ბაქოში პოლიციამ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების აქციაზე ერთი ადამიანი დააკავა
გაზიარება
გაზიარება
თითქმის ორი თვეა, ბაქოში ყარაბაღში დაღუპული ჯარისკაცების ნათესავების მიტინგები გრძელდება. გუშინ მომიტინგეებს პოლიციის მხრიდან პირველად შეხვდათ ფიზიკური წინააღმდეგობა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, თორღულ გოჯაევი, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 30 დღე-ღამით არის დაკავებული. მომიტინგეები დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული ნათესავების გამო, ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდას მოითხოვენ. ხელისუფლებას კი მიაჩნია, რომ მათ ეს კომპენსაცია არ ერგებათ.
კონფლიქტის მიზეზი
აპრილში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისთვის 11 ათასი მანათის (დაახლოებით $6470) ოდენობის ფულადი კომპენსაციის გადახდის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი. გადახდა 9 ოქტომბერს დაიწყო, მაგრამ ზოგიერთ ოჯახს დახმარების მიღებაზე უარი უთხრეს. ოფიციალური ვერსიით, მათ 90-იან წლებში კომპენსაცია უკვე მიღებული აქვთ, თუმცა ამის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი არ არსებობს. ამიტომ, 16 დეკემბრიდან დაწყებული, რამდენიმე ათეული ადამიანი პრეზიდენტის აპარატისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულების კარს ამტვრევს. ამ მიტინგებს აქამდე არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ერთ-ერთი ასეთი მიტინგის დროს ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააპატიმრეს.
ვითარება მწვავდება?
გუშინდელი მიტინგი წინა მიტინგების რიგიდან ამოვარდნილია. პირველად მოხდა, რომ ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. თვითმხილველების თქმით, როდესაც ისინი ის-ის იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციას უახლოვდებოდნენ, თორღულ გოჯაევთან ორი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი მივიდა, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.
მიტინგის სხვა მონაწილემ სევინაჯ გულუზადემ ვებგვერდ „კავკაზსკი უზელს“ განუცხადა, რომ ეს იქ მომხდარი ერთადერთი ინციდენტი არ იყო:
„წინათ ვიღაც მაინც გვისმენდა. ამჯერად კი პოლიციამ გზა გადაგვიკეტა და აპარატის შენობისკენ არ გვიშვებდა. დაიწყეს ჩვენი საპირისპირო მხარეს განდევნა. ერთი ქალბატონი ცუდად გახდა და დაეცა“, – ჰყვება გულუზადე.
ოფიციალური სტრუქტურების პოზიცია
დაპატიმრების აქტს ქალაქ ბაქოს საბაილის რაიონულ სასამართლოშიც ადასტურებენ, თუმცა სამართალდამცავი ორგანოები ამის შესახებ არანაირ სხვა კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება სიტუაციას მთლიანობაში, აი, რა განაცხადა ჯერ კიდევ ნოემბრის შუა რიცხვებში შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა საჰილ ბაბაევმა:
„ეს ადამიანები მოითხოვენ საბანკო დოკუმენტს, რომელიც 26 წლის განმავლობაში ვერ შეინახება. კანონის თანახმად, ამისთვის გათვალსიწინებულია 5-წლიანი ვადა, რის შემდეგაც ეს დოკუმენტები არქივს ბარდება და ნადგურდება. ვინც ამას არ ეთანხმება, შეუძლიათ საკუთარი უფლებები იურიდიულ სივრცეში დაიცვან. მათ შეუძლიათ, რომ სასამართლოს მიმართონ. ომში დაღუპულების თითოეული ჩვენგანისთვის წმინდა სახელით მანიპულირება უსამართლობაა“.