ბორის ნემცოვის მკვლელს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ზაურ დადაევი. ფოტო: ვალერი შრიფულინი/ ТАСС
მოსკოვში განაჩენი გამოუტანეს 2015 წლის თებერვალში ბორის ნემცოვზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე ჯგუფის ყველა წევრს.
პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი კრემლის უშუალო სიახლოვეს ზურგში ექვსჯერ გასროლით მოკლეს.
ნაფიცმა მსაჯულებმა ამ თვდასხმაში ბრალდებული ჩეჩნური წარმოშობის ხუთივე პირი დამნაშავედ ცნეს. მკვლელობის უშუალო შემსრულებელს, სამხედრო მოსამსახურე ზაურ დადაევს 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ოთხ დანარჩენს კი 11-დან 19 წლამდე კოლონიური რეჟიმი მიესაჯა.
არც ერთ მათგანს დანაშაული არ უღიარებია. დაზარალებულების – ბორის ნემცოვის ოჯახის ადვოკატები მრავალრიცხოვან ინტერვიუებში აცხადებდნენ, რომ პროცესის მსვლელობით უკმაყოფილოები არიან. მათი თქმით, პროკურორისა და მოსამართლის მთავარი მიზანი უშუალო შემსრულებლების გასამართლება, ხოლო – მკვლელობის ორგანიზატორებისა და დამკვეთების საკითხის განზე გაწევა იყო.