ტანგოს პირველი ფესტივალი ბაქოში
4 ოქტომბერს ბაქოში იწყება ტანგოს პირველი ფესტივალი, რომელიც ბაქოში არგენტინის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება – ფესტივალი სამ დღეს გაგრძელდება.
ფესტივალის ფარგლებში ბაქოს სხვადასხვა საცეკვაო დარბაზში უფასო სემინარები ჩატარდება – აზერბაიჯანელი, ქართველი და არგენტინელი ინსტრუქტორები ტანგოსა და არგენტინული ფოლკლორის ღია გაკვეთილებს გამართავენ, წარმოადგენენ ტანგო–პერფორმანსებს, ხოლო მსურველებს კერძო გაკვეთილებიც ჩაუტარდებათ – “ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა მილონგები – არგენტინური ტანგოს საღამოები – და ტანგო–მარათონი”, – წერს აზერ ტაჯი.
აზერბაიჯანელი ტანგოს მასწავლებლები ილჰამ ოსმანოვი და ალფია სულტანოვა, ასევე საქართველოს საცეკვაო სტუდიებიდან მოწვეული მასწავლებლები გაკვეთილებს ჩაუტარებენ როგორც დამწყებებს, ისე ამ ცეკვის შესრულების ტექნიკის უკვე მცოდნეებსაც.
მუსიკალური თვალსაზრისით, მილონგა უფრო სწრაფი ცეკვაა, ვიდრე ტანგო. მიიჩნევა, რომ მის წარმოშობას აფრიკული ფესვებიც აქვს. მილონგა, როგორც წესი, სწრაფი, ხალისანი და გასართობი ცეკვაა – სწრაფი ხაზოვანი წინსვლით.