცა ხმა (ბოლივია, ბურუნდი, ჩინეთი, კუბა და ვენესუელა). 24-მა კი თავი შეიკავა; მათ შორის შვეიცარიამ, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს ასრულებს.