თურქეთთან სოლიდარობის ნიშნად ბაქოში დოლარები დაწვეს
ბაქოში თურქეთის საელჩოსთან ბაქოს ომის ვეტერანთა საბჭოსა და ოსმალური აღორძინების მოძრაობის წარმომადგენლებმა, თურქეთთან სოლიდარობის ნიშნად, ამერიკული დოლარები დაწვეს.
ისინი სკანდირებდნენ ლოზუნგებს „გაუმარჯოს თურქეთს, გაუმარჯოს ერდოღანს!“, „ძირს დოლარები!“ და სხვა.
აქციის მონაწილეებს დიდი ზარალი არ უნახავთ, რადგან კუპიურები არა ნამდვილი, არამედ პრინტერით ამობეჭდილი ასლები იყო.
ეს აქცია თურქეთში, ანატოლიაში გამართული აქციის გამოძახილი იყო. ანატოლიაში, ბაზარში დოლარები დაწვეს მას შემდეგ, რაც თურქული ლირა დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.
ეს ყველაფერი ამერიკულ- თურქული ურთიერთობების გაუარესების ფონზე ხდება. ანკარამ უარი თქვა ჯაშუშობაში ბრალდებული ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე. ამ უარს ვაშინგტონმა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით უპასუხა.
რაც შეეხება ბაქოს, აქაური აქცია სოციალურ ქსელებში იუმორითა და სარკაზმით აღიქვეს. ინტერნეტ-მომხმარებლები წერდნენ:
„მორიგი იაფფასიანი სანახაობაა. ჩვენს „პატრიოტებს“ თავში მხოლოდ ერთი რამ მოსდით: გადაწვა, ამოხოცვა, დანგრევა, მაგრამ არა – შექმნა. ერთი ამათ უყურეთ, თურქეთის ეკონომიკის გაუმჯობესება მოინდომეს. საკუთარ ქვეყანაზე იფიქრონ“.
„ამერიკელებს მათთვის ერთი ორასი დოლარი რომ მიეცათ, ეგრევე ამერიკულ დროშებს ააფრიალებდნენ საელჩოსთან “
„გთავაზობთ, პროტესტის ნიშნად, მთელი დოლარები მე გადმომიგზავნოთ. ამ ვალუტას ვერც მე ვიტან, ეგრევე ფუნტებად გადავახურდავებ“.
სინამდვილეში, ლირის კურსის დაცემამ აზერბაიჯანელებზე სულ სხვაგვარად იმოქმედა – ბაქოელებმა გადამცვლელ ჯიხურებს მიაკითხეს და დოლარების მომარაგება დაიწყეს. ამ ქვეყანას დევალვაციის ორი მწარე გამოცდილება აქვს. აქ შიშობენ, რომ შესაძლოა, მათ ქვეყანაში დოლარი მკვეთრად გაძვირდეს.