ბაქოში გერმანული ნაგვის შემგროვებელი მანქანები შემოიყვანეს
ბაქოში 10 გერმანული ნაგვის შემგროვებელი მანქანა შემოიყვანეს. მათ ქუჩებში სისუფთავის შესანარჩუნებლად გამოიყენებენ, და ეს ნაწილობრივ შეამსუბუქებს მეეზოვეების შრომას, რომლებიც ასფალტს ისევ ძველებურად, ხელით გვიან.
როგორც ბაქოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, მალე ასეთი ტექნიკის ახალ პარტიას მიიღებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავარი მაგისტრალური გზებისა და პროსპექტების დალაგება მთლიანად ავტომატიზებული გახდება. ეს იმ პროგრამის ფარგლებში ხდება, რომლის განსახორცილებლადაც ევროპელი ექსპერტები მოიწვიეს.
შესაძლოა, ამით ბოლო მოეღოს ხნიერი დამლაგებელი ქალების სიკვდილიანობას, რაც ბოლო ხანს იმდენად ხშირად ხდებოდა, და იმდენად მსგავსი სცენარით, რომ საზოგადოებაში უკვე „სერიულობაზე“ ალაპარაკდნენ. რამდენიმე დამლაგებელი ქალი სწრაფმავალ ავტომაგისტრალებზე დალაგების დროს ავტომობილებმა გაიტანა. ყოველ ჯერზე, როდესაც მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში მორი ამგვარი უბედური შემთხვევის შესახებ ჩნდებოდა ინფორმაცია, მოქალაქეები აღშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ ეს სირცხვილი და უმსგავსობაა, და რომ საჭიროა შესაბამისი ტექნიკის შეძენა. და აი, როდესაც ტექნიკა ბოლოს და ბოლოს გაჩნდა, უკმაყოფილებისთვის ახალი მიზეზი მოიძებნა.
„და ახლა რა, ეს ქალები უმუშევრად უნდა დარჩნენ? და თავი რით უნდა ირჩინონ?“
„ჰო, რა თქმა უნდა… ჯერ ამდენი ხალხი დახოცეს, ახლა კი მანქანები შემოჰყავთ…“
სოციალურ ქსელებში უკვე ამგვარი კომენტარები გაჩნდა.