გაეროში აშშ-ის ახალი მუდმივი წარმომადგენელი: რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს
გაეროში აშშ-ის ახალმა მუდმივმა წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავის პირველ გამოსვლაში რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებებში დაადანაშაულა და მოსკოვს ყირიმის ოკუპაციის შეწყვეტა მოსთხოვა.
„რუსეთის აგრესიული ქმედებები უნდა დავგმო“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მისი დანიშვნის შემდეგ თავის პირველივე გამოსვლაში.
„ჩვენ მართლაც გვსურს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, თუმცა უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი კატასტროფული ვითარება მისი ქმედებების მკაფიოდ და მკვეთრად დაგმობას მოითხოვს“, – განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები ძალაში დარჩება იქამდე, ვიდრე ამ ტერიტორიის გაკონტროლების უფლება ისევ კიევს არ დაუბრუნდება.
„აშშ აგრძელებს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის დაგმობას და რუსეთს მისი დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს… ყირიმი უკრაინის ნაწილია“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა ყირიმის რუსეთის ტერიტორიად შესაძლო ცნობის შესახებ კითხვაზე პასუხისას ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა და განაცახდა: „… როგორც ვიცი, ყირიმის მოსახლეობას უფრო რუსეთთან უნდა ყოფნა, ვიდრე იქ, სადაც იყო“.
უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება 29 იანვარს გამწვავდა, როდესაც ქალაქ ავდეევკის ირგვლივ, დონეცკის მახლობლად ბრძოლა გაჩაღდა. კიევის მონაცემებით, გამწვავების პერიოდში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 მეომარი დაკარგა, კიდევ 66 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. დანაკარგების შესახებ თვითგამოცხდებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაც იუწყება.