ბაქოში უკანონოდ აშენებულ ღობეებს აიღებენ
ბაქოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დაიწყო ტროტუარებსა და გზებზე იმ უკანონო ღობეების აღება, რომლებიც ადამიანებს ნორმალურად გადაადგილებაში ხელს უშლიდა. ამ მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა უკვე აზერბაიჯანის დედაქალაქის ყველა უბანში ჩაატარა რეიდები.
დემონატაჟი დაიწყო ხატაინის რაიონიდან, საიდანაც შვიდი ასეთი ღობე აიღეს. ძირითადად ეს არის მეტალის ფურცლებისგან შეკრული თვითნაკეთი ღობეები, რომლითაც ქუჩის ნაწილს კეტავდნენ – ამ ფართის კომერციული მიზნით გამოსაყენებლად, მაგალითად – ჩაიხანის გასახსნელად. ასე რომ, როგორც ვებგვერდ Report-ს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ზულფალი ისმაილოვმა აცნობა, ეს კიდევ ქუჩის უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ხერხია.
თუმცა, გაურკვეველია, ეს უკანონო ობიექტები საერთოდ როგორ გაჩნდა. ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ მათმა მფლობელებმა უბრალოდ აიღეს და სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე ღობეები დადგეს, და ამისთვის არავითარი უფლება არ მიუღიათ.
ახლახან ბაქოს წინა მერმა გაჯიბალა აბუტალიბოვმა თავისი თანამდებობა დატოვა და ვიცე-პრემიერი გახდა, ხოლო მერის მოვალეობის შემსრულებლად ელდარ აზიზოვი დაინიშნა.
სოციალური ქსელების მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ეს ორი ფაქტი – ქალაქის ხელმძღვანელის შეცვლა და უკანონო ნაგებობების აღება – ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.
„გაჯიბალაც ასე იწყებდა – წინა მერის დროს დადგმულ ყველა ჯიხურს იღებდა“, – იხსენებს ზოგი ათი წლის წინანდელ მოვლენებს.
„აზიზოვი აბუტალიბოვის „მართვის“ კვალს აქრობს, რათა თავისი საქმიანობის ველი გაისუფთავოს“, – ვარაუდობენ სხვები.